ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 87 წლის გახდა.

დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს დაბადების დღეა.

1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი.

ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია.

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა.

შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.

არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო – სამეფო სახლიდან და მას „მეფიანთ ქალს“ ეძახდნენ.

არსებობს აგრეთვე ცნობები ღუდუშაურებისა და ვაჟა-ფშაველას ნათესაობის შესახებ.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა – ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი დროებით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან.

ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ქრისტეშობის დღეს სწორედ ამ ქართულ ეკლესიაში მონათლეს სამი დღის ახალშობილი და ყრმას, მეფე ერეკლეს პატივსაცემად, ირაკლი დაარქვეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკი) მონათლა. ბავშვის ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი).

არქიმანდრიტი ტარასი შემდეგში ხელდასხმულ იქნა წილკნის ეპისკოპოსად; იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში. მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, შესანიშნავი საეკლესიო მოღვაწე, დიდად მორწმუნე და საღვთო მსახურების საუკეთესო მცოდნე. ნათლიას ხშირად დაჰყავდა თავისი ნათლული სამთავროს მონასტერში.

სწორედ აქ, სამთავროს მონასტერში, შეხვდა ღვთის განგებით ერთმანეთს საქართველოს ორი პატრიარქი – ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია.

გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს:

„მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.

იმ დროს წმიდა სამების მონასტრის წინამძღვარი იყო მომავალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი. „მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად…

… განსაკუთრებით ჩვენ ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა“, – იხსენებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი.

ყოველივე ამან გადააწყვეტინა აკადემიის ახალგაზრდა, წარჩინებულ სტუდენტს „ძნელად გადასაწყვეტი საქმე“ – ბერად შედგომა.

24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.

1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს სემინარიისა და აკადემიის პედაგოგებს.

ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მეოთხე კურსზე, მღვდელმონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, – რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა.

ამავე 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად დაინიშნა არქმიანდრიტი ილია.

1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი – 1963 წლიდან 1972 წლამდე.

1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.

ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში.

მასალა მომზადებული orthodoxy.ge-ზე დაყრდნობით

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყნის ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ, ამ ნაბიჯის გადადგმა ეროვნული მნიშვნელობის საქმეა

ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც ამ ნაბიჯის გადადგმა, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ჩინეთში განუცხადა.მისივე თქმით, თავისი შინაარსით ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური ძალები მუდმივად ცდილობენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას თავი, რის მექანიზმსაც კონსტიტუცია ადგენს.„ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე. ხედავთ, ჩვენი ქვეყანა და მისი პოლიტიკური სისტემა ტრიალებს ერთ ჩაკეტილ წრეში. არის კრიმინალური დაჯგუფება, უცხოური აგენტურა, რომელიც ქვეყანას არ აძლევს მოსვენების საშუალებას. თავისი შინაარსით ანტიდემოკრატიული, არაკონსტიტუციური ძალები არიან, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას საკუთარი თავი და ამის მექანიზმს ადგენს საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, კონსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც ბოლომდე გამოვიყენებთ, ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში და, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც ამ ნაბიჯის გადადგმა. ამაზე არ წავიდოდით, რომ არ ყოფილიყო აუცილებელი დემოკრატიული სისტემისთვის, მაგრამ ეს არის აუცილებელი პირობა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სომხური მედია – რუსული მარცვლეულით დატვირთული მატარებელი, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სომხეთში ჩავიდა

რუსული მარცვლეულით დატვირთული 15-ვაგონიანი სარკინიგზო შემადგენლობა რუსეთიდან, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სომხეთში ჩავიდა.ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვებზე შეზღუდვების მოხსნა აზერბაიჯანის მხრიდან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც რეგიონული კომუნიკაციის აღდგენასა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას მოემსახურება. მათივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი პრაქტიკული ნაბიჯი 8 აგვისტოს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის გზაზე, რაც ხელს უწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციას. სომხეთში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ურთიერთნდობისა და სამშვიდობო დღის წესრიგის წინ წასაწევად.სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა, რომელიც საზღვარზე მდებარე სარკინიგზო სადგურზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ უახლოეს ხანში სომხეთში ასევე ჩავა მარცვლეული ყაზახეთიდან, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.ამასთან, რუსეთის რკინიგზაში განაცხადეს, რომ იანვრამდე აზერბაიჯანის გავლით სომხეთში დაგეგმილია მარცვლეულით დატვირთული კიდევ 132 ვაგონის გაგზავნა.

შალვა პაპუაშვილი – არ უნდა დავივიწყოთ სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშით დაგვანახეს, რომ „საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს“

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახეს – „საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„რამხელა უმადურობაა ამ ტყუილში, მაშინ, როდესაც, ომის დაწყებიდან, 1 000-ზე მეტ რეზოლუციას, დეკლარაციას, ინიციატივას და ა.შ. დავუჭირეთ მხარი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ექვსი სენატორი და კონგრესმენი მარკო რუბიოს მიმართავს – მოითხოვეთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ USAID-ის ყოფილ თანამშრომლებს არ დასწამებენ ცილს ან არ გახდებიან სამიზნეები

აშშ-ის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა, როჯერ უიკერმა, ჯონ კურტისმა და შელდონ უაითჰაუსმა, ასევე კონგრესმენმა, ჯო უილსონმა და სტივ კოენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების მიერ ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე უსამართლოდ გახდნენ სამიზნეები.წერილში კანონმდებლები მოუწოდებენ, რომ მდივანმა რუბიომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს და არ გახდებიან სამიზნეები.ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართეს თხოვნით, რომ „მკაცრად უპასუხოს საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ საშიშ ტყუილებს, რომლებმაც აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები საფრთხეში ჩააგდო“.„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოაცხადა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის სურვილი, თუმცა მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროზე მიუთითებს. მოგიწოდებთ, მოითხოვოთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და აშშ-ის მიერ დასაქმებულ სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს, ან არ გახდებიან სამიზნეები.პირველ ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა USAID-ის საგარეო სამსახურის (FSN) ყოფილი თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით, რაც სინამდვილეში იყო საპენსიო გადახდები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული აშშ-ის პერსონალის გათავისუფლების შემდეგ. მის კომენტარებს იზიარებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებიც. ეს არასწორი ინტერპრეტაცია საგარეო სამსახურის თანამშრომლებს საფრთხეში აგდებს.განცხადებები ასევე მნიშვნელოვან მონაცემებს წარმოადგენს: „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოავლინა სერიოზული განზრახვა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების ძიების კუთხით. ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის 6 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ამ საკითხის განსახილველად შეხვედრა მოითხოვა აშშ-ში საქართველოს ელჩთან, თამარ ტალიაშვილთან.ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდოს „ქართულ ოცნებას“, ოფიციალურად და საჯაროდ უარყოს ეს სახიფათო განცხადებები. მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ განიხილოს ეს ნარატივები, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოში მყოფ აშშ-ის პერსონალს და შემაშფოთებელ პრეცედენტს ქმნის სხვა უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის.„ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული პროდუქტიული ორმხრივი ურთიერთობების დამყარება, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და ყოფილი აშშ-ის პარტნიორები არ უნდა იყონ გამოყენებული პოლიტიკურ პაიკებად.შეერთებული შტატების მთავრობა დამოკიდებულია ადგილობრივ პერსონალზე, რომელიც ასრულებს სამუშაოს აშშ-ის დეპარტამენტებისა და სააგენტოების მითითების შესაბამისად. თუ ჩვენ არ დავიცავთ პერსონალს უცხო ქვეყნის მთავრობის თავდასხმებისგან, ეს შეზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, დავასაქმოთ პერსონალი და განვახორციელოთ შეერთებული შტატების პოლიტიკა მთელ მსოფლიოში.მოგიწოდებთ, დაგმოთ ეს თავდასხმები და უზრუნველყოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გადამწყვეტად უპასუხოს შეერთებული შტატების სახელით მომუშავე პერსონალის მიზანში ამოღებას, სადაც არ უნდა მოხდეს ეს“,- აღნიშნულია წერილში.

ირაკლი კობახიძე – ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან, ეს არის უცხოური სპეცოპერაცია, რომელშიც თანაბრად იყვნენ ჩართული, როგორც „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ისე „ლელო“

ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან. ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართული როგორც „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ისე „ლელო“ და გახარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.კობახიძის თქმით, ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართული უცხოურ სპეცოპერაციაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.„ვფიქრობ, ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან. ყველაფერი არის ერთი დიდი სპეცოპერაცია, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. 2020 და 2024 წლის საბოტაჟი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართული როგორც „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ისე „ლელო“ და გახარია. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან არ არის სწორი. ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართული უცხოურ სპეცოპერაციაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები