მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტების მართვა უნდა მოხდეს ბინაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იზოლაციაში ყოფნის ელემენტარული წესების დაცვის შესაძლებლობა, ჩვენ შევქმენით კოვიდ-სასტუმროები, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„კლინიკურ მართვაში ჩვენ შევიტანეთ სერიოზული ცვლილებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან. კერძოდ, მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტების მართვა უნდა მოხდეს ბინაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იზოლაციაში ყოფნის ელემენტარული წესების დაცვის შესაძლებლობა, ჩვენ შევქმენით კოვიდ-სასტუმროები. როგორც კი მათ უჩნდებათ სიმპტომები, ერთვება გამოვლენის პირველი ეტაპი, ტესტირება და ადამიანები ექვემდებარებიან სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს სამედიცინო სისტემის კრიტიკული და მძიმე პაციენტების მართვის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში სრულიად მზადაა. ამისთვის არის შექმნილი კლინიკური ჯგუფიც, რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფი, რომელიც სრულად მართავს ამ პროცესს“, – განაცხადა გახარიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.