შაბათი, აპრილი 11, 2026

გიორგი გახარია – სახელმწიფო ტექნოლოგიურად, ცოდნით, ფინანსებზე წვდომით თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით და გვექნება შედეგი

უაღრესად სასიამოვნოა ასეთ თბილ გარემოში, ზუგდიდში, თან ასეთი მნიშვნელოვანი მიზეზით შეკრება. თხილი სამეგრელოსთვის მიუხედავად იმისა, რომ აქ საქართველოს ბევრი რეგიონიდან ვხედავ სტუმრებს და მარტო სამეგრელოში არ იზრდება თხილი, გურიაშიც მოჰყავთ, აჭარაშიც, კახეთშიც, იმერეთშიც, ყველაზე კარგი თხილი და ყველაზე ბევრი მაინც სამეგრელოში მოდის. ამიტომ ეს დღესასწაული, ეს ფესტივალი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამეგრელოში და უნდა იყოს ზუგდიდში, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თხილის ფესტივალთან“ დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეთხილეობა საქართველოს ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი იყო ეპიდემიოლოგიურად რთული და ბევრი შეზღუდვები იყო, სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთი დღითაც არ გაჩერებულა.

„არის რაღაცები, რაზეც მოგვიწევს შეთანხმება და ფიქრი, მაგალითად, ბევრი ვიმსჯელეთ იმაზე, რა უნდა დაერქვას ამ ღონისძიებას. აგერ, ბატონმა ბრძანა, რომ „თხილობაო“, ზოგმა თქვა, რომ „თხირიშ კოროფუა“ უნდა დავარქვათო და ამიტომ ახლა შეიძლება „თხილობა“ დავარქვათ, მაგრამ „კოროფუა“ იქნება ეს ყოველთვის აქ, ზუგდიდში, ამიტომ მთავარია, რომ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ქართველი ფერმერი, მეთხილეობა არის ამ კუთხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ საქართველოს ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი იყო რთული, მე ვამბობ, მხოლოდ ეპიდემიოლოგიურად, ბევრი შეზღუდვები გვქონდა, ეკონომიკურადაც კრიზისი იყო, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არ გაჩერებულა არც ერთი დღით. ამიტომ, როგორც შედეგი, დღეს ჩვენ გვაქვს და მე მინდა, ჩამოვთვალო, ატმის მოსავალი კახეთში, ატმით დავიწყეთ და ატმის მოსავლის ექსპორტი ქვეყნიდან გაზრდილი არის დაახლოებით ორჯერ, დაახლოებით 20 000 ტონა ექსპორტი მოხდა, შარშან იყო დაახლოებით 10 000-ზე ცოტა მეტი. ახლა მივდივართ – ვაშლი შიდა ქართლში, ქართლში უახლოეს პერიოდში დაწყება ვაშლის აღება და წელსაც სამჯერ მეტი მოსავალი გვექნება, 120 000 ტონას ვუყურებთ დაახლოებით, ასეთი პროგნოზი გვაქვს. ახლა ვართ სამეგრელოში და თხილის აღება უკვე დაწყებულია, რასაც ეძღვნება ეს ჩვენი ღონისძიება და მოგეხსენებათ, საპროგნოზო ციფრები დღეს არის დაახლოებით 50 000 ტონა. 50 000 ტონა ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი იქნება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2016 წლის შემდგომ, როდესაც ფაროსანას ეპიდემია დაიწყო სამეგრელოში, აშკარა პროგრესია და ფაროსანასთან ბრძოლა ქვეყანაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება, მავნებლებს ებრძოლონ მსოფლიოში.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს არ არის კატასტროფულად დიდი ციფრი იმასთან შედარებით, რა დღეშიც იყო ეს დარგი ორი, სამი, ოთხი წლის წინ, 2016 წლის შემდგომ, როდესაც ფაროსანას ეპიდემია დაიწყო სამეგრელოში, ჩვენ, რა თქმა უნდა, აშკარა პროგრესი გვაქვს. