რეალურად მმართველ გუნდს რომ კადრები გამოელია, ესეც აღარ და ვეღარ იმალება, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებს.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი წერს, „პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა“.
„ანუ პოლიტიკურმა, პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა და „პირველად 30 წლის მანძილზეო“, სუს-ის ხელმძღვანელად ვნიშნავთო კარიერა-გამოვლილ ადამიანსო. ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს კობახიძე?! რეალურად, მმართველ გუნდს რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება. თორემ ინსტიტუტები ვინ დაშალა, ვინ წაართვა დამოუკიდებლობა და კარიერიდან წამოსულ პროფესიონალებს თავზე ვინ დაუსვა ახლად გამოჩეკილი „გენერალი“ და მისი კლანი?“ – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, სოციალურ ქსელში თავად დაწერა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღესვე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

