გუშინ, სპარსული ენისა და აბულყასემ ფირდოუსის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, მქონდა პატივი, დავსწრებოდი ირანისტების, ლექტორების და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპარსული ენის ფაკულტეტის სტუდენტების შეკრებას. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებისა და ამ უნივერსიტეტის ირანისტიკული კვლევების ჯგუფის თანამშრომლობით.
ამ შეხვედრაზე მოკლედ შევადარე ფირდოუსის „შაჰნამე“ ბერძნულ და ინდურ ეპოსებს. აღვნიშნე, რომ ბერძნული ეპოსების დიდ ნაწილში მთავარი როლი ღმერთებსა და ზეციურ ძალებს ენიჭებათ, ხოლო მიწიერი ადამიანი ამ დიადი ძალების წინაშე უძლურად არის წარმოჩენილი. ინდური ეპიკური ტრადიციების ნაწილშიც გმირების ადგილს ხშირად მითოლოგიური არსებები, ცხოველები ან ადამიან-ცხოველები იკავებენ.
ხოლო ფირდოუსი „შაჰნამეში“ ადამიანი დგას ღირებულების, გონიერების, გადაწყვეტილებისა და ბედისწერის ცენტრში. „შაჰნამეს“ გმირები არც ზეციური არსებები არიან და არც გამოგონილი ფიგურები; ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან — ადამიანები, რომლებიც გონიერებით, სიმამაცით, შეცდომებით, სევდით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ქმნიან ეპოსს. ფირდოუსი ძალასა და შედეგს არც ცაში და არც ბუნების იდუმალ ძალებში ხედავს; იგი მათ ადამიანურ საზოგადოებაში და მიწიერ სამყაროში განსაზღვრავს.
ამ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ „შაჰნამე“ წარმოადგენს ომისა და ნადიმის, სიყვარულისა და სიძულვილის, შერცხვენისა და ღირსების, დიდებულებისა და დამცირების ფანჯარათა ერთობლიობას. ფირდოუსის ხედვაში ბოროტება იმდენად ზუსტად და ფუნდამენტურად არის განსაზღვრული, თითქოს იგი ადამიანურობის ფარგლებს სცილდება და „ავსულების“ სახით ვლინდება. სწორედ ამიტომ, „შაჰნამეს“ გმირთა ბრძოლა ავსულებთან და ბოროტ ძალებთან ბრძოლაა და არა — ადამიანის უარყოფა.
ფირდოუსი ფერიდუნის შვილებს — ირაჯს, თურსა და სელმს — შორის მეტოქეობის აღწერის დროსაც მათ ძმებად განიხილავს, რომლებიც ყველა განსხვავების მიუხედავად, ერთად ქმნიან ისტორიასა და ცხოვრებას. მისი ხედვა, უპირველესად, ეთიკას, გონიერებასა და ადამიანურ პასუხისმგებლობას ეფუძნება.
დასასრულს, ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის განცდა, რომ როგორც მდინარე რიონი (საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მდინარე) მიედინება ქუთაისის შუაგულში, სწორედ ასე ფირდოუსის პოეზიაც ცოცხლად და ბუნებრივად მოედინებოდა ამ უნივერსიტეტის სტუდენტთა ენასა და მეტყველებაში.
დაე, მარადიულად დარჩეს ეს სიუხვე და სილამაზე ქუთაისის ბუნებაში, ხოლო ეს სიღრმე და საზრიანობა — დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდების, ირანისტებისა და აღმოსავლეთმცოდნეების აზროვნებაში-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

