პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა ARTFF 2026-ზე მიღებული გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების ჭრილში შეაფასეს

„უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც აკადემიური ცოდნა რეალურ პროფესიულ გამოცდილებასა და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასთან ბუნებრივად იკვეთება. სწორედ ამ თვალსაზრისით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობა ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე – ARTFF 2026. ფესტივალი საინტერესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირება ხელოვნების, კულტურის, ტურიზმის, ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების მზარდი გავლენა ამ ინდუსტრიებზე. ჩვენთვის, როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის, ეს საკითხი ორმაგად საინტერესოა, ერთი მხრივ, სტუდენტები ეცნობიან ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ხოლო მეორე მხრივ, ხედავენ, როგორ გარდაიქმნება მათი გამოყენებით სრულიად განსხვავებული სფეროები და იქმნება ახალი ბიზნეს და პროფესიული შესაძლებლობები“, – ამის შესახებ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას, სადაც ARTFF 2026-ის მნიშვნელობასა და ფესტივალზე სტუდენტების მონაწილეობაზე ისაუბრა, განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები: დეკანი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორები ლელა კოჭლამაზაშვილი, მარინა მეტრეველი, ასოცირებული პროფესორი ნანი მამფორია და სტუდენტები ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალს – ARTFF 2026-ს დაესწრნენ და ფესტივალის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და პროფესიულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

საერთაშორისო ფესტივალმა კინოს, ხელოვნების, მოგზაურობისა და თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს მოუყარა თავი და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას, ინოვაციურ მიდგომებსა და ინდუსტრიის განვითარების უახლეს ტენდენციებს. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეში, მათ შორის, საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროფესიული ცოდნის გაფართოებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების, რეჟისორებისა და პროდიუსერების მიერ ჩატარებულ ვორქშოფებს, მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, ფესტივალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა ხელოვნებისა და მოგზაურობის სფეროების თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განვითარების ტენდენციების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მზარდ როლს შემოქმედებით ინდუსტრიებში, მათ შორის, ხელოვნების, ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიმართულებით. როგორც პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აცხადებს, აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ვინაიდან თანამედროვე ბიზნესგარემო სულ უფრო მეტად ეფუძნება ტექნოლოგიური ინოვაციების, მონაცემთა ანალიზის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მიღებულმა გამოცდილებამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, აკადემიური სივრცის მიღმა დაკვირვებოდნენ იმას, თუ როგორ გარდაქმნის ახალი ტექნოლოგიები შემოქმედებით ინდუსტრიებს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ტურიზმისა და კულტურის სფეროების განვითარების ხელშესაწყობად.

„ფესტივალის საგანმანათლებლო კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზის თვალსაზრისით. საერთაშორისო პროფესიონალებთან უშუალო კომუნიკაციამ სტუდენტებს საშუალება მისცა, გაცნობოდნენ რეალურ პროფესიულ გამოცდილებას, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და უკეთ დაენახათ კავშირი უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და თანამედროვე სამუშაო გარემოს მოთხოვნებს შორის. ARTFF 2026-ის მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები სტუდენტებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, გააფართოონ პროფესიული და აკადემიური ინტერესების სფერო, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების გამოცდილებას. ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ინტერდისციპლინური ხედვისა და საერთაშორისო კომპეტენციების განვითარებას. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობა უმაღლესი განათლების თანამედროვე ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში ბიზნესის, ხელოვნების, კულტურისა და ტურიზმის სფეროები სულ უფრო მეტად იკვეთება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც პროფესიული განვითარების, ისე ინოვაციური ბიზნესმოდელების ჩამოყალიბებისთვის. ვფიქრობ, ARTFF 2026-ის გამოცდილება ჩვენი სტუდენტებისთვის განსაკუთრებით ღირებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ დაანახა, რომ თანამედროვე ბიზნესტექნოლოგიები მხოლოდ ტრადიციულ ბიზნესს არ უკავშირდება. ტექნოლოგიური ცოდნა სულ უფრო აქტიურად გამოიყენება კულტურის, ხელოვნების, ტურიზმისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებისთვის და ამ პროცესში იქმნება ახალი პროფესიები, ახალი სერვისები და ახალი ბიზნესმოდელები. სწორედ ასეთი ინტერდისციპლინური ხედვის განვითარებაა ის მიმართულება, რომელსაც ჩვენი ფაკულტეტი მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს“, – აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ნადარეიშვილი: ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს გუდაურში გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება

