ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ, იუსტიციის დეპარტამენტს დავავალე, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ნავთობკომპანიები საწვავის ფასებს საკმარისად სწრაფად არ ამცირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნედლი ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა.
„დიდი ნავთობკომპანიები არ ამცირებენ ბენზინის ფასს იმდენად, რამდენადაც შეესაბამება იმ მკვეთრად დაბალ ფასებს, რომელსაც ისინი ნავთობში იხდიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლებს ზედმეტ თანხას ახდევინებენ. ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ!“, – წერს ტრამპი.
ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასებმა დაიკლო. ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება დღეს 77 დოლარია, ხოლო ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 73 დოლარამდე დაეცა.

