შაბათი, ივლისი 4, 2026

არჩილ თალაკვაძე: პარტიები, რომლებიც იქცევიან უპასუხისმგებლოდ, დეზინფორმაციის და ტალახის სროლის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, არ იმსახურებენ ადგილს მომავლის პოლიტიკაში

თქვენ ამ არჩევნებში გაქვთ საშუალება, აირჩიოთ თქვენი ქვეყნისთვის ყველაზე ეფექტური წარმომადგენლები, გაქვთ ასევე საშუალება, რომ ხმა მისცეთ უფრო სტაბილურ, მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს საზოგადოებას, ასევე გაქვთ შანსი, რომ პოლიტიკური ველიდან გაიყვანოთ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები, რომელსაც საზოგადოებამ უარი უთხრა 2012 და 2016 წლების არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აბაშაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ პარლამენტის მოწვევა და მისი დაკომპლექტება.

„ეს არჩევნები ჩვენს ქვეყანას აძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო სტაბილური, კიდევ უფრო საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემა ჩამოაყალიბოს იმასთან ერთად, რომ თქვენ ამ არჩევნებში გაქვთ საშუალება, აირჩიოთ თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი ქალაქის და თქვენი სოფლებისთვის ყველაზე ეფექტური წარმომადგენლები, თქვენ გაქვთ ასევე საშუალება, რომ ხმა მისცეთ უფრო სტაბილურ, უფრო მშვიდ და უფრო საქმიან პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს საზოგადოებას, თქვენ ასევე გაქვთ შანსი, რომ პოლიტიკური ველიდან გაიყვანოთ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები, რომელსაც საზოგადოებამ უარი უთხრა 2012 და 2016 წლების არჩევნებში. რასაკვირველია, დღეს მათ დაბრუნების შესაძლებლობა არც აქვთ, მაგრამ პარტიები, რომლებიც იქცევიან უპასუხისმგებლოდ და დეზინფორმაციის და ტალახის სროლის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, არ იმსახურებენ ადგილს მომავლის პოლიტიკაში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ზუსტად ამ სივრცეს, რომელსაც გამოათავისუფლებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტური სისტემა, დაიკავებს უფრო ჯანსაღი ოპოზიცია. „ქართული ოცნება“ არის მთლიანად ორიენტირებული მომავალზე, აქვს ხედვა, ჰყავს გამოცდილი გუნდი ბატონი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. ჩვენ წარვადგინეთ პროგრესული საპარლამენტო გუნდიც, ახალგაზრდა, წარმატებული ადამიანები, რომელთაც ზურგს კარგი განათლება, წარმატებული გამოცდილება და სამშობლოს სიყვარული უმაგრებს.

პირველ რიგში, მინდა მივმართო საზოგადოებას, ვისაც მომავალი აინტერესებს: ჩვენ მაქსიმალურად ამ არჩევნებით გავხსნით კარს ახალი შესაძლებლობისთვის, მეტ ახალგაზრდას შევუქმნით საშუალებას, რომ ჩაერთოს ბიზნესში, შექმნას საკუთარი შემოსავალი და საკუთარი ოჯახის ეკონომიკა. მეტ ახალგაზრდას მივცემთ საშუალებას, რომ თავისი კარიერა დაიწყოს საჯარო სამსახურში და ამის მაგალითი და მთავარი მხარდამჭერები სწორედ აქ იმყოფებიან, ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც უკვე არაერთ ადამიანს, არაერთ ახალგაზრდას, მათ შორის, თქვენს მუნიციპალიტეტში, მიეცა საშუალება, რომ ჩაერთოს პოლიტიკაში და თავისი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს. მე მინდა, მივმართო ხანდაზმულ ადამიანებს, ჩვენი საზოგადოების ღირსეულ წევრებს, რომლებმაც წლების განმავლობაში იშრომეს და საქართველო, ჩვენი კულტურა და მომავლის იმედი და ოპტიმიზმი გადმოსცეს ჩვენს თაობას. თქვენ იმსახურებთ და თქვენ აუცილებლად იცხოვრებთ იმ სახელმწიფოში და იმ საქართველოში, რომელზეც წლების განმავლობაში ოცნებობდით, როდესაც შრომობდით და როდესაც იბრძოდით უკეთესი მომავლისთვის. მინდა, მივმართო ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, მივმართო ქალებს, რომლებიც დღეს აქტიურნი არიან და აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, და უკვე, პოლიტიკაშიც, ჩვენ შევცვალეთ კანონმდებლობა და გავაძლიერეთ გარანტიები, რომ მეტი ქალი ჩაერთოს პოლიტიკაში, მეტი ქალი ჩაერთოს საკრებულოს საქმიანობაში, ბიზნესში და უფრო წარმომადგენლობითი, უფრო სოლიდური შემადგენლობა ჰყავდეთ პარლამენტში. ნახეთ, რომ საპარლამენტო პროპორციულ სიაში უკვე ქალთა და მამაკაცთა წარმომადგენლობა თანაბრდება. ამას რატომ აქვს მნიშვნელობა? იმიტომ, რომ თქვენ საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი გქონდათ ყოველთვის და მომავალშიც გამორჩეული ადგილი გექნებათ. რაც მთავარია, იმ დარგის პროფესიონალებს, ვინც აქ იმყოფებით, ექიმებს, ფერმერებს, პედაგოგებს, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებულ თანადგომას და გვერდით დგომას ვუცხადებთ ექიმებს, ექთნებს და ეპიდემიოლოგებს, ვინც ახლა დგანან პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ ბოლომდე, რა შესაძლებლობაც გვექნება, მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ მათ და დავაფასებთ მათ შრომას, ვინაიდან საქართველომ მართლაც შეძლო, სამაგალითო ყოფილიყო პირველი ყველაზე სახიფათო ეპიზოდის დროს, როდესაც ქვეყანაში და მსოფლიოში მაღალი რისკები არსებობდა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

და ბოლოს, მსურს, მხარდაჭერა გამოვთქვა მეც და შევუერთდე პრემიერ-მინისტრის და გენერალური მდივნის სიტყვებს, ბატონ ალექსანდრე მოწერელიას, რომელიც მართლაც გამოცდილი საჯარო მოხელე და პოლიტიკოსი გახლავთ. მას არ დასჭირდება კანონმდებლობის ხელახალი შესწავლა, არ დასჭირდება, რომ გაერკვეს თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ბიუჯეტი ისე, რომ ყველა პრობლემას დაეთმოს იქ ყურადღება, არ დასჭირდება კონტაქტების ხელახლა ძიება ბიზნეს-სექტორთან და სხვადასხვა პროფესიულ წრეებთან. ის ზუსტად ამ გამოცდილებით მოდის უკვე საპარლამენტო პოლიტიკაში და ის შეძლებს ყველაზე სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას ჩვენი საზოგადოების, თქვენი კუთხის პრობლემები. მინდა, მას გამარჯვება ვუსურვო, გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, აბაშას და ერთად საქართველოს წარმატებისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალი მოჯანი: ფერეიდანში დამზადებული ქართული სამოსი ორ ერს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირის სიმბოლოა

,,ტანსაცმელი, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, მხოლოდ ტრადიციული სამოსი არ არის — ის ირანსა და საქართველოს საერთო ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთზე მოგვითხრობს. რამდენიმე დღის წინ პატივი მქონდა, ეს ძვირფასი სამოსი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნისთვის გადამეცა. ეს სამოსი შექმნა ფერეიდანში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველმა ირანელმა ხელოვანმა, გვარად ესპინაშვილმა. ნამუშევარი დამზადდა ისპაჰანის პროვინციის ფერეიდანის რაიონის გამგებლის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, რომელიც თავადაც წარმოშობით ქართველია. ჩემთვის ეს საჩუქარი მხოლოდ ხელოვნების ნიმუში არ ყოფილა — იგი ორ ერს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირის სიმბოლოა. ფერეიდანში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ირანელები ერთგვარი ცოცხალი დერეფანია ირანსა და „შუა დერეფანს“ შორის — უნიკალური კულტურული კაპიტალი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ხალხების დაახლოებაში არანაკლები როლი შეასრულოს, ვიდრე ნებისმიერ ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტს. საქართველოში ბევრს სმენია ფერეიდანისა და ირანში მცხოვრები ქართველების შესახებ, თუმცა ძალიან ცოტას თუ მოუნახულებია ეს რეგიონი. შესაძლოა, დადგა დრო, ეს საერთო მემკვიდრეობა კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას. ამასთან დაკავშირებით, მსურს თქვენი აზრი მოვისმინო ორ კითხვაზე: 1. თქვენი აზრით, საქართველოს მთავრობის რომელ მაღალჩინოსანს გადაეცა ფერეიდნელი ქართველების მიერ დამზადებული ეს სამოსი? 2. მიუხედავად იმისა, რომ ირანსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლაა, რატომ სტუმრობს ფერეიდანსა და ირანში მცხოვრებ ქართველთა თემს საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ მცირე ნაწილი? მოუთმენლად ველი თქვენს მოსაზრებებსა და პასუხებს. შესაძლოა, სწორედ ამ დისკუსიამ შეუწყოს ხელი ირანსა და საქართველოს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კულტურული ხიდის უკეთ გაცნობასა და დაფასებას''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

„მიყვარხართ! მიყვარხართ!“ – გიგა ავალიანის დედის რეაქცია პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიასთვის ბრალდების წარდგენას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.ეკა კუპატაძემ „ქრონიკისგან“ სატელეფონო საუბარში შეიტყო, თუ რომელი მუხლით წარედგინა ბრალი გიორგი მალანიას.„მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!", - ასეთი იყო ეკა კუპატაძის რეაქცია პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაზე.„პროკურატურამ მიიღო დიახ, სწორი გადაწყვეტილება. საქმე გაჯერებულია უხვად პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით, მყარი, უტყუარი მტკიცებულებებით. შესაბამისად, მე პროკურატურისგან ამ სწორ გადაწყვეტილებას ნამდვილად ველოდი“, - განუცხადა ეკა კუპატაძემ სატელეფონო საუბარში „ქრონიკას“.როგორც ცნობილია, გიორგი მალანია 1 ივლისს დააკავეს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მას ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა. თუმცა, დღეს პროკურატურამ გიორგი მალანიას ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა.