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაროსანასთან ბრძოლა ქვეყანაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება, მავნებლებს ებრძოლონ მსოფლიოში და ეს აღიარებულია საერთოდ, რადგან არიან ქვეყნები, ბევრად უფრო განვითარებულები, რომლებიც ათწლეულობით ებრძვიან ფაროსანას და ჯერ ბოლომდე ვერ გაუმკლავდნენ. საქართველოში დაგვჭირდა სამი-ოთხი წელი. რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე ეს დამარცხებული არ არის, მაგრამ ამას რომ დაემატა გლეხში, ფერმერში უფრო მეტი ცოდნა, მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, მაგალითად, დღეს ბიჭებთან ერთად ვსაუბრობდი, თხილში რომ შეხვიდოდი, ცა არ ჩანდა საერთოდ, სიბნელე იყო, დაჩრდილული ყველაფერი, ახლა თხილის ბაღებში რომ შედიხარ, გიხარია. ცოდნა, ერთობლივი მუშაობა სახელმწიფოსა და ფერმერის, კოოპერატივებისა და ასოციაციის და გვექნება შედეგი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ორგანიზებულობისთვის მადლობა გადაუხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციას, ხაზი გაუსვა კოოპერირებას და აღნიშნა, რომ საქართველოს მარტივად შეუძლია, კარგი და ეფექტური მუშაობით, თხილის ექსპორტი გააორმაგოს.

„ამ ქვეყანას მარტივად შეუძლია, კარგი და ეფექტური მუშაობით, თხილის ექსპორტი გავაორმაგოთ. ჩვენს ქვეყანაში, 100 000 ტონა ხარისხიანი თხილი უნდა მოვიყვანოთ. ამისთვის ბაღებია გასაშენებელი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ უფრო ეფექტურად, ჰექტრიდან მოსავალი უნდა გავზარდოთ. ამისთვის გვჭირდება ცოდნა, ტექნოლოგიები. მინდა, მადლობა გადავუხადო ასოციაციას, პირველ რიგში, ამ ღონისძიების მოწყობისთვის. მე როგორც ვიცი, დღეს ასოციაციას 25 000 წევრი ჰყავს და მინდა, გითხრათ, რომ არც ერთ რეგიონში, არც ერთ დარგში ისეთი ორგანიზებული ასოციაცია, როგორიც არის მეთხილეობაში, საქართველოში არ არის. მეთხილეობაში ეს კოოპერირებაც და ასოციაციის მუშაობაც იყო ძალიან ეფექტური და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ერთობლივი მუშაობით, დღეს შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად პანდემიისა, ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იზრდება და ეს ფაქტია.

„საბოლოო ჯამში, აქ, ყველა უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე. უნდა ვიცოდეთ, რომ სისტემური ცვლილებები, რეფორმები არის სახელმწიფოს გასატარებელი. სახელმწიფო, ტექნოლოგიურად, ცოდნით, ფინანსებზე წვდომით თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით და ფერმერმა, თავისი კეთილსინდისიერი და ეფექტიანი შრომით, საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი, რეგიონი და ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი და ამისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ ისე, როგორც შრომობდით თხილის სექტორში ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ, სოფლის მეურნეობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ძალიან კარგად გახდა ნათელი, ამ პანდემიის დროს, როდესაც ელემენტარული, პირველადი მოთხოვნის პროდუქტების იმპორტი ქვეყანაში სისტემურად გახდა პრობლემა. დღეს, ერთობლივი მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იზრდება და ეს ფაქტია. ამიტომ აქ თხილი თავის სერიოზულ ნიშას დაიკავებს და რაც მთავარია, მინდა, გისურვოთ მშვიდობა და ეფექტიანი, ყოველდღიური შრომის შედეგი გვენახოს თითოეულ ჩვენგანს და რა თქმა უნდა, რწმენა. არაფერი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავალი და ამის შემდეგ სიამაყის გრძნობაა, არ არის. სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო, ჩათვალეთ, რომ სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს, რიგით ფერმერებს ვეუბნებოდი, თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. იმიტომ, რომ არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რიგით ადამიანს რომ ემსახურო. დღეს, თხილის დარგში შედეგი სახეზეა. თითოეულ ფერმერს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს კულტურა მოჰყავს, შეუძლია, ამით იამაყოს. წარმატებას, გამარჯვებებს გისურვებთ და გისურვებთ, რომ უახლოეს სამ-ხუთ წელიწადში თხილის ექსპორტი საქართველოდან გაგვეორმაგებინოს. ჩვენ, ყველას ეს შეგვიძლია. ახლა, სიტყვა მინდა, გადავცე ლევან დავითაშვილს, რომელიც ის ადამიანია, რომელმაც 2016-2017 წლიდან ფაროსანასთან დაკავშირებით დავალება მიიღო და უაღრესად ეფექტურად, რამდენიმე წელი იმუშავა და დღეს ჩვენ გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს. ძალიან კარგად მახსოვს, ასოციაციასთან ერთად, ბოლო პერიოდში, ეს შესაწამლი, დასამუშავებელი აპარატები, რა ენერგია, მუშაობა დაგვიჯდა, რომ მაქსიმალურად, თითოეული ფერმერის ოჯახში მიგვეტანა. ეს ლევანის დამსახურებაა“,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ფესტივალის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა მარიკა ოლსონმა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ. სტუმრებმა დადიანების სასახლის ეზოში „თხილის ფესტივალის“ ფარგლებში ორგანიზებული გამოფენა დაათვალიერეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია

აღდგომა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ხალხში ყოველთვის უამრავი ტრადიცია ახლდა, მათ შორის - კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა, რასაც დღემდე ყველა ქრისტიანულ ოჯახში ასრულებენ.გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღსდგა! ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება, - უპასუხა იმპერატორმა, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და გაწითლდა.ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.რაც შეეხება კვერცხების დარტყმას, ევროპელმა მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ, საიდან მოდის და რას გულისხმობს ეს ტრადიცია.მანამდე არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაპრებს სადღესასწაულო სუფრა ღმერთისთვის განკუთვნილ წმინდა ადგილად მიაჩნდათ, აქედან გამომდინარე, კვერცხების ერთმანეთზე მირტყმა, სიმბოლურად, ქრისტესთან მისალმებას უნდა ნიშნავდეს.კიდევ ერთი ვერსია გვამცნობს, რომ სანამ კვერცხებს მიარტყამდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა მათი ოჯახები თესვის დასაწყებად. ოჯახის უფროსს, რომლის კვერცხიც ტყდებოდა, ახალს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს გაძლიერება სჭირდება.ვერსიების შეგროვებისა და ძველი მითოლოგიის საკითხების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რიტუალი სრულიად სხვა, განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება.მოგეხსენებათ, რომ აღდგომა გაზაფხულის დღესასწაულია და სწორედ იმ დროს დგება, როცა ყინული ტყდება და მის ქვეშ მიწა გამოცოცხლებას იწყებს.მეცნიერების აზრით, კვერცხების მირტყმის ტრადიცია სწორედ ყინულის ტყდომას და ხანგრძლივი ძილისგან გამოღვიძებას ნიშნავს.კვერცხის გატეხით თითქოს სიცოცხლეს ვათავისუფლებთ ყინულის მარწუხებიდან.

