შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიბერშეტევა არის გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების: საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა – გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები და ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმაც საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, კიბერშეტევის საფრთხე ყოველთვის არის, ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება, თუმცა, რეალურად დასადგენია წყარო, საიდანაც მომდინარეობს ეს შეტევა.
„რაც გამოქვეყნებულია რაღაც საიტზე, მონაცემები, მნიშვნელოვანწილად შეიძლება ასე ითქვას, ძირითადად არის უზუსტობა. ასეც რომ არ იყოს, პირადი მონაცემები, ადამიანების არის რასაკვირველია ხელშეუხებელი, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, კიბერშეტევებისგან დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ეს შემოტევა მოგერიებულია. საფრთხე ყოველთვის არის. ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება. ნებისმიერ ქვეყანაზე შეიძლება კიბერშეტევის მიტანა. რეალურად ძნელია, მაგრამ დასადგენია წყარო, საიდანაც მომდინარეობს ეს შეტევა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ლუგარის ლაბორატორიასა და ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმა განახორციელეს.
შსს-ს ინფორმაციით, კიბერშეტევა 2020 წლის 1-ელ სექტემბერს განხორციელდა. მისი მიზანი კი ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.