ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026

შიო მესამე – ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა, ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს, კვლავაც დაგვიცავს

გულითადად გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, წმინდა საუფლო კვართის ხსენებას, წმიდათა მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანის და დედოფალ ნანას ხსენებას. დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი. წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს და ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, საქართველოს ისტორია მეტყველებს, რომ, მრავალი განსაცდელისა და დაცემის მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან.

„დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, რა იყო და რა არის ის ძალა, რომელმაც განაპირობა ქართველი ერის გადარჩენა, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მრავალი განსაცდელისა და დაცემის თუ შეცოდების მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა და გვწინამძღრობდა ამ გზაზე.

ღვთის განგებულებით, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანებით დაიწყო ჩვენი ეკლესიის და ერის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. მას მოჰყვა წილხვდომილობა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერისა და ქადაგება ქრისტეს მოციქულებისა – ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, მატათასი, ბართლომესი და თადეოზისა. ამ სამოციქულო გზის და ღვაწლის გაგრძელება იტვირთა წმინდა მოციქულთა სწორმა ქალწულმა, ნინომ, როცა მეოთხე საუკუნეში, ღვთის განგებულებით და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით, ჩვენი ქვეყნისკენ გამოემართა და თავისი ქადაგებით ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას, თვით უფალ იესო ქრისტეს აზიარა ქართველი ერი. მის მიერ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევამ კი ეს სულიერი არჩევანი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით დააგვირგვინა, რასაც მოჰყვა მეხუთე საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლი, საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. სიმბოლურია, რომ ეს დიდი, კეთილმსახური მეფე სწორედ ამ წმინდა ტაძარში განისვენებს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ მოვლენათა შორის განსაკუთრებით გამორჩეული იყო მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და მცხეთაში დავანება, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში. მესამე საუკუნის დიდი მოღვაწის, მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის სწავლებით, საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომდინარე ერთობისა, რომლის დარღვევაც კვართის მფლობელს არ შეუძლია. წერს იგი: ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს იმას, ვინც არღვევს და განყოფს ქრისტეს ეკლესიას. განურღვეველი კვართი ასევე ერთიანი ეკლესიის სიმბოლოა და შესაბამისად, ეკლესიის თავისა, ანუ თვით უფალ იესო ქრისტესი. ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ, რომ კვართის ფლობა არის უფლის დიდი ლოცვა-კურთხევა, რომელიც ნიშნავს ღვთისგან დადგენილ სამოღვაწეო დანიშნულებას, კვართის მცველობას, რაც ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნვას და მისი დაცვისთვის თავდადებას გულისხმობს. კვართის ფლობა ნიშნავს სულიერ ახოვანებას, მზაობას ჭეშმარიტების მიღებისა და დაცვისთვის, რომელიც ესოდენ ძალოვნად გამოავლინა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველმა ხალხმა. სვეტიცხოვლის აღმართვა ახალი ცნობიერების დამკვიდრების, სულიერი ეპოქის საწყისად იქცა ჩვენთვის. ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის სასწაულით გამოვლინდა ღვთის განგებულება და ძალა, მადლი და უსაზღვრო წყალობა ქართველ ერზე“, – განაცხადა შიო მესამემ.

პატრიარქის განცხადებით, სვეტიცხოველი იქცა ქართველი ერის რწმენის, ერთიანობის და ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ უმთავრეს გამოხატულებად.

„სვეტიცხოვლის ტაძარში ერთგვარად გაერთიანდა ძველი და ახალი აღთქმის სულიერი მემკვიდრეობა. უფლის წმინდა კვართი, როგორც ეკლესიის ერთიანობის და განუყოფლობის სიმბოლო და წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ქრისტესშობამდე ექვსასი წლით ადრე ებრაელებმა ჩამოაბრძანეს ჩვენს მიწაზე და აქ არის დაფლული. ამ დიდი სიწმინდეების და ქრისტეს გზის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა. სწორედ ამას შეგვაგონებდნენ მუდამ ჩვენი დიდი მოღვაწეებიც. როგორც წერდა წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე – საქართველო ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და ეკლის გვირგვინი დაიდგა, მაგრამ არავის შეარყევინა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისგან, კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს. უფალმა მოგვანიჭოს ძალა ამ სულიერი სარბიელის მართებულად აღსრულებისა“, – განაცხადა შიო მესამემ.

ამასთან, შიო მესამემ აღნიშნა, რომ ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის.

„ამ ღირსშესანიშნავ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით და მადლიერებით ვიხსენებთ ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის. სწორედ მისმა დიდმა შრომამ გამოიღო ის კეთილი ნაყოფი, რომლის მოწმენიც დღეს ჩვენ ვართ. ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს“, – განაცხადა შიო მესამემ.