სააღდგომო კვერცხის ჯადოსნური შესაძლებლობები – გადმოცემები წინაპრებისგან

სააღდგომო კვერცხები დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია.  მაგალითად, ახალგაზრდა მარტოხელა გოგონას  უნდა აჩუქოთ საქორწინო ბეჭდების ნიმუშით მოხატული კვერცხი, რომელიც უახლოეს მომავალში მოუტანს მას სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას.ადამიანების სურვილებს დიდი ძალა აქვს, მით უმეტეს, თუ მათ სურთ რაღაც საყვარელი ადამიანისთვის და არა პირადად საკუთარი თავისთვის. მაგალითად, წყვილს, რომელიც ბავშვზე ოცნებობს, დასახმარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შეღებილი სააღდგომო კვერცხი. ძნელი არ იქნება სწორად შერჩეული ნახატის ყიდვა და უბრალოდ შეღებილ კვერცხზე დაწებება, მაგრამ მაინც ჯობია საკუთარი ხელით დახატოთ, რითაც ამ ატრიბუტს დადებითი ენერგიით, სიყვარულით და სითბოთი დამუხტავთ.სააღდგომო კვერცხი იქნება გზავნილი უფლისადმი, რომელზედაც დახატული იქნება სურვილი. ამისთვის არაფერი გრანდიოზული არ არის საჭირო, მხოლოდ ფუნჯები, საღებავები, კვერცხი და უმაღლესი ძალების რწმენა. არსებობს მოსაზრება, რომ შვილზე მეოცნებე ქალმა უნდა დახატოს სააღდგომო კვერცხი და აჩუქოს ნებისმიერ ბავშვს და მალე ის შეძლებს დედობით ტკბობას.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებეს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე მეოთხედი მოიგო (3:2, 5:4, 5:1, 7:2). საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი ვატო დადვანმა (5) გაიტანა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1), ბესარიონ ახვლედიანი (1), გიორგი მესხი (2), ველიკო ტანკოსიჩი (2), ლუკა ჩიქოვანი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (1).ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა.მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი – სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.უნივერსიტეტის ქუჩაზე გამომსვლელი ქუჩებიდან ავტომანქანები გადაადგილებას თამარაშვილის გამზირის მიმართულებით შეძლებენ.ასევე, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგ ქუჩებზე: ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი, მამარდაშვილის ქუჩა, ნორიოს აღმართი, ცაიშის ქუჩა, მახათას აღმართი. ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ხუდადოვის ქუჩით ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

ილია მეორეს 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:ქრისტე აღდგა!აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან (ფს. 67. 2-3).როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით გადაეცემოდა თაობიდან თაობას ბოროტებაზე გამარჯვების ეს საგალობელი. დიადი ჟამის აღსრულებას კი, უკვე თითქმის 2000 წელია, გამორჩეულად აღნიშნავს კაცობრიობა; ჩვენც დღეს ამ ზეიმის მონაწილენი ვართ.კიდევ ერთხელ მინდა, მოკლედ შეგახსენოთ, თუ როგორია გზა სამოთხიდან, მიწიერი ყოფის გავლით, ცათა სასუფევლამდე.წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი; დანარჩენი ქმნილებები კი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამით შემოქმედმა განსაკუთრებული პატივი მიაგო ადამიანს და არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მის ნებას მიანდო.ჩვენს პირველმშობელთა მიმართ ამგვარი ამაღლებული დამოკიდებულების გამო შურით აღძრულმა ბოროტმა სულმა აცდუნა ისინი და განაშორა ღვთის დიდებას; ქვეყნიერება კი დარჩა უფლისგან დადგენილი მზრუნველის გარეშე.