თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მსახიობი ბერენ საათი და მომღერალი ქენან დოღულუ დააკავა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სტამბოლის პოლიციამ ნარკოტიკებთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, ცოლ-ქმარი ბერენ საათი და ქენან დოღულუ, მსახიობი ენის არიქანი, მომღერალი ბერდან მარდინი და მუსიკოსი ოზან დოღულუ დააკავა.
ცნობილი პირების დაკავების ოპერაცია სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ ჩაატარა.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები დაკითხვისთვის სტამბოლის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო მანამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
ცნობისთვის, გასულ თვეში სტამბოლის პროკურატურამ, ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ათეულობით ცნობილი პირის დაკავების ორდერი გასცა. მათ შორის იყო ცნობილი თურქი მსახიობი სერენაი სარიქაიაც. ორდერის გაცემისას სარიქაია თურქეთში არ იმყოფებოდა. მსახიობმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განყოფილებაში ჩვენება მისცა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. სარიქაიას ანალიზებში ნარკოტიკების კვალი არ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც მსახიობი გაათავისუფლეს.

