თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა ღია კენჭისყრაზე დაუჭირა მხარი.
თინათინ ბერძენიშვილი მაუწყებლის პირველი გენერალური დირექტორია, რომელმაც მმართველობის მანდატი სრულად შეასრულა. ამ დროის განმავლობაში მან ორგანიზაციაში დანერგა მართვის სრულიად განსხვავებული და ინოვაციური მიდგომები. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საუკუნის პროექტი – აშენდა პირველი არხის ახალი შენობა, რომელიც მასშტაბით და კომპლექსურობით უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.
ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად, შეიცვალა ორგანიზაციული სტრუქტურა და ვერტიკალური მმართველობის სტილი მოქნილი, ჰორიზონტალური მოდელით ჩანაცვლდა.
თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობითა და უშუალო ჩართულობით შეიქმნა ახალი პლატფორმები: საქართველოში პირველი უფასო სტრიმინგ პლატფორმა 1tvplay.ge და სპორტული არხი (პირველი არხი სპორტი).
„ბოლო ექვსი წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განვითარების, განახლებისა და მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. განვახორციელეთ საუკუნის პროექტი – ახალი შენობა, განახლდა ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი დაიფარა 45 მილიონი ლარის ოდენობის სესხი. ამ დროის განმავლობაში ჩვენ, როგორც გუნდმა, შევძელით არა მხოლოდ ინსტიტუციური სტაბილურობის შენარჩუნება, არამედ ორგანიზაციის თანამედროვე, მრავალპლატფორმიან და ციფრულ ეპოქასთან ადაპტირებულ მედიაორგანიზაციად განვითარება. შეიქმნა ახალი ციფრული პლატფორმები, დაიწყო სპორტული მაუწყებლობა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქართული შინაარსის წარმოება და გაძლიერდა მაუწყებლის როლი ქვეყნის კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების პროცესში. შესაბამისად, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო ძლიერი, მრავალფეროვანი და აუდიტორიაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. თუმცა ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ორგანიზაცია არ არის. ჩემი პროფესიული გზა სწორედ აქ დაიწყო და მრავალი წლის განმავლობაში პირველ არხთან ერთად ვიზრდებოდი. ამიტომ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მოტივაციით ვაცხადებ მზადყოფნას, გავაგრძელო მისი განვითარება მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად კონკურსი 25 ივნისს გამოცხადდა, ღია კენჭისყრა კი 29 ივლისს შედგა.

