კვირა, მარტი 15, 2026

პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით 2 პირი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების ბრალდებით 2 პირი დააკავა. ინფორმაცია უწყებაში ჩატარებულ ბრიფინგზე გაჟღერდა.

დაკავებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ი.მ. და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნ.ი.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიებამ, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა 60-მდე პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის საქართველოს ეროვნული არქივიდან, საჯარო რეესტრის, სასაზღვრო პოლიციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული ბიბლიოთეკიდან, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი:
საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი რამოდენიმეჯერ შეიცვალა და საბოლოოდ 1938 წელს ორმხრივად შეთანხმდა.
კერძოდ, 1938 წლის მარტში, საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენის აუცილებლობა, რა მიზნითაც 1994 წელს შეიქმნა საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია.
1996 წლის ივნისში, საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა 1938 წელს მათ შორის ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.
საქართველოს სამთავრობო კომისიის ერთ-ერთ წევრი და ამავდროულად ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ი. მ. და მასთან ერთად ამ პროცესს წარმართავდა კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი ნ. ი. ხსენებული პირები, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის განხორციელების მიზნებისათვის, ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ შესაბამისი რუკები და სხვა მასალები, მოეხდინათ მათი შეჯერება, ანალიზი და მათ საფუძველზე შეედგინათ საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს შესაბამისი აუცილებელი საექსპერტო კვლევების ჩატარება და ასევე აღნიშნულ პროცესში არ ჩართეს კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტები.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ბრალდებულთა მიერ შედგენილ ალბომებში ხდებოდა მათ მიერვე შეთანხმებული საზღვრის ამსახველი მონაკვეთების დატანა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ორ სახელმწიფოს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, საზღვარზე მოლაპარაკება-შეთანხმების პროცესის ძირითად სახელმძღვანელო მასალას.
ბრალდებულებს ევალებოდათ შეექმნათ კონსტიტუციურ პრინციპებზე და რელევანტურ კარტოგრაფიულ მასალაზე დაფუძნებული რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს რეალური, ისტორიული საზღვარი (1938 წ) რაც გახდებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნ.ი-ს სამუშაო კაბინეტში.
აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომი იყო დასახელებული რუკის მხოლოდ ასლი და მათ მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ მომხდარიყო ამ რუკის გამოყენება საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ბრალდებულები იმ მიზეზით რომ არ არსებობდა რუკის დედანი, მისი ასლი კი არ იყო ავთენტური დოკუმენტი, ეწინააღმდეგებოდნენ მის გამოყენებას.
ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
კერძოდ: ი.მ.-მ და ნ.ი.-მ დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ გამოძიებას არ გადასცა მის ხელთ არსებული 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი მასშტაბის რუკები, რომლებიც მან საზღვრების დელიმიტაციის პროცესში რეალურად გამოიყენა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული მასალების მოპოვება გამოძიებამ მხოლოდ ი.მ-ს კუთვნილ სამუშაო ოთახში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად შეძლო.
მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მოიპოვა 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, მათი შესწავლისა და შეთანხმებულ საზღვრის ხაზთან დადარების მიზნით, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც ჩართული იქნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის წამყვანი ექსპერტები.
მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
ჩატარებული ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ 1:500 000 მასშტაბში მომზადებული ამონახაზი, რომლითაც ბრალდებულების განმარტებით ხელმძღვანელობდნენ საზღვრების დელიმიტაციისას და ეს იყო მათი ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, როგორც კარტოგრაფიული პროდუქტი, ვერ გამოდგება შესასრულებელი კარტოგრაფიული სამუშაოს საფუძვლად, რადგან ასეთი ამონახაზები არ მოიცავს სრულფასოვან ტოპოგრაფიულ ინფორმაციას, მასზე არ არის დატანილი ადგილმდებარეობის გეოგრაფიული ობიექტები და ტოპოგრაფიული ელემენტები (მწვერვალები, მყარი წერტილები, სიმაღლითი ნიშნულები, გზათა გადაკვეთები, დასახლებული პუნქტები, და სხვა).
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

ი.მ-ს და ნ.ი-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე. საგამოძიებო უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტყიბულის მერი: სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა- ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი  ექიმები და ფსიქოლოგები მოსახლეობას ეხმარებიან… ქუთაისი-ტყიბულის გზა ისევ გადაკეტილია

12 მარტს განვითარებული სტიქიური პროცესების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, დაზიანდა სასაფლაო და გზა. სოფელში მცხოვრები 45 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი.„სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია. ადგილზე რჩებიან გეოლოგების ჯგუფები და მიმდინარეობს კვლევა. საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია და აქ გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ტერიტორია ისევ რჩება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად და გადაადგილება აკრძალულია. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით გუშინ ჩატარდა სამედიცინო კვლევები, გამოგზავნეს ექიმთა ჯგუფები, ასევე არიან ბავშვთა ფსიქოლოგები. ეს აქცია დღესაც გრძელდება და უკვე მესამე ლოკაციაზე გვექნება დღეს შეხვედრები მოსახლეობასთან. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ თავის შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისგან, რათა მათი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“, - განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა.

