პარასკევი, თებერვალი 13, 2026

რუანდაში კაცი, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია და სათევზაოდ წავიდა, ნიანგმა შეჭამა

კაცი, რომელმაც რუანდაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია, ნიანგმა შეჭამა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთით, კამონის რეგიონში მოხდა. კაცმა სათევზაოდ წასვლა გადაწყვიტა და მდინარის ბინადარი ნიანგის მსხვერპლი გახდა.

რეგიონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ის ერთ-ერთი იყო იმ მოქალაქეებისგან, ვინც Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან

უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.„გარდა ამისა, მათ ხარჯზე საქართველოში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი, შესაბამისად, უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა“, – აღნიშნა კობახიძემ.როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მთლიანობაში, უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის.

ალექსანდრე იაშვილი – რთული ჯგუფია, თუმცა გულშემატკივარს უნდა დავუბრუნოთ ის, რაც გამოგვარჩევდა ბოლო წლებში

ერთა ლიგა კარგი შესაძლებლობაა ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ თამაში ბევრად წარმატებულად შეგვიძლია – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის წილისყრის შემდეგ განაცხადა.„გასულ წელს ჩვენი მიზანი ვერ შევასრულეთ. ერთა ლიგა კი კარგი შესაძლებლობაა ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ თამაში ბევრად წარმატებულად შეგვიძლია. რთული ჯგუფია, თუმცა გულშემატკივარს უნდა დავუბრუნოთ ის, რაც გამოგვარჩევდა ბოლო წლებში — ის გუნდური, ერთიანი თამაში და წარმატებისთვის ბრძოლა. ვფიქრობ, ეს კარგი შანსია იმის გამოსასწორებლად, რაც გასულ წელს ვერ შევასრულეთ“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.ბელგიის დედაქალაქში გამართულ წილისყრაზე საქართველოს ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია. ერთა ლიგის ახალი გათამაშების შეხვედრები ახალი გრაფიკით გაიმართება. „ჯვაროსნები“ 2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ზედიზედ 4 თამაშს გამართავენ, ხოლო დარჩენილ 2 მატჩს – ნოემბერში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანი შეიძლება, იძულებული გახდეს, კარგ შეთანხმებას დათანხმდეს

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანი შეიძლება, იძულებული გახდეს, კარგ შეთანხმებას დათანხმდეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.„მე ახლახანს დავასრულე მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ვიზიტი ვაშინგტონში, რომლის დროსაც ვესაუბრე ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ გვაქვს მჭიდრო, გულწრფელი და ღია ურთიერთობა. მოლაპარაკებები რამდენიმე საკითხს შეეხო, მაგრამ ირანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ირანელებმა უკვე გაიგეს, ვისთან აქვთ საქმე. ვფიქრობ, მის მიერ შექმნილმა პირობებმა, იმ ფაქტთან ერთად, რომ ისინი ნამდვილად ხვდებიან, რომ შეცდნენ, როდესაც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შეიძლება, კარგი შეთანხმების მიღწევის პირობები შექმნას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი შეთანხმების მიმართ, თუმცა, აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას, მისი ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვას და ირანის მოკავშირეებს.„მას სურდა ჩემი აზრის მოსმენა. არ დაგიმალავთ, რომ ირანთან ნებისმიერი შეთანხმების ხარისხთან დაკავშირებით ზოგადი სკეპტიციზმი გამოვთქვი. მაგრამ ვთქვი, რომ თუ შეთანხმება მართლაც მიღწეული იქნება, ის უნდა მოიცავდეს იმ ელემენტებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პერსპექტივიდან, ისრაელის პერსპექტივიდან და მე მჯერა, არა მხოლოდ ისრაელის პერსპექტივიდან. საქმე მხოლოდ ბირთვულ საკითხს არ ეხება. ვიტყოდი, რომ ეს იყო საუბრის არსი, თუმცა, რა თქმა უნდა, საუბარი ასევე შეეხო ღაზას, მთელ რეგიონს და სხვა ზოგად საკითხებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ცნობისთვის, გუშინ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა თითქმის სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუსთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს – „უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ თავიანთი ფულის გამოყენებას ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევის მიზნით“

