სწორედ ევროკავშირის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რაც უკრაინაში მოხდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სწორედ დასავლეთმა მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება 2014 წელს კიევში, რამაც განაპირობა რუსეთის მხრიდან ყირიმელების დაცვის აუცილებლობა და შემდეგ, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებისთვის დახმარების გაწევა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობამ რუსეთი აიძულა, ეღიარებინა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობა.
პუტინის თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთი მოატყუა იმით, რომ დაჰპირდა „აღმოსავლეთისკენ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამდა“.
„ახლა ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ, ბრალი ავადმყოფი თავიდან ჯანმრთელზე გადაიტანონ, რათა აჩვენონ, რომ რუსეთი აგრესიულია. არა! ეს მათი პოლიტიკაა. პირველივე ნაბიჯიდან, როდესაც მოგვატყუეს, რომ გაფართოება არასდროს იქნებოდა, ნატო, სავარაუდოდ, აღმოსავლეთისკენ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამდა”, – აღნიშნა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება რუსეთს აძლევს უფლებას, თქვას, რომ კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება.