აქტიური მზადება მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და რა თქმა უნდა, აქ წამყვანი როლი აქვს ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.მინისტრის მოადგილემ ზამთრის ტურისტულ სეზონზე საუბრისას აღნიშნა, რომ წელს გუდაურში განსაკუთრებული სიახლეები იქნება.„ეს შეეხება ახალ სასრიალო ტრასებს, ახალ საბაგიროებს, თითქმის 8 კმ დამატებით იქნება გათოვლიანებული, მოეწყობა სასრიალო ტრასების განათება ახალ გუდაურში და იქნება ბევრი სიახლე, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი დამსვენებლები“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს ასევე გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და მისი პროგნოზით, ეს  ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტებზე სიახლეების კუთხით.„ჩვენი ქვეყნის ოთხსეზონიანი ტურისტული ადგილის პოზიციონირების თვალსაზრისით, ზამთრის სეზონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ტრადიციულად სახელმწიფო ზრუნავს როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე დამატებითი სერვისების მიწოდებაზე ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებზე“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მშვიდობის 2026 წლის ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ იურისტს, ნავი პილაის გადაეცა

მშვიდობის დარგში ნობელის 2026 წლის პრემია სამხრეთაფრიკელ იურისტს, ნავანეთემ (ნავი) პილაის გადაეცა.როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, პილაის ჯილდო მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის ხელშეწყობისთვის მიენიჭა.„მშვიდობის დარგში ნობელის 2026 წლის პრემია გადაეცემა ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული სიმამაცითა და პრინციპულობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უფრო სრულყოფილი გლობალური სამართლებრივი წესრიგის ჩამოყალიბებაში. წლევანდელმა ლაურეატმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის ჩამდენთა სამართლებრივი დევნის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, იორგენ ფრიდნესმა.ნობელის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჯილდო არის გზავნილი მათთვის, ვინც თავს ესხმის საერთაშორისო სისტემას ან ძირს უთხრის მის ინსიტუტებს.„ეს არის გზავნილი იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი და მისი ინსტიტუტები უფრო მშვიდობიანი სამყაროს ქვაკუთხედს წარმოადგენს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯილდო გააძლიერებს როგორც ინსტიტუტებს, ისე ცალკეულ პიროვნებებს, არამხოლოდ ნავი პილაის, თუმცა უპირველესად სწორედ მას“, – განაცხადა ფრიდნესმა.ნავი პილაი სამხრეთ აფრიკის უმაღლესი სასამართლოს, რუანდის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე იყო. პილაი ასევე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანამდებობას იკავებდა,  ხელმძღვანელობდა ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიის საკითხზე გაერო-ს დამოუკიდებელ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას. ამასთან, პილაი ქალთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, „თანასწორობის“ (Equality Now) ერთ-ერთი დამფუძნებელია.

შიო მესამე – ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ნათქვამია, რომ სიტყვა არის ღმერთი, სიტყვა ღვთისა არის...

იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით და მეოხებით, გვასწავლოს ჩვენ ღმერთმა რწმენა,  განსაკუთრებით ჩვენ, სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს, გვმართებს ვევედროთ მას,  გვასწავლოს საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, სწავლება ქრისტესი, უფრო ღრმად შევიმეცნოთ და მართებულად, გადმოვცეთ და ვიქადაგოთ ბევრის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.პატრიარქის თქმით, არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო გულითადად გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს. ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს. წმინდა მოციქულის მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას. როგორც ცნობილია, იგი იყო ყველაზე ახალგაზრდა მოწაფეთა შორის და ყველაზე საყვარელი, უფალი იესო ქრისტესი.რატომ უწოდებდა მაცხოვარი მას საყვარელ მოწაფეს? უფალს ხომ ყველა უყვარდა, ცოდვილებიც უყვარდა, უმადური კეთროვნებიც უყვარდა. სწორედ ამიტომ, განკურნა უმადური კეთროვნები.  მაშ, რატომ იყო ის საყვარელი? იმიტომ რომ, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ყველაზე უკეთ ისმენდა უფლის სიტყვებს, ყველაზე უკეთ ესმოდა მისი სწავლება და მისი სიტყვები და ყველაზე უფრო მამაცი აღმოჩნდა და მტკიცე რწმენაში. მას აღმოაჩნდა ყველაზე მეტად მზაობა, რომ მაცხოვრის გულისთვის ტანჯვა დაეთმინა. როდესაც დანარჩენი მოწაფეები  დაიფანტნენ მიატოვეს უფალი, ჯვართან ვინ დარჩა ძვირფასო ძმებო და დებო? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რამდენიმე მენელსაცხებლე დედა და იოანე ღვთისმეტყველი. ასეთი ახალგაზრდა კაცისთვის უმძიმესი სანახაობა იყო ჯვარცმის ხილვა, მით უმეტეს საყვარელი მოძღვრის. მაგრამ მან თავის თავში შიში დაძლია, რომ მდგარიყო ჯვართან და დარჩა ბოლომდე მაცხოვრის გვერდით. ამ სიყვარულისთვის, განსაკუთრებული სიყვარულისთვის ღმერთმა მას მისცა საოცარი მადლი საიდუმლოებათა ჭვრეტის. მას გაეხსნა ისეთი საიდუმლოებები, საღვთო საიდუმლოებები, საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, რის გამოც სწორედაც ღვთისმეტყველას იწოდა. მისი სახარება სრულიად გამორჩეულია დანარჩები სამი სახარებისგან, რომელშიც მოთხრობილია უფალი იესო ქრისტეს სამწლიანი მსახურება, ცხოვრება ამ დედამიწაზე, ქადაგებები, მაგრამ იოანე ღვთისმეტყველმა თავის სახარებაში, აი ამ მოვლენების საიდუმლო აზრი გაგვიხსნა. არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე, ასე ძლიერად უფალი იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა.შეიძლება ითქვას, რომ ამ სამყაროში არაფერი დაწერილა, იმის მსგავსი და იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ის დასაწყისშივე ამბობს, რომ სიტყვა არის ღმერთი, სიტყვა ღვთისა არის ღმერთი და ეს სიტყვა იწოდებოდა იესო ქრისტედ, რომელი განკაცდა სხვათა. პირველად იყო სიტყვა, ეს საოცარი სიტყვებია, რომელიც იკითხება აღდგომის მსახურებაზე. პირველად იყო სიტყვა სიტყვა, იგი იყო ღვთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი და შემდეგ უკვე ამბობს, რომ და სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის. იოანე მოციქულს ჰქონდა ყველაზე საკვირველი გამოცხადებები იესო ქრისტეს შესახებ. მხოლოდ ის ამბობს ღმერთზე, რომ ღმერთი სიყვარულია. არავის არსად მსგავსი რამ არ უთქვამს. შემდეგ უკვე, მისი გარდაცვალების წინ კუნძულ პატლოსზე მას მიეცა ხილვა კაცობრიობის ისტორიის განვითარების, ქრისტეს ეკლესიის ისტორიის განვითარების და მის წიგნში, რომელსაც ეწოდება „გამოცხადება აპოკალიფსისი“ არის გადმოცემული აღსასრული კაცობრიობის ისტორიის,იმ ბოლო დღეების, როგორ დასრულდება ამ სამყაროს დღეები, როდესაც მეორედ მოვა დიდებით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამრიგად, ამ დიდი სიყვარულის გამო, ამ დიდი მადლის გამო წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და საკვირველი წმინდანი კაცობრიობის ისტოროაში. პიროვნება და ადამიანი.კიდევ ერთხელ, გილოცავთ ძვირფასო ძმებო და დებო დღევანდელ დღეს, ჩვენ ვართ ბედნიერნი, რომ გვყავს სხვა წმინდანებთან ერთად ასეთი დიდი მეოხი და მფარველი ზეცაში და ამიტომ გვაქვს იმედი, შეიძლება გვქონდეს იმედი ღვთის წყალობის და შეწევნის. მთავარია, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ მცირედ  მორწმუნენი, არ აღმოვჩნდეთ უღირსნი და ვერ შემძლებელნი ამ დიდი წმინდანების სიწმინდის და სიდიადის ჩვენს გულებში დატევნისა. დღეს ისეთი საოცარი დღეა. დიდი სიყვარული სუფევს ჩვენს შორის განწყობაა შესანიშნავი ამ დიდებულ ტაძარში. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი სიყვარულით დაგლოცოთ, მოგილოცოთ.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მოგვმადლოს უფალმა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით და მეოხებით, გვასწავლოს ჩვენ ღმერთმა რწმენა, გვასწავლოს სიყვარული, გვასწავლოს სიმდაბლე. განსაკუთრებით ჩვენ, სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს, გვმართებს ვევედროთ მას, რომ გვასწავლოს საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, სწავლება ქრისტესი, უფრო ღრმად შევიმეცნოთ და მართებულად. გადმოვცეთ და ვიქადაგოთ ბევრის წინაშე და მოგვმადლოს ქრისტიანული სულიერი ღვაწლი. ამინ.დღეს ჩვენ, ასევე აღვნიშნავთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებას, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა. ეს არის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ათონის პორტაიტისას ზუსტი ასლი, რონელიც დიდი ხნის განკავლობაში იყო ამ ხატზე დადებული და კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ჩამოაბრძანა და სიონში არის დასვენებული, დაბრძანებული.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ჩვენთან არსს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა, შიო მესამემ.