ბოროტი ძალა მხოლოდ ადამისა და ევას შეცდენით არ დაკმაყოფილებულა; ათასგვარი ხერხით იგი დღემდე ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს კაცობრიობა და საბოლოოდ აღხოცოს მასში ღვთის ხატება. მაგრამ ადამიანი ცოდვამ და სიკვდილმა ბოლომდე მაინც ვერ დასცა. ყოვლადძლიერი, ცოცხალი, კურთხეული, უხილავი ღმერთის (როგორც ძველ აღთქმაში ხშირად იხსენიება შემოქმედი) რწმენა განსაკუთრებით დიდი იყო რჩეულ ერში; მძიმე და დაძაბუნებულ მდგომარეობაშიც კი ამ წიაღში საუკუნეთა განმავლობაში ჩნდებოდნენ ღვთისსათნო და რჩეული პიროვნებები, რომლებიც ზეცისკენ მიმავალ გზას უჩვენებდნენ ხალხს. ისინი იმ იმედით იყვნენ აღვსილნი, რომ შემოქმედი არ დაუშვებდა მუდმივ დასჯილობაში ცხოვრებასა და სიკვდილს და დაგვიბრუნებდა დასაბამისეულ პატივს.ამიტომაც გულდასმით იძიებდნენ სამოთხისეული მდგომარეობის დაკარგვის მიზეზებს და საზოგადოებაში მარადიული ღირებულებების განმტკიცებისთვის ძალისხმევას არ იშურებდნენ; ამასთან, ღვთისსათნო ცხოვრების მაგალითს, პირველ რიგში, თვითონ იძლეოდნენ.  * * * მაცხოვარმა დედამიწაზე იმ წყევლის ქვეშ იცხოვრა, რაც ადამის მოდგმამ ცოდვის გამო დაიმსახურა. თავად ყოვლად უცოდველმა იტვირთა უბრალო ადამიანის ყოფა, დაიბადა რა ხუროს ოჯახში, რომელიც ყოველდღიური შრომით მოიპოვებდა სარჩოს. ამასთან, განკაცებული უფალი თავისი ნებით ითმენდა ტკივილს, შიმშილს, დაღლას… შემდეგ კი – უმადურობას, სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, ღალატს…როგორი წარმოუდგენელია, რომ ღმერთი შენ გვერდით, შენი ცხოვრებით ცხოვრობს; უცოდველი ცოდვილთა შორის ჩვენს მძიმე ხვედრს ტვირთულობს, რათა მოგვცეს მაგალითი რწმენის, სიწმინდის, დათმენის, სიკეთის, სიყვარულის… და რეალურად დაგვანახოს, როგორი უნდა იყოს ადამიანი.30 წლის იესო უცხადებს კაცობრიობას, რომ აღსრულდა საუკუნეთა მოლოდინი, განკაცდა მხსნელი, რათა შემოქმედი დაეხმაროს თავის ქმნილებას და ჩვენთვის ყოველი კეთილი შესაძლებელი გახადოს.ამასთან, ხილული სასწაულებით უფალი მრავალგზის ამოწმებს, რომ აქვს ძალმოსილება, განკურნოს ნებისმიერი უძლურება და სნეულება, გაათავისუფლოს ადამიანები ბოროტი სულებისგან, აზიაროს ისინი ღვთის სიბრძნეს; რომ მხოლოდ მას შესწევს ძალა, დაამყაროს მშვიდობა, დაამარცხოს თვით სიკვდილი და აღადგინოს მკვდრები… მაგრამ ღვთის რჩეული ერის დიდი ნაწილი და მისი სულიერი წინამძღოლნი საბოლოოდ მაინც უგრძნობნი დარჩნენ უფლის მოწოდების მიმართ, ზურგი აქციეს ცხოვრების წინამძღვარს და მისი დასჯა მოითხოვეს.იგივე მოხდა ყველაზე ძლიერ და, ფაქტობრივად, იმ დროის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოშიც – რომის იმპერიაში, რომლის ნაწილსაც ისრაელი მაშინ წარმოადგენდა. რომმა ღვთის სიბრძნეს და სამართალს თავისი იურიდიული კანონები შეაგება. აქ კი წესად ჰქონდათ: იმათგან, რომელნიც არ იყვნენ რომის მოქალაქენი, თუკი ვინმე იმპერიულ ღირებულებებთან და მისწრაფებებთან შეუთავსებელი იქნებოდა, თუნდაც იგი ჭეშმარიტების მქადაგებელი ყოფილიყო, ყველაზე დამამცირებელ სასჯელს უქვემდებარებდნენ – ჯვარზე აკრავდნენ. ჯვარი წარმოადგენდა სიმბოლურ სახეს იმისას, რაც სიბნელეს, უმეცრებას, ბოროტებას უკავშირდებოდა და, მათი აზრით, სიკეთისა და ცივილიზაციის მტრობას ნიშნავდა.საერთო შედეგი კი ასეთი დადგა: ცოდვას დამონებულმა და სიკვდილს შეგუებულმა კაცობრიობამ ღმერთის მეუფებას თავისი ჩვეული ყოფა ამჯობინა, ჭეშმარიტ სიმართლეს სრულიად უსამართლო განაჩენი გამოუტანა და თავად სიცოცხლეს ჯვარზე სამარცხვინო სიკვდილი მიუსაჯა.ამაზე დიდი დაცემა აღარ არსებობს! ამაზე დიდი ცოდვის წარმოდგენა შეუძლებელია! მაშინ ზეციური ძალები შეძრწუნდნენ, ანგელოზები განცვიფრდნენ, სტიქიონები შეირყა, მთელი ქმნილება შეიძრა, მზე განერიდა, ქვეყანა სიბნელემ მოიცვა, კრეტსაბმელი განიპო, ანგელოზმა ტაძარი დატოვა… (წმ. კირილე ალექსანდრიელი).მაგრამ როგორ უპასუხა უფალმა ამ ენითაუწერელ დანაშაულს? გამაოგნებლად! მიუთხრობელი დათმენით, სიბრალულითა და სიყვარულით. მან მორჩილად და უდრტვინველად მიიღო განაჩენი და არ შეეწინააღმდეგა. არ გამოიყენა ღვთიური ძალა და არ გასცდა ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს, რათა მთავარი მიზანი ბოლომდე აღესრულებინა – თავისი ყოვლადუცოდველი კაცობრივი სულის ღმრთეებრივი ძალმოსილებით ჯოჯოხეთი დაეთრგუნა და სიკვდილი შეემუსრა, ბოროტი ძალისთვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა და მართალთათვის ცათა სასუფევლის გზა გაეკვალა. * * * გავიხსენოთ ისიც, რომ ჯვარცმის წინ უფალი გულმხურვალედ ლოცულობდა გეთსიმანიის ბაღში და, ცხადყოფდა რა თავის ადამიანურ ბუნებას, ევედრებოდა მამა-ღმერთს, თუ შესაძლებელი იყო, აეცილებინა მისთვის მოსალოდნელი ხვედრი.ამავე დროს, იგი სთხოვდა თავის ერთგულ სამ მოწაფეს, ლოცვით შესწეოდნენ, რადგან მისი სული დამძიმებული იყო სიკვდილის მოლოდინით; მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, – ადამიანური უძლურებით ჩაეძინათ.სამგზის სცადა მათი სიფხიზლის შენარჩუნება უფალმა, მაგრამ ამაოდ, რითიც დედამიწამ აჩვენა, რომ რჩეულ მოწაფეთაც იმჟამად არ ჰქონდათ შინაგანი ძალა, უმძიმეს განსაცდელში მაცხოვრისთვის მცირედი თანადგომა გაეწიათ. * * * უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი არა მარტო იესო ქრისტეს გამოუტანა, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან ამიერიდან ქრისტეს მიმდევართათვის ხსნა სულიერ ჯვარცმას დაუკავშირდა.რა თქმა უნდა, მძიმეა ეს გზა, ეს ჯვარი, მაგრამ, ამასთან, მადლმოსილია იგი და მიმზიდველი, ერთადერთია და გადამრჩენელი; ამიტომაც ჰყავს ქრისტეს ეკლესიას ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი ამდენი წმინდანი და ერთგული შვილი.როდესაც ჩვენი მიწიერი ყოფა შენც უსამართლოდ დაგამცირებს, შეურაცხგყოფს და გაგრიყავს, რადგან ჭეშმარიტებას ეძიებ და უარს ამბობ ცოდვილ კეთილდღეობაზე, იცოდე, ამით სოფელი აცხადებს, რომ შენ მისი არ ხარ; ეს კი ნიშნავს იმას, რომ შენ უფლისა ხარ; ანუ იმ ჯვრის მტვირთველი ხარ, რომელიც ქრისტეს მიმდევართათვის იქცა სამართლიანობის, ერთგულების, ღირსების, სიკეთის, ჭეშმარიტების ხატად და მარადიული სიცოცხლის ნიშნად.მაცხოვარი გვიხმობს ყველას და განგვამტკიცებს: „განსაცდელი გექნებათ ამქვეყნად, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ.16,33) და „თქვენთანა ვარ, დღემუდამ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ.28,20)… „დაიცავით ჩემი მცნებები და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულდებათ“ (ინ.14;15,13), ოღონდ, როგორც „მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (ინ.13,34). * * * დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს; დროც თითქოს დაჩქარდა; მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება; დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები ჩვენს საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება… ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო!არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე.ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშუალებით მიიღწევა.მხოლოდ ეკლესია გვიცხადებს სიცოცხლის ნამდვილ მიზანს, გვახედებს ჩვენს სულში და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ყველაზე ჭეშმარიტ და სწორ შესაძლებლობას გვთავაზობს. ის არ გვთხოვს შეუძლებელს; პირიქით, გვიხმობს ჩვენი სისუსტეებით და მათ დასაძლევად ძალას გვაძლევს. ის გულში გვიკრავს, მაგრამ უკეთურ ქმედებას არ მოგვიწონებს. ამასთან, ჩვენს სულიერ და შინაგან ძალებს განამტკიცებს და ყველაზე რთულ ვითარებაშიც იმედს არ გვაკარგვინებს.საეკლესიო დღესასწაულთა შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი აღდგომას აქვს, რადგან სწორედ იგია წინასახე ზეციურ უხრწნელებაში ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მონიჭებისა. რას ნიშნავს ეს? როდესაც ჩვენ ვზეიმობთ უფლის აღდგომას, ამავე დროს ვდღესასწაულობთ უხრწნელი სხეულით ჩვენს მომავალ დამკვიდრებას ცათა შინა. იესო ქრისტემ მოგვცა მაგალითი როგორც ამქვეყნად სწორად ცხოვრებისა, ისე გვიჩვენა მისი შედეგიც – სასუფეველში მართალთა დამკვიდრებისა.„ვინაიდან კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, და კაცის მიერვე აღდგომა მკვდრეთით და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15.21-22).კაცობრიობის საყოველთაო აღდგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა; ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის, ძალიან ცდება და, სინამდვილეში, მაცხოვნებელ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, „თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა და … თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და ჩვენი რწმენაც“ (I კორ.15.16,14).„…მაგრამ როგორ აღდგებიან მკვდრები? ან რომელი სხეულით მოვლენ?რასაც შენ თესავ (იგულისმება მცენარის თესლი), ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა; ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში… ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი“ (Iკორ. 15,35-36; 42-44).სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისა აძლევს აზრს ჩვენი ყოფის იმ წესს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს: სხვათადმი მსახურებას, თავმდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობისმყოფელობას, გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობას, თავდადებას…ჯვარცმის შემდეგ ისინი, რომლებიც საფლავთაგან აღდგნენ, გახდნენ პირველი მქადაგებელნი ქრისტეს აღდგომისა. და როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს ისინი, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავდნენ გახსნილ სამარეებს და ისმენდნენ საფლავთაგან გამოსულთა ქადაგებას?!როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს მენელსაცხებლე დედები და მოწაფეები, როცა 40 დღის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა უხრწნელი სხეულით აღმდგარ უფალთან და მისგან დარიგებებს კვლავ იღებდნენ!?როგორ არ დაიჯერებდნენ მომხდარს იესო ქრისტეს ასობით სხვა თვითმხილველნიც და მისი ცად ამაღლების მოწმენი!?ეს ურყევი რწმენა და უფლის სწავლებანი შინაგანად სულიერად განბრძნობილმა და განმტკიცებულმა მოციქულებმა და ეკლესიამ მთელ ქვეყანაზე განავრცეს. * * * წმ. ეფრემ ასური წერს: „მკვდართა აღდგომისას მიწა უკან აბრუნებს ადამიანს ისეთივეს, როგორიც იყო; იმათაც, ვინც ზღვამ შთანთქა, ვინც მხეცებმა და ფრინველებმა შეჭამეს, ვინც ცეცხლში დაიწვა … აქ ერთმანეთის უნახავნი, იქ იხილავენ ერთურთს; დედა იცნობს, რომ ეს მისი შვილია, და შვილი იცნობს, რომ ეს მისი დედაა … ამასთან, თითოეულის სხეული თავის საქმეებს აჩვენებს, რადგან თითოეული ჩვენგანი ამ საქმეებს საკუთარი სხეულით ატარებს და ყველას შესაბამისად მიეგება საზღაური“.