პატრიარქის განმარტებით, დღეს ასევე აღინიშნება ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დედა ღვთისა გვიცავს ყოველგვარი უბედურებისა და ცხოვრებისეული ქარიშხლისგან. ამიტომ მწუხარებისა თუ განსაცდელის ჟამს მას უნდა ვთხოვოთ მფარველობა და იგი აუცილებლად შეგვეწევა.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმინდა საუფლო კვართისა და სვეტიცხოვლის მადლით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს

პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, – ამის შესახებ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. ამ განცხადებით ორბანი უნგრეთის პარლამენტის მიერ ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რითაც 2021 წელს ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებული ანტი-LGBTQ კანონები გაუქმდა.უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისმა პარტია „ფიდესმა“ ევროპაში ბავშვთა დაცვის საუკეთესო კანონი შეიმუშავა, ახლა კი მადიარის „ტისამ“ ეს კანონი LGBTQ ორგანიზაციებისა და პედოფილების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაწერა.„პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის” წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. პარტია „ტისამ“ უნგრეთის ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი გადაწერა. შესწორება LGBTQ ორგანიზაციების უფლებების გაფართოებას და უნგრეთის ბავშვთა დაცვის წესების შესუსტებას ეხება. „ფიდესის“ მთავრობამ ევროპაში ბავშვთა დაცვის საუკეთესო კანონი წარადგინა. „ტისამ“ ახლა ეს კანონი LGBTQ ორგანიზაციებისა და პედოფილების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაწერა. მშობლების გვერდის ავლით, ისინი უნგრეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გენდერული პროპაგანდის დაბრუნებას უშვებენ.გარდა ამისა, „ტისას“ ნაბიჯი ღრმად არადემოკრატიულია. 2022 წლის ბავშვთა დაცვის რეფერენდუმში 3.5 მილიონმა უნგრელმა უარი თქვა გენდერულ პროპაგანდაზე. „ტისას“ მთავრობა ახლა მათ ნებას უგულებელყოფს“,- წერს ორბანი.ცნობისთვის, 13 ოქტომბერს უნგრეთის პარლამენტმა ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მისცა ხმა, რითაც 2021 წელს ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებული ანტი-LGBTQ კანონები გაუქმდა. კანონპროექტს მხარი 139-მა დეპუტატმა დაუჭირა, 51 კი მის წინააღმდეგ წავიდა. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ კონტენტში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების „გამოსახვის“ ან „პროპაგანდის“ აკრძალვის ნაცვლად, ახალი კანონი 18 წლამდე ასაკის პირებს იმ მასალისგან დაიცავს, რომელმაც შეიძლება, „სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური ან მორალური განვითარება“.უნგრეთში 2021 წელს ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ, „ფიდესმა“ დიდი უმრავლესობით მიიღო „ჰომოსექსუალობის ან ტრანსგენდერიზმის წარმოჩენას ან პოპულარიზაციას“ კრძალავდა. 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რუსეთში მისი ჩასვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი კეშ პატელი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც, ის რუსეთში იმყოფება.„MS NOW-მა ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსეთში ჩავედი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენლებთან შეხვედრების გასამართად. იგივე მედიასაშუალება მუდმივად ავრცელებს სიცრუეს FBI-ისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამერიკელი ხალხის დაცვის მიმართულებით მიღწეული ისტორიული წარმატებების შესახებ.შედეგები თავად მეტყველებს: ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებულია 53 969-ზე მეტი პირი. ეს მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა;ქვეყნის მასშტაბით მკვლელობების მაჩვენებელი თითქმის 20%-ით შემცირდა;დაკავებულია ძალადობრივი დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი 31 016-ზე მეტი პირი და კრიმინალური დაჯგუფებების წევრი. ეს მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა;დაკავებულია FBI-ის მიერ ძებნილ, ყველაზე საშიშ ათ დამნაშავეს შორის მყოფი 10 გაქცეული პირი. ეს წინა ოთხი წლის მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია;აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია დანაშაულის მსხვერპლი 11 081-ზე მეტი ბავშვი. ეს მაჩვენებელი 21%-ით გაიზარდა;ამოღებულია 3 258 კილოგრამზე მეტი ფენტანილი. ეს მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა. ამ რაოდენობის ფენტანილი საკმარისია 247 მილიონზე მეტი ამერიკელის მოსაკლავად.ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს FBI-ის თანამშრომლებისა და ჩვენი ყველა პარტნიორის – შტატების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ტომობრივი ხელისუფლებების სამართალდამცავი სტრუქტურების დაუღალავი შრომის შედეგია.მათ ბოდიში უნდა მოუხადონ FBI-ს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ქალებსა და კაცებს, ამერიკელ ხალხს“, – წერს კეშ პატელი სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი – პოლიტიკური ძალები უფროსკლასელ მომიტინგეებს იყენებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალები საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ უფროსკლასელებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მისმა პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟონმა გაავრცელა.ბრეჟონის თქმით, მთავრობის სხდომაზე მაკრონმა „ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდებს საფუძვლიანი შეშფოთების მიზეზები აქვთ, თუმცა აღნიშნა, რომ მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და პროტესტს ქუჩის არეულობად აქცევენ“.პრესსპიკერის განმარტებით, მაკრონმა მოსწავლეთა აქციებზე საპასუხოდ, მთავრობას რამდენიმე კვირის განმავლობაში „კონკრეტული ზომების“ მომზადება დაავალა.საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 ოქტომბერს, პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში 161 500 ადამიანი მონაწილეობდა. აქციების ორგანიზატორი პროფკავშირები კი ამბობენ, რომ მიტინგებს 480 ათასი მოქალაქე შეუერთდა.პარიზსა და ლიონში საპროტესტო მსვლელობების დროს ძალადობის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.13 ოქტომბერს საპროტესტო აქციებს შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგიც შეუერთდა.

