ორშაბათი, აგვისტო 10, 2026

მიხეილ ჩხენკელი – ჩვენი გუნდის მოტივაციის წყარო იყვნენ ახალგაზრდები, კრიზისის მიუხედავად, მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობები უნდა შეგვექმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია „მაიკროსოფტის“ (Microsoft) მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო, – ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამიტის მთავარ მიზანს პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებზე მსჯელობა წარმოადგენდა. სპეციალური მოწვევით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პანელურ სესიაზე, ავსტრიისა და ეკვადორის განათლების მინისტრებთან ერთად, განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

„ჩემთვის დიდი პატივია ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მონაწილეობა. მსურს, მადლობა გადავუხადო „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს ამ მეტად საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის. პერსონალური მადლობა კი ენტონი სალსიტოს, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ერთობლივად საინტერესო პროექტები განვახორციელეთ. „მაიკროსოფტის“ პროდუქტები არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით შევძელით პანდემიით გამოწვეული გამოწვევების დაძლევა. შექმნილ ვითარებაში კარგად გამოჩნდა გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი მიდგომისა და სწრაფი რეაგირების მნიშვნელობა. გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი გუნდის მთავარი მოტივაციის წყარო ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ – კრიზისის მიუხედავად, მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობები უნდა შეგვექმნა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გამო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდება გახდა. შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელი გახდა განათლების სისტემაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შემცირება და სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა.

მინისტრის თქმით, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ ორი ძირითადი  მიმართულებით იმოქმედა: „მაიკროსოფტის“ პროდუქტების გამოყენებით სკოლებში ონლაინსწავლება დანერგა და დაიწყო მასშტაბური პროექტი „ტელესკოლა“.

ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შეიქმნა „მაიკროსოფტ ოფის 365“-ის (Microsoft Office 365) მომხმარებლის პროფილი. „მაიკროსოფტ თიმზში“ (Microsoft TEAMS) შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახები ყველა სკოლის კლასებისა და საგნებისთვის. შემუშავდა დეტალური ინსტრუქციები საჯარო სკოლებისთვის. სამინისტროს წარმომადგენლები დახმარებას უწევდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარმართულიყო.

განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“ (TV-School), რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.

მინისტრის თქმით, პროექტს, რომელიც „პირველი არხი – განათლების“ ეთერში გადის, საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. სატელევიზიო გაკვეთილებს, რომლებიც ყველა კლასის ყველა საგანში ტარდება, არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც უყურებენ. სწორედ ასეთი წარმატების გამო პროექტი „ტელესკოლა“ პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს საქმიანობის მომდევნო ეტაპი და ამბიციური გეგმაა, „მაიკროსოფტთან“ (Microsoft) ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში „მაიკროსოფტის“ საგანმანათლებლო პროგრამის, „მაინქრაფტ ედუქეიშენ ედიშენის“ (Minecraft Education Edition) დანერგვა, ეტაპობრივად კი პროგრამა ყველა სკოლაში დაინერგება. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტიანსა და საინტერესოს გახდის.

მინისტრმა უმაღლესი განათლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებულად განხორციელებული ელექტრონული სწავლების შედეგად, სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდეგ, სასწავლო კურიკულუმებში ელექტრონული რესურსების გამოყენების კომპონენტი გაძლიერდება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებლებისა და უმაღლესის სასწავლებლების ლექტორების ენთუზიაზმსა და შემოქმედებით მიდგომას როგორც დისტანციური სწავლების, ასევე, „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელების პროცესში და მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, პანდემიის პირობებში პედაგოგები, ექიმების მსგავსად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი.