ადამიანი არ არის ცალკე არც სული და არც სხეული, არამედ – მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე; ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რაც ცოდვის შედეგია; აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და სული კვლავ შეერთდება და ღირსთათვის სამოთხისეული მდგომარეობა უფრო აღმატებული სახით დაბრუნდება.ეს კი მეორედ მოსვლის შემდეგ აღესრულება, როცა შეიქმნება ახალი მიწა, ახალი ცა, სიკვდილი სრულად განქარდება და მარადისობაშიც ჩვენი საბოლოო დამკვიდრება მოხდება. მაგრამ ვიდრე არ დამდგარა ჟამთა აღსასრული და გარდაცვლილთა სულები თავისი უხრწნელი სხეულით შემოსვის მოლოდინში არიან, ვიდრე შესაძლებელია როგორც საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და სხვათადმი, ასევე იმქვეყნად წასულ ჩვენს ახლობელთათვის ლოცვა და სიკეთის ქმნა, ადამიანთა გამოხსნის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ არის.გვჯერა ეს თუ არ გვჯერა, გვსურს ეს თუ არა, რეალობა ერთია – ჩვენი არსებობა ამ წუთისოფლით არ მთავრდება.ამქვეყნად აღვასრულებთ არსებობის იმ სახეს, რაც გარდაცვალების შემდეგ ჩვენს მომავალ ცხოვრებას განაპირობებს. ასე რომ, ჩვენი ყოველდღიური მოქმედებით, აზროვნებითა და მეტყველებით ჩვენ თვითონ ვძერწავთ, ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს მარადიულობას – კარგს ან ცუდს. და როგორც სამოთხეში, ისე აქაც, დედამიწაზე, ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ მიზნად: სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს თუ სიკვდილს. აირჩიე სიკეთე და სიცოცხლე! ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულსა და მსხვერპლს შენს გადასარჩენად გაღებულს და აფასებ საკუთარ სიცოცხლეს – შემოქმედის უდიდეს წყალობას შენდამი.მადლისმიერი განღმრთობის შესაძლებლობაზე დიდი რა უნდა იყოს ადამიანისთვის! ამიტომაც რა პროფესიისა და ასაკისაც არ უნდა იყო და რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ყოველივე მიმართე ღვთის სადიდებლად და მის სამსახურად; და „ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის (სხეულის) სურვილებს“ (რომ 6.12).„თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულის წმინდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს. ადიდეთ ღმერთი, თქვენი სხეულითა და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა!“ (რომ. 18,19-20)დღეს მსოფლიოს ეფინება საოცარი საგალობელი:„ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაი უფლისაი შენ ზედა გამობრწყინდა, და ვიდოდიან ყოველნი ნათესავნი ნათელსა შენსა!განიღვიძე, განიღვიძე, სიონ! განიღვიძე და აღდეგ იერუსალემ! და დაიდგ გვირგვინი სიკეთისა შენისაი, სიონ, და შეიმოსე დიდებაი შენი, იერუსალემ!განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა, ესერა მწუხრსა განისუენა ტირილმან და ცისკარსა მას მოიწია სიხარული აღდგომისაი“ (მელეტი ანტიოქიელი).აღდგომილმა მაცხოვარმა თქვენც მოგმადლოთ სიხარული!ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლადწმინდა სამებამ დაგლოცოთ, სულიერად განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ თითოეული თქვენგანი!მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა.ქრისტე აღდგა!ჭეშმარიტად აღდგა! თქვენთვის მლოცველი, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისი, აღდგომა ქრისტესი, 2025 წ.  

ბოლო სიახლეები