ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას გააგრძელებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
ყასემ ღარიბაბადის განცხადებით, ირანი გააგრძელებს კონტროლის შენარჩუნებას ჰორმუზის სრუტეზე. მან გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც თეირანის მიერ სრუტეზე სუვერენიტეტის განმტკიცების პოლიტიკაში მონაწილეობენ.
ღარიბაბადმა ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას თაღლითური ნაბიჯი უწოდა.
მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რამდენიმე ირანელ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც, ბრიუსელის შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვაში მონაწილეობდნენ.
ევროკავშირის ცნობით, თეირანმა სრუტე ფაქტობრივად დახურა მიმდინარე წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ.
„ირანი არ ანიჭებს მნიშვნელობას ამ პოლიტიკურ და თვალთმაქცურ ევროპულ ნაბიჯს და გააგრძელებს ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და თავისი სუვერენული უფლებების განხორციელების სტრატეგიას“, – დაწერა ღარიბაბადმა სოციალურ ქსელში.

