სამშაბათი, მაისი 12, 2026

საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.

მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) შვიდი ხმა.

გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრები. კენჭისყრაში სინოდის 38-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, ერთი ხმა გაუქმდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი დაიბადა 1969 წლის პირველ თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან არის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წელს ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 2017 წლის 23 ნოემბერს მეუფე შიო დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ, ხოლო 2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რაგბის კლუბი ყაზბეგი სამწუხარო ინფორმაციას ვარცელებს

ახალგაზრდა მორაგბე, ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას რაგბის კლუბი ყაზბეგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„რთულია რაიმეს დაწერა, მაშინ როცა ყველა სიტყვა უძლურია.. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ხევს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას!მშვიდად განისვენე წიკო“, - წერს კლუბი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება

უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ივნისში ველოდებით ევროკავშირის მხარდამჭერი პაკეტის პირველ ტრანშებს უკრაინისთვის, 90 მილიარდ ევროს. სწორედ ივნისში უნდა ამუშავდეს ეს სახსრები უკრაინის  სასარგებლოდ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.მისი თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნები აქტიურად მუშაობენ ევროკომისიასთან, რათა არ მოხდეს პროცესის გაჭიანურება.

ირანის პარლამენტის სპიკერი – მზად ვართ, ნებისმიერ აგრესიას ვუპასუხოთ – ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ, ისინი გაოცებულები დარჩებიან

ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, ნებისმიერ აგრესიას დამსახურებული პასუხი გასცენ, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ირანი ყველა ვარიანტისთვის მზადაა. „არასწორი სტრატეგია და არასწორი გადაწყვეტილებები ყოველთვის არასწორ შედეგებამდე მიგვიყვანს - ეს უკვე მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ; ისინი გაოცებულები დარჩებიან“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-სთვის გაგზავნილი ომის დასრულებასთან დაკავშირებული შეთავაზება მიუღებელი და სისულელე იყო და რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი არსებობდა.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„ხვალ, 2026 წლის 12 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებას.ასევე, ხვალ მცხეთის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში (სვეტიცხოველში) აღვლენილ საზეიმო წირვაზე შედგება ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება.ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის უზრუნველყოფით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, დილის 08:00 საათიდან მცხეთაში წავლენ უფასო ავტობუსები“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტუ-ის რექტორი – ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა, საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს და მართლმადიდებელ მრევლს ახალი მწყემსთმთავრის - ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის არჩევას ულოცავს.რექტორის მილოცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი ღირსეულად აგრძელებს იმ დიდ სულიერ მისიას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღასრულებდა.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, უწმინდესო და უნეტარესო შიო მესამე, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელად გამორჩევას, რაც არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაა, რამეთუ საქართველოს ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი სულიერიერების, კულტურული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და მთლიანობის საყრდენია.თქვენი უწმინდესობის მწყემსთმთავრობა აღიქმება როგორც უდიდესი პასუხისმგებლობით აღსავსე მისია, რომელიც მოითხოვს ღრმა სულიერ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თანადგომას, სიმტკიცესა და ქრისტიანულ სიყვარულს. თანამედროვე ეპოქაში, როცა მსოფლიო მრავალი გამოწვევის დაძლევას ცდილობს, როცა ვდგავართ სულიერი გაუცხოებისა და ადამიანური ღირებულებების დაკნინების საფრთხის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკლესიის მშვიდობისმყოფელი და განმანათლებლური როლი. გვწამს, რომ თქვენი უწმინდესობის მსახურება დაფუძნებული იქნება სწორედ იმ მარადიულ ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში აძლიერებდა ქართველ ერს: ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, თავმდაბლობა, სამართლიანობა, თანალმობა.გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, ღვთის მადლსა და წყალობას თქვენს ურთულეს გზაზე.ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.

ბოლო სიახლეები