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის შესახებ „ტყუილების გავრცელების გამო“

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ხელმძღვანელმა ამერიკული მაუწყებლები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებისა დროს „ტყუილებისა და დამახინჯებული ახალი ამბების“ გავრცელებაში დაადანაშაულა.ბრენდან კარმა, რომელიც კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარეა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში „ყალბი ამბები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ მაუწყებლობის ინდუსტრია „გეზს არ გამოასწორებს“, მათ შესაძლოა, მაუწყებლობის ლიცენზიები გაუუქმდეთ.„მაუწყებლებმა უნდა იმოქმედონ საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ ლიცენზიებს“, – თქვა კარმა.მის ჩანაწერს ერთვოდა სოციალურ ქსელში, „თრუს სოშიალში“ დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ის ამერიკული მედიის ნაწილის მიერ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებას „შეცდომაში შემყვანსა“ და „საშინელს“ უწოდებს.

ჰაკან ფიდანი – აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ თუ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განაცხადებით, თუ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს.„სამწუხაროდ, ჩვენი თავდაპირველი გაფრთხილებები და ანალიზი ომის დაწყებამდე რეალისტური აღმოჩნდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ომი, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ომის შემდგომ გავრცელებას ვიხილავთ. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რომ თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი, თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია, შეიძლება, სრულიად უმართავი  გახდეს. ამას აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი“, – განაცხადა ფიდანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარის შეტევები „საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ საბრძოლო მოქმედებები ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას“. ფიდანმა იმედი გამოთქვა, რომ „ეს მდგომარეობა მუდმივ ხასიათს არ მიიღებს“.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს კომპრომისზე წასვლას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამით მან კომენტარი გააკეთა იმ ინციდენტებზე, როდესაც ირანიდან გაშვებული რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს.„ჩვენი გულწრფელი ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, ასევე ჩვენი გაგება და კონსტრუქციული მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კომპრომისზე წავალთ. როგორც იცით, კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნისკენ იყო მიმართული, ჰაერში განეიტრალდა. ამ სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ ირანელ კოლეგებთან“,- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ამასთან, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, მიუხედავად შესაძლო პროვოკაციებისა.

დონალდ ტრამპი – მოვისმინე, რომ მოჯტაბა ხამენეი აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ცოცხალია, თუმცა მისი სიკვდილის შესახებ ცნობებს „ჭორები“ უწოდა.„არ ვიცი, საერთოდ ცოცხალია თუ არა. ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება“, –  განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „ენბისისთან“ სატელეფონო ინტერვიუში.„მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია,“ – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.მოჯტაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად 8 მარტს დაინიშნა, თუმცა მას შემდეგ არცერთი ვიდეო ან აუდიოჩანაწერი არ გავრცელებულა, სადაც ის თავად ჩანს. ამ კვირის ბოლოს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მისი მიმართვა გაავრცელა, თუმცა ტექსტი წამყვანმა წაიკითხა.ზოგიერთი ინფორმაციით, ხამენეი, შესაძლოა, დაჭრილი იყოს. ეს ცნობები ოფიციალურად დადასტურებული არ არის.13 მარტს აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა  განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეი „დაჭრილია და, სავარაუდოდ, დასახიჩრებული“.

დონალდ ტრამპი – ზელენსკისთან შეთანხმება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „შეთანხმება ბევრად უფრო რთულია“, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.ტრამპმა კითხვას უპასუხა, რომელიც რამდენიმე ევროპელი ლიდერის მიერ აშშ-ის მხრიდან რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკას ეხებოდა.ცნობისთვის, აშშ-მა დროებით დაუშვა იმ რუსული ნავთობის გაყიდვა, რომელიც უკვე ტანკერებზეა, რათა შემცირდეს ენერგომატარებლების ფასები, რომლებიც მკვეთრად გაიზარდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.ტრამპმა განაცხადა, რომ მას „მხოლოდ მსოფლიოსთვის ნავთობის მიწოდება სურს“.მისივე განმარტებით, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაუყოვნებლივ დაბრუნდება, როგორც კი კრიზისი დასრულდება. შემდეგ კი მან უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა.„მიკვირს, რომ ზელენსკის არ უნდა შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, წავიდეს შეთანხმებაზე, რადგან პუტინს უნდა შეთანხმება“, – თქვა ტრამპმა.ამავე ინტერვიუში ტრამპმა უარყო უკრაინის შეთავაზება, დაეხმაროს აშშ-ს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში.მან განაცხადა, ზელენსკი ბოლო ადამიანია, რომლისგანაც ვაშინგტონს დახმარება სჭირდება.ტრამპს ასევე სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ცნობებზე, რომ რუსეთი ირანს აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმებისთვის.„შესაძლოა, რუსეთი აწვდის ინფორმაციას, შესაძლოა – არა“, – თქვა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ მისი ქვეყანა „იმავეს აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ“:„ჩვენც ვაძლევთ გარკვეულ ინფორმაციას უკრაინას და ვცდილობთ მშვიდობის დამყარებას ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები