ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026

ირანის ელჩი ალი მოჯანი: „პანკისელი აჰმადის ოჯახი ირანსა და საქართველოს შორის ადამიანური ხიდია“

,,გასულ კვირას მქონდა პატივი, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, მესტუმრა პანკისის ხეობაში — მიწაზე, რომელიც მხოლოდ თავისი ულამაზესი ბუნებითა და მდიდარი კულტურით არ არის ცნობილი, არამედ წარმოადგენს საქართველოში იდენტობის, ტრადიციებისა და საზოგადოებრივი ერთიანობის შენარჩუნების ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ მაგალითს. ქისტი საზოგადოების, ჩეჩნური და ინგუშური ფესვების მქონე ხალხის, შორის ყოფნა ჩემთვის მხოლოდ დიპლომატიური ვიზიტი არ ყოფილა; ეს იყო მოგზაურობა ადამიანური ისტორიის სიღრმეში, რომელიც უკვე შვიდ ათეულ წელზე მეტს ითვლის.
ეს ისტორია 1933 წელს იწყება, როდესაც ირანში დაიბადა ბიჭი სახელად აკბარ თაღი. მისი ცხოვრება ბავშვობიდანვე მძიმე განსაცდელებით იყო სავსე. მშობლების განქორწინებისა და დედის გარდაცვალების შემდეგ, რვა წლის ასაკში მამაც დაკარგა. უკეთესი მომავლის ძიებაში ის ნახევარძმებთან ერთად ნახჭევანში გაემგზავრა, თუმცა საბჭოთა კავშირის საზღვრის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე გადაკვეთის გამო დააკავეს და ნახჭევნის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი გორის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი მოზარდობის წლები გავიდა.
1951 წელს, თვრამეტი წლის ასაკში, აკბარმა პანკისის ქისტი საზოგადოების წარმომადგენელ ქალზე იქორწინა. ამის შემდეგ იგი ადგილობრივებში „აჰმადის“ სახელით გახდა ცნობილი. თანდათანობით, საკუთარი შრომით, პატიოსნებითა და პანკისელების მხარდაჭერით, მან ამ საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. ქისტების ტრადიციულ კულტურაში შიდა-საზოგადოებრივი ქორწინება ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო, ხოლო უცხო ადამიანის მიღება ნდობას, დროსა და ურთიერთპატივისცემას მოითხოვდა. ირანელმა აჰმადმა ეს ნდობა დაიმსახურა და პანკისის დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
ამ ქორწინების შედეგად მრავალშვილიანი ოჯახი შეიქმნა — ხუთი ვაჟითა და რამდენიმე ქალიშვილით. 1951-1991 წლებში ეს ოჯახი პანკისის ხეობაში ცხოვრობდა და გრძელ გზას გადიოდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებთან ერთად.
თუმცა ბედმა სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცა. სწორედ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად მიეცა შანსი კვლავ ენახა ირანის მიწა, მოელოცა წინაპართა საფლავები და შეხვედროდა ნათესავებს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისგან კი, კეთილი სახელის გარდა, დარჩა ოჯახი, რომლის თითოეულ წევრში დღესაც აშკარად ჩანს ირანული და ქისტური სისხლის ბუნებრივი შერწყმა.
ამ ვიზიტისას პატივი მქონდა, ვყოფილიყავი მისი ოჯახის სტუმარი. შევხვდი მის მეუღლეს — ქისტ ქალბატონს, რომელიც დღეს უკვე ხანდაზმულია, მშვიდი, ღირსეული და მრავალი მოგონებით სავსე. მოკრძალებულობის გამო კამერის წინ გამოჩენას ერიდებოდა, თუმცა მის მზერაში ათწლეულების გამოცდილება, ერთგულება და სიყვარული იკითხებოდა. ჩემი დანახვისას გულწრფელად მითხრა: „თითქოს ჩემი მაზლი ჩამოვიდა.“ ეს სიტყვები ჩემთვის მხოლოდ მისალმება არ ყოფილა — ისინი იმ კავშირის გამოხატულება იყო, რომლის გაწყვეტაც დროს ვერ მოუხერხებია.
თბილ და გულწრფელ სადილზე მის შვილებთან, შვილიშვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დავსხედით. მათი მხრიდან გამოხატულმა გულითადმა სტუმართმოყვარეობამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ხალხებს შორის ურთიერთობები ჯერ ოჯახებში და ადამიანების მეხსიერებაში იბადება და მხოლოდ შემდეგ აისახება პოლიტიკურ დოკუმენტებში.
დღეს აკბარ თაღის, ანუ პანკისელი აჰმადის ოჯახი, მხოლოდ ერთი ირანელის ხსოვნა აღარ არის. ისინი ირანისა და საქართველოს საერთო ადამიანური მემკვიდრეობის ნაწილია. ეს ოჯახი წარმოადგენს ადამიანურ ხიდს ირანსა და საქართველოს ქისტ საზოგადოებას შორის — ხიდს, რომელიც ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, კეთილ სახელზე, პატიოსნებასა და ნათესაურ კავშირებზეა აგებული. ამ ოჯახის წევრების ირანში რეგულარულ ვიზიტებს და ირანელების სტუმრობას პანკისში – შეუძლია ეს ფასდაუდებელი კაპიტალი გადააქციოს ურთიერთგაცნობის, კულტურული გაცვლის, სამეცნიერო და საზოგადოებრივი თანამშრომლობისა და ორი ერის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან საფუძვლად.
მსოფლიოში, რომელსაც დღეს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება დიალოგი და თანაარსებობა, ასეთი ოჯახები გვახსენებენ, რომ ხალხებს შორის ურთიერთობების ისტორია მხოლოდ ხელშეკრულებებსა და ოფიციალურ დოკუმენტებში არ იწერება. ზოგჯერ ირანელი ბავშვის ბედი და მისი ქორწინება პანკისელიგოგონასთან ქმნის ისეთ ისტორიას, რომელიც ათწლეულების შემდეგაც მეგობრობაზე, ნდობასა და ადამიანურ კავშირებზე გვიამბობს.
დასასრულს, მსურს ვურჩიო ირანელ და ქართველ მკვლევრებს, სტუდენტებს, ისტორიკოსებს, ასევე პანკისის ხეობის ინტელიგენციასა და ახალგაზრდობას, პანკისის სოციალური ისტორიის, ქისტთა მიგრაციისა და 1950-1991 წლებში პანკისის საზოგადოების განვითარების უკეთ შესასწავლად მიმართონ არსებულ სამეცნიერო წყაროებს. მათ შორისაა იოჰანა ნიკოლსის ნაშრომები ქისტთა საზოგადოებისა და კავკასიური ენების შესახებ, გიორგი სანიკიძის კვლევები კავკასიის მუსლიმურ საზოგადოებებსა და ისლამზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევები, აგრეთვე პანკისის ხეობის ანთროპოლოგიური კვლევები და ადგილობრივი საარქივო მასალები.
უდავოა, რომ ისეთი ოჯახების, როგორიცაა აჰმად პანკისელის ოჯახი, მოგონებების შეგროვება და გამოქვეყნება ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ირან-საქართველოს ურთიერთობების ზეპირი ისტორიის შენარჩუნებაში მომავალი თაობებისთვის.
იმედი მაქვს, ეს ვიზიტი გახდება ამ საერთო ადამიანური მემკვიდრეობისადმი უფრო დიდი ყურადღების დასაწყისი — მემკვიდრეობისა, რომელიც პოლიტიკაზე კი არა, ოჯახზე, ნდობაზე, სიყვარულსა და საერთო ბედზეა დაფუძნებული და რომელსაც შეუძლია იქცეს ირანს, საქართველოსა და პანკისის ქისტ საზოგადოებას შორის კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების მაგალითად”- ამის შესახებ წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გოგა მანიას გაფრთხილება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს:„ინფორმაცია ჯადოზე და მაგიაზე. ის რაც აქამდე არ იცოდით... შიშველი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ, მაგიურ ნივთებს, სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას, როცა მას ეხებით. იყავით ფრთხილად“,- ამბობს გოგა.ნახეთ, ვიდეო: 

საპატრიარქოს უწყებანი ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში ახალი მღვდელმსახურის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 26 ივლისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი სიხარულიძეს.მღვდელი გიორგი ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მან შემცვალა” – თოფურია მუნდიალის გმირ ფერან ტორესს შეხვდა

"ბარსელონას" ფორვარდმა ფერან ტორესმა, რომელიც იბიცაზე ისვენებს, სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, საიდანაც ირკვევა, რომ ის UFC-ის ქართველ მებრძოლ ილია თოფურიას შეხვდა.ტორესისთვის თოფურიასთან კავშირი მის განვითარებაში მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. YouTuber Jordi Wild-ის "პოდკასტში" ადრე საუბრისას ტორესმა ახსნა, თუ როგორ შეცვალა მებრძოლთან შეხვედრამ მისი პირადი აზროვნება და სპორტისადმი პროფესიული მიდგომა."პირველივე შეხვედრისას საერთო ენა მალევე გამოვნახეთ. მან ბრძოლის წინ მითხრა, რომ მოწინააღმდეგე 1 რაუნდსაც ვერ გაუძლებდა. ვიფიქრე: "მინდა, მისნაირი ვიყო".ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ფერანი ვიყავი და შემდეგ სულ სხვანაირი გავხდი", - იხსენებს ტორესი.ამ შეხვედრის შემდეგ, ესპანელმა თავდამსხმელმა მთლიანად შეცვალა ყოველდღიური ვარჯიშისა და ჯანმრთელობის რეჟიმი. მან მწვრთნელს დღეში ორი ვარჯიში, ხოლო ნუტრიციოლოგს სამი კილოგრამის დაკლებაში დახმარება სთხოვა და ფიზიოთერაპევტთან ერთად ორსაათიანი ყოველდღიური აღდგენითი პროცედურები დაგეგმა.თოფურიასთან ურთიერთობამ ფერანის ცნობილი სახელი "ზვიგენიც" გამოიწვია. მან "ბარსელონაში" თანაგუნდელებს ილიას ფრაზა უთხრა, სადაც ის აცხადებდა, რომ ზვიგენი იყო, რომელსაც დიდი თევზების არ ეშინოდა. ამის შემდეგ "ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა ტორესს სოციალურ ქსელში ზვიგენის ემოჯებით უპასუხეს.

კახა კალაძე – აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს – შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რამდენიმე მიმართულებით, რაც...

აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ამ დროისთვის, მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები.„რუსთაველის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა. მეორე დღიდანვე ობიექტზე შევიდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულმასშტაბიანი განახლება დაიწყო. ეს მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამზირის საინჟინრო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, ტროტუარზე დაწყებულია მიწისქვეშა კაბელარხების მოწყობაც, სადაც შემდგომ ელექტროსადენები განთავსდება.„კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ობიექტზე შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.„აღსანიშნავია, რომ ყველა სამუშაო ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ობიექტზე ღამის საათებში ხდება შეგროვებული მასალის გატანა, ასევე, ახალი სამშენებლო მასალის შეტანა, რომ დღის მანძილზე დიდი მანქანების მოძრაობა შეზღუდული იყოს. შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით. სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი, ჰლუნ სოლო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის გარდაცვლილი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს.ბლოგერის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 13 ივლისს გავრცელდა, ოჯახი მას ამ დრომდე ეძებდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები