ბოლო თვეები განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა – საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო , – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა საფრანგეთის სენატში განაცხადა.
სენატში გამართულ პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, განიხილებოდა ფრანგმა მინისტრმა ისაუბრა საფრთხეებზე, რომელიც გარე ჩარევას უკავშირდება და რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მოიყვანა.
მანამდე, ლორან ნუნიესმა განმარტა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალურ სასამართლო პროცედურას, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ოპერატიულად მოითხოვოს ისეთი ყალბი ინფორმაციის წაშლა , რომელიც საფრთხეს უქმნის ერის ფუნდამენტურ ინტერესებს.
მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არა მხოლოდ ქვეყანის საზღვრებში, არამედ ციფრულ სამყაროშიც ირკვევა.
“დღეს, ეჭვი აღარ არსებობს, რომ ერის უსაფრთხოება ირკვევა არა მხოლოდ მის საზღვრებში ან ქუჩებში. ის ასევე ირკვევა ციფრულ სივრცეში, სადაც ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება და დემოკრატიული არჩევანი ახლა ყალბდება”, – განაცხადა ნუნიესმა.
მისივე თქმით, „ევროპული დემოკრატიები უკვე რამდენიმე წელია ჩარევის სტრატეგიების წინაშე დგანან, რომელთა მიზანია დემოკრატიული პროცესების ცვლილება და ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტება”.
მან ამ კონტექსტში საარჩევნო მანიპულაციებზე საუბრისას სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც ახსენა.
„ბოლო თვეები განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა – საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო. 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოური ჩარევისა და ონლაინ ინფორმაციის მასიური მანიპულაციის ეჭვების ფონზე ბათილად ცნო საპრეზიდენტო არჩევნები“,- განაცხადა ნუნიესმა.
ამასთან, საკუთარ გამოსვლაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მათთვის, ვინც დემოკრატიების შესუსტებას ცდილობს, მხოლოდ არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა საჭირო არ არის, ისიც საკმარისია, ხალხს დააჯერონ, რომ ის გაყალბდა.
„მათთვის, ვინც ჩვენი დემოკრატიების დესტაბილიზაციას ცდილობს, საჭირო არაა არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა ან მისი შედეგების შეცვლა. საკმარისია ხალხს დააჯერონ, რომ ის გაყალბდა. შედეგად, ეჭვი პოლიტიკური იარაღი ხდება და მოქალაქეების ინსტიტუტებისადმი ნდომა ამის პირველი მსხვერპლია”, – განაცხადა მან.

