დაკარში მიმდინარე IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გვანცა ქარჩავამ უშუში, ჩანცუანის კომბინირებულ შეჯიბრებაში გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში 17.700 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს პრიზიორს 0.339 ქულით ჩამორჩა.
ქარჩავამ ფინალური დღე წარმატებით დაიწყო – დილის სესიაზე, გუნშუში, ანუ ჯოხით ვარჯიშში, 8.770 ქულა დაიმსახურა და მესამე პოზიცია დაიკავა. ამ დროისთვის მას მხოლოდ ეგვიპტელი სონდოს სონბოლი და ვენესუელელი ვალერია დუდამელ ალვარადო უსწრებდნენ.
დღის მეორე ნახევარში მედლების მფლობელები ჩანცუანში, უიარაღოდ შესრულებული ვარჯიშის შემდეგ გამოვლინდნენ. ქარჩავამ მეორე გამოსვლისთვის 8.930 ქულა მიიღო, თუმცა მესამე ადგილის შენარჩუნება ვეღარ შეძლო: დილის სესიის შემდეგ მეოთხე პოზიციაზე მყოფმა ინდოელმა ლანჩენბი ჩანუ რაჯკუმარიმ 9.316 ქულა დაიმსახურა, ჯამში 18.039 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონი ეგვიპტელი სონდოს სონბოლი 18.660 ქულით გახდა, ვერცხლს კი ვენესუელელი ვალერია დუდამელ ალვარადო 18.199 ქულით დაეუფლა.
უშუ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პროგრამაში პირველად სწორედ დაკარში იყო წარმოდგენილი.

