უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა. ინფორმაციას თავად ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკის ინფორმაციით, ირლანდიაში ქვეყნის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ოფიციალურად დაწყების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ვიზიტის დროს ის შეხვდება ირლანდიის პრემიერს მაიკლ მარტინს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას.
„უკრაინა ყოველდღე ამტკიცებს, რომ იმსახურებს იყოს ჩვენი საერთო ევროპული სახლის თანასწორი ნაწილი. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის საბჭოში ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს შევძლებთ ხელშესახები პროგრესის მიღწევას გაწევრიანების გზაზე და მოლაპარაკების ყველა კლასტერის გახსნას“, – წერს ზელენსკი.

