საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება თანამედროვე კიბერსაფრთხეების შესახებ, ციფრულ გარემოში უსაფრთხოების პრაქტიკული უნარების განვითარება და პერსონალური თუ საუნივერსიტეტო ინფორმაციის დაცვის კულტურის გაძლიერება.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს ციფრული მმართველობის სააგენტოს (DGA) კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის (CERT) თანამშრომლებმა. მათ სტუდენტებს გააცნეს არსებული კიბერსაფრთხეები, ინფორმაციის დაცვის პრაქტიკული მეთოდები და კიბერჰიგიენის ძირითადი წესები. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა შემეცნებითი ქვიზი, ხოლო გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კიბერუსაფრთხოება ინფორმაციული სისტემების, ქსელების, პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მონაცემების უნებართვო წვდომისგან, დაზიანებისგან, მოპარვისა და სხვა სახის კიბერსაფრთხეებისგან დაცვის ღონისძიებათა ერთობლიობაა. მისი საფუძველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. როგორც თალიკო ჟვანია აცხადებს, თანამედროვე უნივერსიტეტისთვის კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო და კვლევითი პროცესები, ელექტრონული კომუნიკაცია, აკადემიური რესურსები და პერსონალური მონაცემები სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ციფრულ ინფრასტრუქტურაზე. დეკანის თქმით, ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა. საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ციფრული მმართველობის სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებს, რომელთა მიზანი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა. თალიკო ჟვანიას განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად ერთვება ღონისძიებათა ციკლში.
„კიბერსაფრთხეების გავრცელებული ფორმებია ფიშინგი – ყალბი შეტყობინებებით მომხმარებლის მოტყუებისა და მისი მონაცემების მოპოვების მცდელობა, ანგარიშებზე უნებართვო წვდომა, მავნე პროგრამები და მონაცემთა გამოსასყიდის სანაცვლოდ დაბლოკვა. მსგავსი საფრთხეებისგან დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების მექანიზმებს, არამედ მომხმარებლების ინფორმირებულობასა და პასუხისმგებლიან ქცევას. ერთი დაუცველი ანგარიში ან საეჭვო ბმულზე დაუფიქრებლად გადასვლა შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს როგორც ცალკეული მომხმარებლის მონაცემებს, ისე უნივერსიტეტის ინფორმაციულ სისტემებს.
კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება როგორც ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, ისე სტუდენტებს. უნივერსიტეტის ციფრული რესურსების დასაცავად აუცილებელია ძლიერი და უნიკალური პაროლების გამოყენება, მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის ჩართვა, პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლება, მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნა და ინფორმაციის გაზიარებისას წვდომის უფლებების სწორად განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია საეჭვო ელექტრონული წერილების, უცნობი ბმულებისა და დანართების გადამოწმება, საუნივერსიტეტო ანგარიშების დაცვა და შესაძლო კიბერინციდენტის შესახებ პასუხისმგებელი პირების დაუყოვნებლივ ინფორმირება.
კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის გაღრმავება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში უსაფრთხო ციფრული გარემოს ჩამოყალიბებას, აკადემიური და პირადი ინფორმაციის დაცვასა და სტუდენტებში პასუხისმგებლიანი ციფრული ქცევის დამკვიდრებას“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.

