თბილისში ისრაელის საელჩომ ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 78-ე წლისთავი საზეიმო მიღებით აღნიშნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსის, ებრაული თემის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ ისაუბრა ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული პროგრესისა და მეცნიერების, მედიცინის, ტექნოლოგიების სფეროში მიღწევების შესახებ.
„ისრაელის საელჩო, ჩვენს ქართველ მეგობრებთან და დიპლომატებთან ერთად, თბილისში ზეიმობს ისრაელის სახელმწიფოებრიობის 78-ე წლისთავს. ძალიან მნიშვნელოვანი საღამოა ჩვენთვის, ეს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეა. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და ჩვენი ქართველი მეგობრობისთვის. ამას ხედავთ კიდეც, მთავრობიდან, სამინისტროებიდან ბევრი სტუმარი მოვიდა, რომ ჩვენთან ერთად იზეიმოს – აქ იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე, პარლამენტის წევრები, ელჩები და დიპლომატები. აგრეთვე, ხალხი, რომელთაც აქვთ კარგი კავშირი ისრაელთან და ჩვენს საელჩოსთან. ეს ადამიანები გრძნობენ, რომ უნდა მოვიდნენ და დაუჭირონ მხარი ისრაელს დღევანდელ საღამოს. მადლობა ყველას. ისრაელი 78 წლისაა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა განვითარდა და ბევრი რამით შეგვიძლია, ვიამაყოთ. მიუხედავად არაერთი კონფლიქტისა, რომელიც გამოვიარეთ, ჩვენ შევძელით ძალიან კარგი ეკოსისტემის შექმნა ტექნოლოგიებისთვის, განათლებისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, რისი გაზიარებისთვისაც მზად ვართ, მათ შორის საქართველოსთან და ამას წლების განმავლობაში ვაკეთებთ კიდეც. ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან ურთიერთობები განვავითაროთ. მადლობა მობრძანებისთვის, განსაკუთრებით ამ კონფლიქტის დროს, ეს მხარდაჭერისა და სიყვარულის დიდი ნიშანია ისრაელისთვის და ჩვენ ამ სიყვარულს უკან ვუბრუნებთ ყველა ქართველს“, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის 2600-წლიან ისტორიულ კავშირებსა და თანამშრომლობას.
როგორც აღინიშნა, ისრაელის დამოუკიდებლობის დღის წლევანდელი თემა – „განახლების ძალა“ ასახავს როგორც ისრაელის ეროვნულ გზას, ასევე, იმ სიცოცხლით სავსე ურთიერთობებსა და პარტნიორობას, რომელიც ისრაელსა და საქართველოს აკავშირებს.

