საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან დადებული დიზელის გარიგება სასარგებლო არ არის და უნდობლობას იწვევს.
მაკრონის თქმით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება „უარყოფითი გზავნილია“.
„ამიტომ არ მგონია, რომ ეს ძალიან სასარგებლო იყოს, ის უფრო უნდობლობის შექმნას უწყობს ხელს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის ვაშინგტონთან დიალოგს განაგრძობს, რათა ფასების შესამცირებლად სასარგებლო ზომები გატარდეს.
„ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით: დიზელის, ბენზინისა და გაზის ფასი უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს ფასებს ეფექტიანად ვერ დაწევს. ეს სწორი პასუხი არ არის“, – განმარტა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ევროპამ საკუთარი კურსი უნდა განაგრძოს, რადგან საფრთხის ქვეშაა ევროპის უსაფრთხოება და საერთაშორისო პრინციპების დაცვა.