რომის პაპი – 4 ივლისის ისტორიული თარიღი გვაძლევს შესაძლებლობას, დავფიქრდეთ ერის დამფუძნებელ პრინციპებზე იმ იმედით, რომ ამერიკა ერთგული დარჩება ოცნების, რომელმაც მას თავისუფლების მიწის...

ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოყალიბებაში ემიგრანტების თანმიმდევრულმა ტალღებმა თავისი როლი ითამაშა, – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო მე-XIV ფილადელფიაში, ეროვნული კონსტიტუციის ცენტრში ვატიკანიდან ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.როგორც ლეო მეთოთხმეტემ აღნიშნა, აშშ 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, როდესაც 1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.რომის პაპის თქმით, სიტყვა „ამერიკა“ გლობალურად „თავისუფლების სინონიმია“ იმის გამო, თუ როგორ მიიღო ქვეყანამ იმიგრანტები.„ეს ისტორიული წლისთავი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ერის დამფუძნებელ პრინციპებზე იმ იმედით, რომ ამერიკა სამუდამოდ ერთგული დარჩება იმ ოცნების, რომელმაც მას თავისუფლების მიწისა და მამაცთა სამშობლოს ტიტული მოუტანა. ერის მორალური სიდიადე, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება მის უნარში, მხარი დაუჭიროს, დაიცვას და დააფასოს ყველას სიცოცხლე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველთა და მათი, ვისი ღირებულებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა“, – აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა.ტრამპმა გააკრიტიკა რომის პაპ ლეოს შეხედულებები და მას „დანაშაულთან დაკავშირებით სუსტი და საგარეო პოლიტიკისთვის საშინელი“ უწოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ის „პაპ ლეოს გულშემატკივარი არ არის“ და უარყო მისი შეხედულებები, რომ ირანთან ომი „სამართლიანი“ არ არის.

ალი მოჯანი საქართველოს პრეზიდენტის ჟესტზე: „მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება“

ალი მოჯანი საქართველოს პრეზიდენტის ჟესტზე: „მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება“,,მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება სამუდამოდ. საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიას. ეს ნაბიჯი დიპლომატიურ ჟესტზე მეტად გახლდათ პატივის მიგება მრავალათასწლოვანი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე ერისადმი. ირანელი ხალხი ასევე ყოველთვის ღრმა პატივისცემით ეკიდებოდა ქართველი ხალხის ისტორიას, კულტურასა და ეროვნულ იდენტობას. ირანსა და საქართველოს — ორ უძველეს ქვეყანას კავკასიის ორ მხარეს — საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან აკავშირებდათ საერთო მოგონებები, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობები და საერთო ბედისწერა. ამ ურთიერთობების მნიშვნელობა მხოლოდ ლხინის დროს არ ვლინდება; მათი ნამდვილი ღირებულება სწორედ გლოვისა და თანაგრძნობის დღეებში ჩანს. ურთიერთპატივისცემა არის ხიდი, რომელიც ნებისმიერ განსხვავებაზე უფრო მტკიცე და ხანგრძლივია. ორი ქვეყნის ურთიერთობების მომავალიც სწორედ ამ ფასდაუდებელ საფუძველზე აშენდება — საფუძველზე, რომელსაც ჰქვია „ხალხთა ღირსების პატივისცემა“. დაე, ირანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა, ისევე როგორც ამ ორი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მტკიცე და მარადიული დარჩეს''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს – „ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში პასუხისმგებლობა გვაკისრია“

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს.მისივე თქმით, ეს არის უდიდესი ძალისხმევა, რაც კი ოდესმე გაწეულა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.„ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში პასუხისმგებლობა გვაკისრია“, – განაცხადა მერცმა.მანამდე ტრამპმა თავის სოციალურ მედიაპლატფორმაზე დაწერა, რომ შეერთებული შტატებისთვის აბსურდულია ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება. ტრამპმა სოციალურ წსელში ასევე დაწერა, რომ გერმანიის ხარჯები „2014-2025 წლებში გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე აშშ-ის ან ნატო-ს სხვა მოკავშირეების“.ცნობისთვის, მომავალ კვირას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატო-ს ლიდერების, მათ შორის ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი.

ბოლო სიახლეები