კახა კალაძე – ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომელიც დაადგენს, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა

ლილოში არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის დღესაა, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, გაირკვევა, რამდენად მიზანშეწონილი და შესაძლებელია ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა.„არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის პრობლემა ნაჟური წყლების (ლიჩეტის), რომელიც პირდაპირ არხში ჩაედინება და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით. შესაბამისად, პირველი, რაც გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით და დაფინანსებით, არის გამწმენდი სისტემის მოწყობის პროექტი. უკვე არსებობს კონკრეტული კომპანია, დაწყებულია სამუშაოები, რომელიც 2027 წლის სექტემბრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს. ამით სუნთან და ნაჟური წყლების არხში ჩადინებასთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოწესრიგდება, თუმცა ეს ნაგავსაყრელის პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის განიხილება საერთაშორისო სტანდარტების ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობა და ნაგავსაყრელის გადატანის მართებულობაც.„გვექნება კვლევის შედეგები და გვეცოდინება სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი აღნიშნული ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა და რომელ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლება ამის განხორციელება. რამდენიმე ალტერნატიული სივრცე არსებობს, სადაც მუნიციპალიტეტი განიხილავდა ნაგავსაყრელის გადატანის შესაძლებლობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის რაღაცა საკუთარი ნივთი, რომ აიღო და პირადად მე მივიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. საჭიროა კვლევები, თუ რამდენად სწორი იქნება ამის გაკეთება, რამდენად ოპტიმალური იქნება ხარჯების თვალსაზრისით და ბიუჯეტს მიადგება თუ არა ზიანი. შესაბამისად, ჩვენ დაქირავებული გვყავს უცხოური კომპანია, რომელიც აკეთებს მოკვლევას ამასთან დაკავშირებით და როგორც კი გვექნება პასუხები, საზოგადოებასაც ვაცნობებთ. ეს უკვე ძალიან მალე იქნება ცნობილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადასტურებს ბანალურ ჭეშმარიტებას, როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი, მათ შორის, უსწრებს ევროკავშირის წევრებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანალურ ჭეშმარიტებას, როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება თვლად და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი და, მათ შორის, უსწრებს ხოლმე ევროკავშირის წევრებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც ამის დასტურია.„ობიექტური შეფასება როგორც კი ხდება, ვნახეთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარზე წინ ვართ, აღარაფერი რომ ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე. ყოველი ასეთი ანგარიში გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს და თავადაც ახორციელებს, რომ ქართველი ხალხი გააშავოს, წარმოაჩინოს რაღაც კაციჭამიებად და უღირს ხალხად. ამაში ხარჯავს ბრიუსელი დღეს ფულს, ხარჯავს თავის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის გაშავება, მაგრამ ყოველ ჯერზე ამგვარი კვლევები და ანგარიშები ამხელს ბრიუსელის ემისრების მავნე მიზნებს და აჩვენებს სიმართლეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში.

ბოლო სიახლეები