საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა. ბაჰრეინი თავს ორგანიზებულად იცავდა – განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას აქცევდნენ და ეპიზოდურად ბურთსაც აკონტროლებდნენ. „ჯვაროსნებს“ კი მეტოქის საჯარიმოში შესვლა და მომენტების შექმნა უჭირდათ, გოლის გატანა ვერ მოახერხეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
52-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქის დაცვაში ბზარი მაინც მონახა და ეს სწრაფი შეტევისა და ბურთის გათამაშების შედეგად შეძლო – მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდებული ბურთი ლუკა ლოჩოშვილმა ერთი შეხებით კარში გადაგზავნა და „ჯვაროსნები“ დააწინაურა – 1:0.
75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს. გიორგი კვერნაძე მაღალ სისწრაფეზე მცველს გაექცა და საჯარიმოში წააქციეს, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უნაკლოდ შეასრულა – 2:0.
დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და ივნისის სანაკრებო პაუზა მოგებით დაასრულა.
ბაჰრეინთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის ახალ გათამაშებამდე ბოლო რეპეტიცია იყო. ვილი სანიოლის გუნდი 25 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 28-ში – უკრაინას.

