აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სერბეთმა ვალდებულება აიღო, ისრაელში თავისი საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს, ხოლო კოსოვო ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს.
„ჩვენ დამატებით პროგრესს მივაღწიეთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის განმტკიცების კუთხით. კოსოვო და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმდნენ. სერბეთმა კი ვალდებულება აიღო, 2021 წლის ივლისისთვის ისრაელში თავისი საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
დღეს თეთრ სახლში სერბეთმა და კოსოვომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ. სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადეს ამ პროცესში შუამავლობისთვის.
2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებდა. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებდა. 14 მაისს კი იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა.