დღეს, საქართველოს პარლამენტში, თამამად შეიძლება ითქვას, ისტორიული კენჭისყრა შედგა. დღევანდელი კენჭისყრის საფუძველზე, პირველად უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც მთელი პარტიული სპექტრი თანხმდება. ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა. ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება. დღეს კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კვირის ჩამოსული იყო, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მადლობას ვუხდით ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, მადლობას ვუხდით გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის უპრეცედენტო აგრესიისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული. დღევანდელ დღეს ყავს ერთადერთი დამარცხებული – ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ სადაც მარცხდება ნაციონალური მოძრაობა, იმარჯვებს ქართული დემოკრატია. შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომიერების ნაწილია. სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციას არც ამჯერად შეეხო იმ პოლიტიკური ძალის ხელი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფით იყო გამორჩეული. დასასრულს, „ქართული ოცნების“ სახელით, მადლობას ვუხდით ყველა იმ პარლამენტარს, რომელმაც დღეს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ჩვენს მეგობარ ელჩებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ყველას, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული. „ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.
დღეს, საქართველოს პარლამენტში, თამამად შეიძლება ითქვას, ისტორიული კენჭისყრა შედგა.

ისრაელის საელჩო – ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის
საქართველოში ისრაელის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.ისრაელის საელჩოს განცხადებით, ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს სამძიმრის წერილში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველოში გლოვა გამოცხადდა
საქართველოში გლოვა გამოცხადდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია.მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გააკეთა.ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე თავდაპირველად ჩაფიძის კლინიკაში, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იყო გადაყვანილი.ილია მეორე (ერისკაცობაში – ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ორჯონიკიძეში (ჩრდილოეთ ოსეთი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.კათოლიკოს-პატრიარქად მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა პატრიარქის ინტრონიზაცია.ილია მეორის სახელს უკავშირდება საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლების და გიმნაზიების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება.ილია მეორის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ილია მეორეს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმინდა სამება. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი. ილია მეორემ ასევე დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია.
საზღვარგარეთიდან ელოდებიან ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
ექიმებმა დაადასტურეს, რომ საზღვარგარეთიდან ელოდებიან ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა შეაფასონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, საპატრიარქოს თანამშრომელმა და დეკანოზმა, თეიმურაზ თათარაშვილმა კავკასიის მედიცინის ცენტრთან ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, როგორც ექიმები ამბობენ, კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახარბიელოა.„მუდმივად, პაუზის გარეშე მიმდინარეობს საჯანმრთელო პარაკლისების აღვლენა, რომელსაც საგანგებოდ მოწყობილ სიწმინდეებთან და ხატების კუთხესთან იხდის ესა თუ ის სასულიერო პირი. დაახლოებით 10-15 წუთის წინ მედპერსონალი შეხვდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საერო ადამიანებს. მათ კიდევ ერთხელ ბოლო ინფორმაცია მიაწოდეს მისი უწმინდესობის არსებული ჯანმრთელობის შესახებ. განაცხადეს, რომ მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო და ადამიანური რესურსი ჩართულია ამ განკურნების, სასწაულებრივი გაუმჯობესების ვითარებაში. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ საზღვარგარეთიდან ელოდებიან ძალიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეაფასონ არსებული ვითარება და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დეკანოზმა თეიმურაზ თათარიშვილმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს.ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. ექიმების ინფორმაციით, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი – იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
დღეს შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე, – ამის შესახებ რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა და მხოლოდ გარკვეული დეტალები დააზუსტეს.„მნიშვნელოვანია შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ სისხლდენა შეჩერებულია. სხვა დეტალებზე საუბარი ჯერ რთულია. კუჭიდან სისხლდენა არის ძირითადი პრობლემა. ამან გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია. მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და არ სჭირდებოდა არანაირი რადიკალური ცვლილებები.პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგნოზთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია, გარკვეული დრო არის საჭირო, რომ სისხლდენის და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია. ამ ეტაპზე რა პრეპარატებიც სჭირდება, ყველაფერი უზრუნველყოფილია როგორც მედიკამენტების, ისე ტექნიკური აღჭურვილობის სახით. დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის. კონსილიუმში ვმონაწილეობდით ქართველი ექიმები. ვერ გეტყვით, უცხოელი სპეციალისტების ჩართვა თუ მოხდება“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. ექიმების ინფორმაციით, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