ჯორჯია მელონი – ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა

ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, –  ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მელონის განცხადებით, კაპიტულაცია მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. მისივე თქმით, მთავრობის პოზიცია უცვლელია – კიევის მხარდაჭერა, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და ევროატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნება იტალიის მთავრობის მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება.„ვიცი, ამ საკითხზე მწვავე დებატები მიმდინარეობს – როგორც ამ დარბაზში, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის. პატივს ვცემ ამ განსხვავებულ მოსაზრებებს და მესმის კიდეც მათი, რადგან ამ დარბაზში ომი არავის სურს. ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა. განსხვავება იმაშია, როგორ მიგვაჩნია, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ. ჩემი აზრით, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის ალტერნატივა კი არ არის, ეს არის ის, რაც მშვიდობას შესაძლებელს ხდის. რადგან, აგრესორს თუ შეუძლია მოწინააღმდეგეს დანებება მოსთხოვოს, მაშინ მოლაპარაკებები რაღაში გვჭირდება? თუმცა დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაცვა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებს ან გვთავაზობს, ჩვენ მშვიდობა არ გვექნებოდა. ჩვენ ვისაუბრებდით ევროპული სახელმწიფოს ოკუპაციასა და საბჭოთა ტიპის იმპერიალიზმის დაბრუნებაზე, რომელსაც ევროპა ნახევარი საუკუნის განმავლობაში იცნობდა. პირადად მე ის წლები არ მენატრება. არ მენატრება რუსული ტანკები, რომლებმაც პრაღასა და ბუდაპეშტში აჯანყებები ჩაახშეს და არც ბერლინის კედელი მენატრება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს. მშვიდობა, რომლის დამყარებასაც ჩვენ ვესწრაფვით და რომლის მისაღწევაზეც ვმუშაობთ – მათ შორის, საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით გარკვეული ფასის გადახდის მიუხედავად – სამართლიანი მშვიდობაა. მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა იცავს ევროპასა და ჩვენს ინტერესებს. ამიტომ, მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება – კიევის მხარდაჭერა, განსაკუთრებული ყურადღებით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მოსკოვზე ზეწოლა და ევროატლანტიკური ერთიანობა ჩვენი მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება“, – აღნიშნა მელონიმ.

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება შესაძლებელი, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს – მიხეილ სარჯველაძე

"სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება დამატებითი ფინანსური რესურსები, ეს ფინანსური რესურსები აბსოლუტურად გონივრულად ხმარდება, მათ შორის, იმ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, რომელსაც შეიძლება ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეთ", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გაზრდილ პენსიებთან დაკავშირებით განაცხადა.როგორც მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" საუბრის დროს განაცხადა, აღნიშნული თვალსაზრისით, ხელისუფლების გადაწყვეტილების კრიტიკის არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს."ბიუჯეტი სწორად რომ იგეგმება, ამიტომაც არის შესაძლებელი, რომ საქართველოში, ბოლო ხნის განმავლობაში ყოველწლიურად . ერთი მხრივ, საკანონმდებლო გარანტია არსებობს, რომ პერიოდულად პენსია და სოციალური უზრუნველყოფა გაიზარდოს, მეორეს მხრივ, ხშირად იზრდება იმაზე მეტად, ვიდრე საკანონმდებლო ვალდებულებითაა გათვალისწინებული.სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება დამატებითი ფინანსური რესურსები, ეს ფინანსური რესურსები აბსოლუტურად გონივრულად ხმარდება, მათ შორის, იმ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, რომელსაც შეიძლება ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეთ. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების გადაწყვეტილების კრიტიკის არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს.წელს, საბედნიეროდ, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო კონკრეტულ სეგმენტზე 45 ლარით ზრდა, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა, თუმცა ამაზეც ვნახეთ, რა ხდებოდა - არასწორია ასეთი განცხადებები.ყველამ კარგად იცის, რომ პირველ და მეორე წარდგენის პროცესში ჩნდება შესაძლებლობა, წლის ბოლოა, ჩნდება წლიური შედეგები, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ დაიგეგმოს მომავალი წლის ბიუჯეტი და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ, როგორი შეიძლება იყოს იანვრიდან მომდევნო წლის საბიუჯეტო ხარჯი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები