იაპონიის ქალაქ იბარაკში დასუფთავების კომპანიის თანამშრომელმა ბინის დალაგებისას კარადაში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინა. შემთხვევა კასუგას რაიონში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ბინაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ბინის დასალაგებლად იყო მისული, როდესაც ერთ-ერთი კარადა გახსნა და ადამიანის ნეშტი შენიშნა. მან დაუყოვნებლივ საგანგებო სამსახურს მიმართა.
ადგილზე მისულმა პოლიციამ დაადასტურა, რომ კარადაში ადამიანის ძლიერ დაზიანებული ნეშტი იმყოფებოდა. წინასწარი დათვალიერებით დადგინდა, რომ თავის ნაწილი მთლიანად ჩონჩხის მდგომარეობაში იყო, ხოლო ტანსაცმელი თითქმის სრულად იყო განადგურებული.
ნეშტის დაშლის მაღალი ხარისხის გამო ექსპერტებმა ამ ეტაპზე ვერ შეძლეს გარდაცვლილის სქესისა და ასაკის დადგენა. პირველადი შემოწმებისას სხეულზე ძალადობის ან გარეგანი დაზიანების აშკარა კვალი არ გამოვლენილა.
გამოძიების ინფორმაციით, ბინის შესასვლელი კარი ჩაკეტილი იყო, ხოლო საცხოვრებლის ოფიციალური მოიჯარე უკვე გარდაცვლილია. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი ნეშტი სხვა ადამიანს ეკუთვნის.
ამ დროისთვის პოლიცია გარდაცვლილის ვინაობისა და მისი გარდაცვალების გარემოებების დადგენაზე მუშაობს.

