ხუთშაბათი, ივნისი 25, 2026

სახალხო დამცელის ანგარიში – საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები აქტიურად გამოიყენებოდა, ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის 8 200 შემთხვევას

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებასა და ახალი, მზღუდავი რეგულაციების სიმრავლეზე, მათ შორის, შეკრების გამართვის ადგილთან და ფორმასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა.
სახალხო დამცველის პრესსამსახურის ცნობით, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ 2025 წელს უფლების საკანონმდებლო დაცვის გარანტიების შესუსტებას თან სდევდა არაპროპორციული სახდელების დაწესება შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.
„ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებების უალტერნატივოდ დაქვემდებარება ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, ისევე როგორც მათი განმეორებით ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.
საყურადღებოა, რომ შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება „ხალხის სავალ ადგილას“ ან „ხალხის მოძრაობას აფერხებს“, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა სავალდებულო მითითების გაცემის უფლებამოსილება, რაც ქმნის ნებართვითი სისტემის დანერგვის რისკს. შეკრების თავისუფლების მზღუდავი რიგი საკანონმდებლო ნორმები სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹-ე მუხლის საფუძველზე გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების განსაკუთრებული სიმრავლით დასტურდება – 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 8 200 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
2025 წელს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტები, რაც, სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდებოდა. თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით. გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე, ხოლო ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება უნდა მიესადაგებოდეს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს.
გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპი და, შესაბამისად, მართლმსაჯულების საქვეყნოობისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა.
საკანონმდებლო ცვლილებებით შემოტანილი მოდელით, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში დაუშვებელია ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიო ჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს.
მოცემულ შემთხვევაში, კომპენსირების მექანიზმად შეიძლება, მივიჩნიოთ სასამართლოსთვის დაკისრებული პირდაპირი ინსტიტუციური ვალდებულება, თავად უზრუნველყოს პროცესის სრული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნისთანავე გახადოს იგი ხელმისაწვდომი მხარეებისთვის“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლოზ სამხარაძე – ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები

ალან ბერსე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მას არ სურს საქართველოს იზოლაცია. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს, რათა საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, თუმცა ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გვაქვს, – ამის შესახებ  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.სამხარაძის თქმით, ეს პოზიცია ყველამ იცის.„როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა განგვიცხადებია. ზუსტად იმას ვეუბნებით მათ, რასაც თქვენ – ჩვენ არ დავბრუნდებით იქამდე, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული საქართველოს დელეგაციის მანდატები. ამ მანდატების აღიარება სწორედ 2025 წლის იანვრის რეზოლუციის გაუქმებით უნდა მოხდეს“, – განაცხადა სამხარაძემ.ცნიბისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ განაცხადა: „საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ არ გააუმჯობესა ვითარება, შეკითხვაა, როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება შესაძლო მაქსიმალური შედეგისთვის, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის“.

ისრაელ კაცი – აშშ-ის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან ჯარს არ გაიყვანს

აშშ-ის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან ჯარს არ გაიყვანს – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.მისივე თქმით, სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოების ზონებში იყო გზისპირა ბომბები და თავდასხმები ისრაელის ჯარისკაცებზე.„200 000 (ლიბანელი) მცხოვრები არ დაბრუნდება (სახლებში, რომლებიც ევაკუირებულებმა დატოვეს), რადგან წარსულში უსაფრთხოების ზონებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფებოდა, იყო გზისპირა ბომბები და თავდასხმები ისრაელის ჯარისკაცებზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ არ გავდივართ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა. გლობალური ნავთობის ფასი ბარელზე 76 დოლარს ჩამოცდა. ინვესტორები სულ უფრო მეტად იმედოვნებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა მალე ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება. ბრენტის ფასი 2 პროცენტითით დაეცა და 75.50 დოლარს მიაღწია. ეს 27 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე დარტყმები 28 თებერვალს დაიწყო. აშშ-ის ნავთობის საორიენტაციო ფასი, West Texas Intermediate-ის (WTI), 72.03 დოლარამდე დაეცა, რაც 3 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასობით ნავთობტანკერი და 11 000-ზე მეტი მეზღვაური ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დაკეტვის შემდეგ სპარსეთის ყურეში ჩაკეტილი აღმოჩნდა.ომამდე, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი, დღეში 20 მილიონი ბარელი, გადიოდა სრუტეში. საზღვაო მოძრაობა ამ კვირაში მნიშვნელოვნად გაიზარდა აშშ-სა და ირანს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებს კომერციული მიმოსვლის დაშვებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაზე.

პირველ სამშობიაროში, ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალის ახლობელი – ექიმს, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და „ლევად“ იღებდა პაციენტებს საღამოს...

პირველ სამშობიარო კლინიკაში, ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ნინო მუჯირის ოჯახის წევრები მედიკოსების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.კერძოდ, როგორც ნინო მუჯირის ოჯახის წევრი აღნიშნავს, ექიმს, რომელმაც გარდაცვლილს “სამედიცინო მანიპულაცია გაუკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და „ლევად“ იღებდა პაციენტებს საღამოს საათებში”.მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებს აქვთ ახალგაზრდა ქალსა და ექიმს შორის მიმოწერაც, სადაც პაციენტი აღნიშნავდა, რომ მას ვირუსი და ცხელება ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, “ნარკოზით გაუკეთდა ოპერაცია”.გარდაცვლილის ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, კომაში ჩავარდა და 6 თვის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა.„აქ არ არის შეცდომა. აქ საუბარია სამედიცინო, განზრახ დანაშაულზე! ეს სამედიცინო მანიპულაცია, რომელსაც იკეთებს ქალების 90%, 15 წუთში სრულდება, ერთ საათში სახლში მიდის ადამიანი. ეს მანიპულაცია კი გააკეთა ექიმმა, რომელსაც ჩამორთმეული აქვს ლიცენზია, არ აქვს საერთოდ ნემსის გაკეთების უფლებაც, ის ამ კლინიკაში მუშაობს მენეჯერად. გადაიმალა, ორი დღეა არ არის კაბინეტში.ჩუმად და „ლევად“ იღებდა საღამოს საათებში პაციენტებს. ლიცენზიაც წართმეული აქვს დროებით, ასევე პირობითი აქვს. ეს ერთი დანაშაული. ჩვენ გვაქვს გარდაცვლილის ტელეფონი, სადაც ყველაფერი წერია.ჩვენ უშუალოდ ნინოს და ეკატერინე გაგუას შორის მიმოწერა გვაქვს, სადაც ის კონსულტაციას უტარებს. ნინო ეუბნება, რომ ცხელება ჰქონდა, ის კი დანიშნულებას აძლევს, ანტიბიოტიკს უნიშნავს.12 იანვარს, როდესაც მოვიდა ნინო კონსულტაციაზე, ექიმმა სასწორზე დადო 35 წლის გოგოს სიცოცხლე და ფული. ყველამ ვიცით, რომ ვირუსი როდესაც აქვს ადამიანს, ნარკოზის გაკეთება არ შეიძლება.ჩანაწერი გვაქვს, სადაც ნინო ამბობს, რომ ვირუსი ჰქონდა, ექიმს უთხრა, რომ ცხელება ჰქონდა და მაინც გაუკეთა . ნინო ასევე წერს: „ალბათ, ნარკოზმა რეაქცია მომცა და ცუდად ვარ, რეანიმაციაში უნდა გადამიყვანონ“, - აღნიშნავს გარდაცვლილის ოჯახის წევრი “ფორმულასთან” საუბარში.გარდა ამისა, გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ექიმი, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ამტკიცებს, რომ ოპერაცია მას არ გაუკეთებია და ის სხვამ ჩაატარა.„ლურჯი თითები და ლაქები ჰქონდა, პულსი არ ჰქონდა, გაყინული იყო თვალები და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. სხეული გაშეშებული ჰქონდა, მიცვალებული იყო უკვე.6 თვე იწვა გოგო რეანიმაციაში. შედეგს ვერ მივაღწიეთ. პირიქით დაღუპეს, მოკლეს, დაჩეხეს. ექიმი, რომელმაც ოპერაცია გააკეთა დღემდე იძახის, ოპერაცია მე არ გამიკეთებიაო. ვის მოვთხოვო პასუხი? - კლინიკის დირექტორს? კი ბატონო, აქ ვზივარ კაბინეტში, მაგრამ გაიპარა და წავიდა იმის გამო, რომ ექიმს ვითხოვ, რომ პასუხი მოვთხოვო”, - თავის მხრივ, აღნიშნეს გარდაცვლილი ქალის ახლობლებმა „ტვ პირველთან“.

მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.მისი განაჩენით, მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი მარიამ მეყანწიშვილი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, ის სასამართლოს ეზოში იმყოფება.აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა, მათგან 8 პირს - ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს და ვახტანგ ფიცხელაურს, მათ ბრალი აღიარეს და 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.რაც შეეხებათ, მარიამ მეყანწიშვილს, ნანა სანდერს, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს, მათ ბრალი არ აღიარეს.მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განმარტება გააკეთა. მოსამართლის თქმით, ის მოწმეთა ჩვენებებს მისი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შეაფასებს."ჩემს გადაწყვეტილებაში ყურადღება ვიდეოჩანაწერებზე იქნება გამახვილებული. აღბეჭდილ კადრებს უფრო ნეიტრალური და სანდო მტკიცებულების სახე აქვს"... - განაცხადა მჭედლიშვილმა.ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.აბო ნავერიანს და ანტონ უპერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები