გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსი, რომელიც ჩვენ არსებობს ამნისტიის მიმართულებით და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან.
„გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში. დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000. რაც შეეხება პატიმრების რაოდენობას, ჩვენი ზოგადი სურვილია პატიმრების რაოდენობა იყოს ნაკლები. ჩვენ გვაქვს გაძლიერებული ანტიკრიმინალური პოლიტიკა, გასული წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ზომა იქნა მიღებული ამ მიმართულებით, მათ შორის ნარკოტიკების მიმართულებით. ძალიან მძიმე ვითარება იყო და მხოლოდ ამ ნაწილში დაგვჭირდა ჩვენ 3000-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება. პირდაპირ საუბარი იყო ნარკოტიკების რეალიზაციაზე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამ შემთხვევაში, ძალიან რთულია ამნისტიაზე ან შეწყალებაზე ფიქრი. ეს არ იქნება სწორი. ძირითადი რა კონტინგენტზეც ვსაუბრობთ, უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არიან მსჯავრდებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე და რთული კატეგორიის დანაშაულებისთვის. აქედან გამომდინარე, რესურსი შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამნისტიის მიმართულებით და რომელიც პრეზიდენტს აქვს შეწყალების მიმართულებით. ძალიან დიდი იყო შეწყალებული პატიმრების რაოდენობა 2024 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2025 წლიდან ძალიან ბევრი პატიმარი იქნა შეწყალებული. შესაბამისად, შეწყალების რესურსი შემცირდა. თუმცა, მაქსიმალურად შევეცდებით ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც არსებობს და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან“, – განაცხადა პრემიერმა.

