მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
ოპერატიული ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საბაჟო პროცედურების ფარგლებში, დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ,,წითელი ხიდის” საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.
სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო 290 ცალი ლითონის კარით და საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა.
რისკის კრიტერიუმების შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება, შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით.
უფლებამოსილი პირების მიერ, ერთ-ერთი კარის შიგთავსის გახსნის შედეგად, აღმოჩენილ იქნა, მალულად განთავსებული 1 496 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი. მთლიანად ტვირთის დათვალიერებისას, საერთო ჯამში – გამოვლინდა 433 840 კოლოფი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი, კერძოდ – ,,Menthol Queen”, ასევე ,,NZ“ და ,,MINSK”.
აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 2 429 504 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

