პარასკევი, ივლისი 10, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, ტულუზის INP-ENSEEIHT (N7) უნივერსიტეტში სალექციო კურსს წაიკითხავს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ სადოქტორო პროგრამის სტუდენტი რომან ცერცვაძე Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან საინჟინრო უმაღლეს სასწავლებელში – ტულუზის INP-ENSEEIHT (N7)-ში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევარმა აქტიური სამეცნიერო საქმიანობა ჩაატარა საერთაშორისო აკადემიურ გარემოში, რის შედეგადაც მას მიეცა შესაძლებლობა აღნიშნულ უნივერსიტეტში სალექციო კურსი წაიკითხოს. რომან ცერცვაძე სტუდენტებს ლექციებს ფიქსირებული ოპტიკური და სატელიტური ქსელების მიმართულებით ჩაუტარებს. სალექციო კურსი თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებს მოიცავს და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, ტულუზის INP-ENSEEIHT (N7)-ი ევროპაში ელექტროტექნიკის, ტელეკომუნიკაციების, ელექტრონიკის, ინფორმატიკისა და ჰიდრავლიკის მიმართულებით საინჟინრო განათლების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად მიიჩნევა. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, ქართველი დოქტორანტის მიერ ამ უნივერსიტეტში სალექციო კურსის წაკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მაღალ დონეს და ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დოქტორანტები საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში არა მხოლოდ კვლევით, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევიან. რომან ცერცვაძის მიერ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საინჟინრო უმაღლეს სკოლაში სალექციო კურსის წაკითხვა მისი მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის, სამეცნიერო კომპეტენციისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი აღიარებაა.

ფიქსირებული ოპტიკური და სატელიტური ქსელები თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური მიმართულებაა. დღეს, როდესაც მსოფლიო სწრაფად გადადის გიგაბიტურ კავშირგაბმულობაზე, 5G/6G ქსელების განვითარებაზე, დაბალორბიტალური სატელიტური სისტემების ინტეგრაციასა და გლობალური ინტერნეტკავშირის ახალი არქიტექტურის ფორმირებაზე, ამ სფეროში ჩატარებული კვლევები და მიღებული ცოდნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ჩვენი დოქტორანტი სწორედ ამ აქტუალურ და სტრატეგიულ მიმართულებაზე წარადგენს სალექციო კურსს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. ეს არა მხოლოდ მისი პირადი წარმატებაა, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სკოლისა და იმ კვლევითი პოტენციალის აღიარებაც, რომელიც უნივერსიტეტში ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ჩამოყალიბდა. მსგავსი საერთაშორისო აკადემიური აქტივობები ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო თანამშრომლობების განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების ინიცირებას და, საბოლოოდ, ქართული საინჟინრო განათლების ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში“, – აცხადებს დეკანი.

დოქტორანტ რომან ცერცვაძის თქმით, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტულუზის INP-ENSEEIHT (N7)-ში სამთვიანი აკადემიური ვიზიტი მისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული და სამეცნიერო გამოცდილებაა. როგორც ის აღნიშნავს, საერთაშორისო კვლევით გარემოში მუშაობამ შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინა ცოდნა თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ემუშავა უცხოელ მეცნიერებთან და ჩართულიყო აქტუალურ სამეცნიერო კვლევებში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობების განვითარებას და მომავალში ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას. ეს პერიოდი ჩემთვის მხოლოდ აკადემიური გაცვლა არ ყოფილა. როგორც ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემების დოქტორანტს, მომეცა შესაძლებლობა მემუშავა საერთაშორისო კვლევით გარემოში, მიმეღო ახალი ცოდნა, გადამელახა ახალი გამოწვევები და მემუშავა მრავალფეროვან პროფესიულ თანამშრომლობებში. ამავდროულად, ტულუზაში ცხოვრებამ მომცა შესაძლებლობა ახლოს გამეცნო ახალი კულტურა, გამეცნო არაჩვეულებრივი ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და შემექმნა მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება. გულწრფელად მადლობელი ვარ ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელების, კოლეგებისა და ტულუზის INP-ENSEEIHT-ის მთელი საზოგადოების იმ მხარდაჭერის, წახალისებისა და თბილი მიღებისთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ვიგრძენი. მართალია, ეს გაცვლითი პროგრამა დასრულდა, თუმცა ეს არ არის გამომშვიდობება. მოუთმენლად ველი დაბრუნებას ახალი მოტივაციით, ახალი იდეებითა და კვლევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ განსაკუთრებული გზის ნაწილი გახდა“, – აცხადებს რომან ცერცვაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

🎥დაპირისპირება RAF-ის პრესკონფერენციაზე – რა მოხდა მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვის თანაგუნდელს შორის

თბილისში, RAF-ის პრესკონფერენციაზე, მერაბ დვალიშვილსა და სავარაუდოდ, უმარ ნურმაგომედოვის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ინფორმაციას ამის შესახებ La Gazzeta Georgia ავრცელებს.მათი ცნობით, რუსი მებრძოლის თანაგუნდელი მერაბთან მივიდა და ჰკითხა, თუ რა პრობლემა ჰქონდა უმარ ნურმაგომედოვთან.

„იმედის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა

„იმედის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა.შეგახსენებთ, როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს.მისივე თქმით, დაკავებულს ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.ამასთან, როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, ასევე გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან."საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით მზადდებოდა, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს ძებნილი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.შეგახსენებთ, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა ზემოთ ხსენებული საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს, საჭიროების შემთხვევაში, დივერსია უნდა მოეწყოთ. როგორც გახსოვთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ. დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარედგინა. მეორე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.გარდა აღნიშნული კვალიფიკაციისა, გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე დივერსიული აქტის თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით. ასევე გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან", - განაცხადა მაღრაძემ.

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერს 14 ივლისს გახსნიან

ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებაზე.„ევრონიუსის“ ცნობით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ელჩებმა მხარი დაუჭირეს მეექვსე კლასტერის გახსნის შესახებ საერთო პოზიციას, რომელიც საგარეო ურთიერთობებს მოიცავს.აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ირლანდიამ, ქვეყანამ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.ოფიციალური ცერემონიები 14 ივლისს ბრიუსელში ცალ-ცალკე გაიმართება.„ევრონიუსის“ ცნობით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ოთხი კლასტერი კვლავ განსახილველი რჩება: მეორე კლასტერი (შიდა ბაზარი), მესამე კლასტერი (კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა), მეოთხე კლასტერი (მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირი) და მეხუთე კლასტერი (რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა).ევროკომისია მიიჩნევს, რომ როგორც უკრაინა, ასევე მოლდოვა ტექნიკურად მზად არიან ყველა მათგანის გასახსნელად.თუმცა, შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებდა, რომ ეს „დაჩქარებული გაწევრიანების“ ტოლფასი იქნებოდა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან წევრობის მოლაპარაკებებს ძირს გამოუთხრიდა.

რუსეთის ვიცე-პრემიერი – უნდა ვაღიაროთ, რომ საწვავის მხრივ არის პრობლემები და არის დეფიციტი, რის გამოც ვხედავთ რიგებს

უნდა ვაღიაროთ, რომ საწვავის მხრივ არის პრობლემები და არის დეფიციტი, რის გამოც ვხედავთ რიგებს, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.მან აღნიშნა, რომ რუსეთის საწვავის ბაზარზე დეფიციტი არსებობს, ვინაიდან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მწყობრიდან გამოდის დაბომბვების გამო.„უნდა ვაღიაროთ, რომ არის პრობლემები და არის დეფიციტი, რის გამოც ვხედავთ რიგებს. ან ხანდახან ბენზინგასამართი სადგურები არასტაბილურად მუშაობენ. დეფიციტი გასაგების მიზეზების გამო , იმის გამო, რომ ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნაწილობრივ მწყობრიდან გამოდიან რემონტისთვის მოხვედრის გამო“, - განაცხადა ნოვაკმა.ცნობისთვის, აქამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საწვავის ბაზარზე არსებულ პრობლემებს „დროებითი“ უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენები რუსების შვებულებების პერიოდის ჩაშლის მცდელობებს უკავშირდება.

თორნიკე შენგელია საკვალიფიკაციო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში

ფიბა-მ გამოავლინა მსოფლიო ჩემპიონტის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო კალათბურთელები. MVP-დ ხორვატიის ნაკრების ლიდერი მარიო ჰეზონია დაასახელა.საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა:ნიკო მანიონი (იტალია), ტარიკ ბებეროვიჩი (თურქეთი), მარიო ჰეზონია (ხორვატია), მატეუშ პონიტკა (პოლონეთი), თორნიკე შენგელია (საქართველო).ფიბა-ს პუბლიკაციაში თოკოს შესახებ ვკითხულობთ: „პირველ საკვალიფიკაციოზე თორნიკე შენგელია „მონსტრი“ იყო. მისი 37 ქულითა და 10 მოხსნით საქართველომ ესპანეთი დაამარცხა. ეს საღამო ქართველ ქომაგს დიდხანს ემახსოვრება. ამ ტურნირზე ქართველი ვეტერანი საშუალოდ 21.3 ქულას, 7.2 მოხსნას, 2.5 პასს, 1.8 ჩაჭრასა და 1.2 დაფარებას აგროვებდა“.

ბოლო სიახლეები