დიდი ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს.დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ თავიანთი ფულის გამოყენებას დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევის მიზნით.„დღეს პარლამენტისთვის წარდგენილი „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტი უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო. ამასთან ერთად, აფართოებს გაერთიანებული სამეფოს ყველა არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას 16-17 წლის მოზარდებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები შექმნის სამართლიან, უსაფრთხო და ინკლუზიურ დემოკრატიას.„პოლიტიკაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებების დანერგვა იწყება პოლიტიკური ფინანსების რეფორმების ფართო პაკეტის მეშვეობით. კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც გაზრდის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას პოლიტიკაში. რეფორმების ფართო პაკეტი მოიცავს: გამკაცრებულ წესებს კომპანიების შემოწირულობებზე, ახალ სახელმძღვანელო პრინციპებს – „იცნობდე შენს დონორს“ და უფრო მკაცრ მოთხოვნებს არაკორპორაციული ასოციაციებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.როგორც ბრიტანეთის მთავრობაში განმარტავენ, ღონისძიებები განამტკიცებს მთავრობის „ნულოვანი ტოლერანტობის“ მიდგომას ბრიტანეთის დემოკრატიაში უცხოური ჩარევის მიმართ, რადგან მზარდი საერთაშორისო საფრთხეები აქტუალურს ხდის მოქმედების აუცილებლობას.„ბოლოდროინდელი შემთხვევები – მათ შორის ყოფილი ევროპარლამენტარის, ნეიტან გილისა და დიდ ბრიტანეთში მაცხოვრებელი ადვოკატის კრისტინ ლის, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ფარულად მომუშავე პირი – ხაზგასმით აჩვენებს ძლიერი ქმედებების საჭიროებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.ახალი მოთხოვნებით, პოლიტიკური შემოწირულობების განმახორციელებელი კომპანიები ვალდებული იქნებიან, აჩვენონ, რომ აქვთ ნამდვილი კავშირი გაერთიანებულ სამეფოსთან. ეს მოიცავს იმის ჩვენებას, რომ მათი მთავარი ოფისი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, მათ უმრავლესობას ფლობენ ან აკონტროლებენ ბრიტანელი ამომრჩევლები ან მოქალაქეები და აქვთ საკმარისი შემოსავალი შემოწირულობის დასაფარად, რაც ხელს შეუშლის უცხოელი აქტორების მხრიდან შესაძლებლობას, გამოიყენონ ფიქტიური კომპანიები დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენისთვის.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მიზანია, ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, სხვათა შორის, დღეს იგივე გაიმეორა ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ოღონდ თავის...

ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.„მას შემდეგ, რაც ევროკომისარ მარტა კოსისგან მოვისმინეთ, რომ ისინი ეძებენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას, ქართველ ხალხს და ისე მიაწოდონ ფული მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს. მოვისმინეთ ახლა უკვე მეორე აღიარება ქალბატონი ლორა თორნტონისგან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ კი, არსებობს ეს შავი სქემები, რომელიც ამასწინათაც ვნახეთ – ესტონეთში დარეგისტრირებული ყალბი ორგანიზაციები და ა.შ. აწყობილია, როგორც ჩანს, გარკვეული შავი სქემები, რომლითაც ხდება დაფინანსება. სინამდვილეში, ეს ძალიან კარგად ჩანს და ამიტომაც არის დღეს მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება. წუხან, რომ იკეტება ყველა ეს ხვრელი. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს. დღეს, სხვათა შორის, ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა იგივე გაიმეორა, ოღონდ, რა თქმა უნდა, საქართველოზე ეს არ უთქვამთ, თავის თავზე თქვეს. ჩვენთან პირიქით, სხვანაირად ხარჯავენ ხოლმე ფულს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებენ. კანონმდებლობის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ბრიტანეთის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა, მათ შორის, დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა.

ბოლო სიახლეები