„მაიკროსოფტის“ (Microsoft) მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მონაწილეობდნენ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (UNESCO), ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტი ლიდერი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს, – ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. კალაძის განცხადებით, ბლოგერმა მას აუხსნა, რომ თბილისზე აკეთებდა სიუჟეტებს. შესაბამისად, მის შეკითხვებს უპასუხა და დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაუსვა ხაზი.„არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ ჟურნალისტი. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის სამუშაოებზე ვიმყოფებოდი. შემდეგ ერთ-ერთ კაფეში ყავის საყიდლად შევედი. აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს. მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს ვაკეთებო და შეკითხვები დამისვა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე ახლაც ვიტყვი, რომ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა. რუსი იქნება, უკრაინელი, იტალიელი, ამერიკელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველას შეუძლია ჩამოსვლა და სასიამოვნო დღეების გატარება. ისინი დახარჯავენ ფულს, ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას და იმ ადამიანებს, ვინც ტურიზმის სფეროში საქმიანობენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რატომ საუბრობს ბლოგერთან ინტერვიუში ქართულ სამზარეულოზე, კახა კალაძე პასუხობს:„შეკითხვა შეეხებოდა სტუმარმასპინძლობას და მეც ვუპასუხე. რა თქმა უნდა, ტრადიციული საჭმელების გარდა, ჩვენ ბევრი ღირსშესანიშნაობა გვაქვს. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო და ამიტომ აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ინტერესი. მათ შორის ჩვენი სამზარეულო და ქართული ღვინო სარგებლობს დიდი პოპულარობით, რადგან ეს არის ჩვენი კულტურის, ადათ-წესების ნაწილი“, – აღნიშნა კალაძემ.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 7 თვის მონაცემებით ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 399 ცალი ხემცენარისა  და 318 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული სამართალდარღვევის შედეგად დაკისრებული ფულადი სანქცია, საერთო ჯამში 291 800 ლარს შეადგენს.სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ გავრცელებული ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით, იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი.“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ. პირველ რიგში, განვმარტავთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ არსებულ გარემოებებს: მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოიკითხა პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2014 წლის 10 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის სალოცავში თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. ვინაიდან რთული რელიეფური გზის გამო ისინი ვერ მოახერხებდნენ მიკროავტობუსით სალოცავამდე მისვლას, ავტომობილი გააჩერეს სოფელ მლეთაში და ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს.აღნიშნული პირები, სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოებით ღამის 02:00 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო, როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი.ასევე, დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი, შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე უკვე გზის სირთულე აღარ იყო და თითქმის ჩასულები იყვნენ ავტომობილთან, ასევე მისი მარტო დატოვების არანაირი საშიშროება არ არსებობდა, იმ მომენტისთვის მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა.მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა.აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა. ასევე, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, მას არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩამოჯდა გურამ დადიანიძე მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი.საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა.ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა. 2014 წელს, დუშეთის რაიონულ სამმართველოში, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე შეიქმნა სამძებრო საქმე და მისი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით გატარდა ყველა საჭირო სამძებრო ღონისძიება.გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქმის შესახებ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას”, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:გთავაზობთ 2026 წლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შედეგებს შემდეგ საგნებში:• მათემატიკა (VII-XII) • გეოგრაფია (VII-XII) • გეოგრაფია (VII-XII) (აზერ.) • გეოგრაფია (VII-XII) (სომხ.) • ფიზიკა (VII-XII)• ქიმია (VII-XII) • მუსიკა • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა (აზერ.) • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა (სომხ.) • აზერბაიჯანული ენა • სომხური ენა • საბაზო უნარები (სპეცმასწავლებლების მომზადებისთვის)საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.

სიცილიის სანაპიროსთან დაახლოებით 2000 წლის წინანდელი რომაული გემის ნაშთები აღმოაჩინეს

სიცილიის სანაპიროსთან დაახლოებით 2000 წლის წინანდელი რომაული გემის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. II-I საუკუნეებს მიეკუთვნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, გემი ადგილობრივი მოსახლეობის შეტყობინებების საფუძველზე აღმოაჩინეს. ის დასავლეთ სიცილიაში, მაძარა დელ ვალოს სანაპიროდან დაახლოებით 5,6 კილომეტრის დაშორებით, 46 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.გემის შიგნით ასობით ამფორა და ღუზების ნაწილები იპოვეს.„როიტერის“ ცნობით, ზღვის არქეოლოგიის სამსახური შეისწავლის და დაცვის ქვეშ მოაქცევს ზღვის ფსკერს, სადაც გემის ნაშთები აღმოაჩინეს.

ბოლო სიახლეები