ე.წ. ალიანსი დაშლისთვის თავიდანვე იყო განწირული, რადგან ცხრავე პარტიამ თქვა, გაერთიანების მიუხედავად, ცალ-ცალკე გზები გვაქვსო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება.
„ნათელი იყო, რომ ერთმანეთს დაერეოდნენ. აქამდე თუ მივიდოდნენ, არ მეგონა. დღეს რას ვხედავთ? – „ნაცმოძრაობის“ ბუნებას. ნიკა მელიას იმპიჩმენტი მოუწყვეს; ლევან ხაბეიშვილმა მუხლმოყრით დაიფიცა, მიშას გამოვიხსნიო და ციხეში თავად შევიდა; თინა ბოკუჩავამ თქვა, პარტიას საერთაშორისო ასპარეზზე გავიყვანო და ალიანსიდან აგდებენ. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ეს ადამიანი ხაჭაპურებს და ლობიანებს მაინც აცხობს და ნანულა ჟორჟოლიანს თავმჯდომარედ ავირჩევო. ეს ადამიანი რასთან არის დაკავშირებული, კარგად გვახსოვს. ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ საიქიოში გააცილებს, რადგან, იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო მათი აკრძალვის თაობაზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება, რადგან ძალაუფლების მისაღწევად ერთმანეთის დაჭამენ, ოღონდ მიზანს მიაღწიონ. ჩერგოლეიშვილმა თქვა, თქვენ რომ გგონიათ, „ნაცმოძრაობა“ ალიანსშია, არ არისო. ახლა მიშას მომხრეები გამოვარდნენ და „ალიანსში“ მთავარი „ნაცმოძრაობაა“, მიშამ პარტიაში რევოლუცია უნდა მოახდინოსო. ყველაზე სწორად ანი წითლიძემ თქვა, რომ „ალიანსში“ ყველაზე დიდი წარმომავლობა „ნაციონალური მოძრაობის“ არის, ვითომ დაიშალნენ, მაგრამ რეალურად ერთიანი „ნაციონალური მოძრაობაა““, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

