შაბათი, მაისი 9, 2026

ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით 7 რეკომენდაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით 7 რეკომენდაციას ავრცელებს.

როგორც ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, ის დარწმუნებულია, რომ საერთო ძალისხმევით დიუშენის დაავადების პრობლემის ეტაპობრივი გადაწყვეტა შესაძლებელი გახდება.

„მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში სხვადასხვა პლატფორმასა და მედიაში აქტიურად განიხილება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პრობლემა და ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის ახალი თაობის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხი.

არაერთი კითხვა დაისვა როგორც ჟურნალისტების და სხვა დაინტერესებული მხარის, ისე კოლეგების მხრიდან, რატომ არ გამოვთქვამ საჯაროდ ჩემს მოსაზრებას, როგორც ექიმი და ჯანდაცვის ორგანიზატორი, რომელსაც ჯანდაცვითი პროგრამების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არ გამოვდივარ ტელევიზიით და არ ვმონაწილეობ საპროტესტო აქციებში, რადგან მჯერა, რომ ასეთი რთული, კომპლექსური და სენსიტიური საკითხები უნდა გადაწყდეს აკადემიური განხილვის, პროფესიული დიალოგის, ყველა მხარის ჩართულობით მოლაპარაკებებში და კონსენსუსის გზით, იმგვარად, რაც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ამ დაავადების მქონე ბავშვების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პოლიტიკური პოზიციისა, რომელსაც ამ ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ემპათია არ ჰქონდეს და არ სურდეს, რომ საქართველოში და საერთოდ მთელ მსოფლიოში ყველა ბავშვი თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევებით.

ამიტომ მსურს, „ფეისბუქპოსტით“ შევეხო ამ მეტად რთულ საკითხს და გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები და მოკრძალებული რეკომენდაციები.

მოგეხსენებათ, იშვიათი დაავადებების მართვის პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო 30-40 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უზარმაზარი განვითარება განიცადა თანამედროვე გენეტიკურმა კვლევებმა, გენომურმა ტექნოლოგიებმა, გენურმა ინჟინერიამ, ბიომედიცინამ, ბიოტექნოლოგიებმა, სინთეზურმა მოლეკულურმა ბიოლოგიამ და ზოგადად, პერსონალიზებულმა მედიცინამ.

ამ ტექნოლოგიების საფუძველზე თანდათან და საკმაოდ სწრაფი ტემპით იქმნება ახალი მედიკამენტები, რომლებმაც იმედი ჩაუსახა მსოფლიოში არსებული 6 000–8 000-მდე იშვიათი დაავადებით მცხოვრებ მილიონობით მქონე პაციენტებსა და მათ ოჯახებს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დაავადებების უფრო ეფექტიანი მართვა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს რეალური პერსპექტივაა, თუმცა ამას მეცნიერებაში უზარმაზარი ინვესტიციები სჭირდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს მედიკამენტები, რომლებიც ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ჩნდება ბაზარზე, უკიდურესად ძვირია და ზოგჯერ მათი ღირებულება ასეულ ათასებსა და მილიონობით დოლარსაც აღწევს.

ეს გვაყენებს მთავარი დილემის წინაშე: მედიკამენტი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ როგორ გავხადოთ ის ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის? ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება და ქვეყნები, ისევე როგორც ჯანდაცვის სისტემები, წინასწარ უნდა ემზადებოდნენ ამ გამოწვევებისთვის.

კარგად მახსოვს 1990-იანი წლების ბოლო პერიოდი, როდესაც სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე ვმუშაობდი და მიმდინარეობდა დისკუსია იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამის დაწყების შესახებ. იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის მუდმივი დეფიციტის ფონზე ძალიან განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა საღმა აზრმა და მთავარმა პრინციპმა, რომ უპირველესი ყოველთვის პაციენტია და დაიწყო დაახლოებით 20-მდე იშვიათი დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება.

დღეს ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოებულია და, როგორც ვიცი, მისი ბიუჯეტი დაახლოებით 70 მილიონ ლარს აღწევს, რაც 1990-იან წლების ეროვნული ჯანდაცვის თითქმის მთელი ბიუჯეტის ტოლია.

ბოლო წლებში დიუშენის დაავადებისა და აქონდროპლაზიის პრობლემებმა საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იშვიათ დაავადებებზე. მისასალმებელია, რომ აქონდროპლაზიის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის ყველა ჩართულ მხარეს. დიდი იმედი მაქვს, და შეიძლება ითქვას, დარწმუნებულიც ვარ, რომ საერთო ძალისხმევით დიუშენის დაავადების პრობლემის ეტაპობრივი გადაწყვეტაც შესაძლებელი გახდება.

აქვე მსურს წარმოვადგინო რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც, ჩემი აზრით, შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ისე პაციენტების მშობლებისთვის, რომელთაც უწევთ მუდმივ ემოციურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში ცხოვრება, და რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებენ:

  1. შეიქმნას დიუშენის დაავადების მართვის საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნებიან სამინისტროს წარმომადგენლები, შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის კლინიკური ფარმაცევტები, აკადემია, მშობლები და ორი-სამი უცხოელი ექსპერტი ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციიდან ან წამყვანი საერთაშორისო ცენტრებიდან.
  2. შემუშავდეს დაავადების მართვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული მართვის ეტაპები, ვადები და პროგნოზირებადი ბიუჯეტი (სახელმწიფო და სხვა შესაძლო წყაროების მონაწილეობით).
  3. შეიქმნას დაავადების სრულყოფილი და თანამედროვე რეგისტრი, რომელშიც გამოყენებული იქნება ამ მიმართულებით უკვე წარმატებული ქვეყნის გამოცდილება.
  4. განხორციელდეს დეტალური ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზი და ხარჯთ-ეფექტურობის შეფასება თითოეული ეტაპის მიხედვით.
  5. იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიუშენის მქონე პაციენტებისთვის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის სრული სპექტრის დაფინანსება, რაც უკვე დაანონსდა და ძალიან მისასალმებელია. ასევე რეალისტურ პერსპექტივად მიმაჩნია ვამოროლონისა და გივინოსტატის მწარმოებლებთან მოლაპარაკებების დაწყება ამ მედიკამენტების მისაღებ ფასად და მისაღები პირობებით შესყიდვის მიზნით. სამინისტროს მსგავსი პირდაპირი მოლაპარაკებების საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს და ამ პროცესში შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტული რესურსის გამოყენება. პროგრამა განხორციელდეს ექსპერტთა საბჭოს მიერ შერჩეულ ერთ პოლიპროფილურ ძლიერ სამედიცინო (პედიატრიული პროფილის) დაწესებულებაში.
  6. პარალელურად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები გენური თერაპიის საქართველოში ხელმისაწვდომობის მიმართულებით. მსგავსი მექანიზმები ევროპის არაერთ ქვეყანაში უკვე მოქმედებს და მნიშვნელოვანია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბიზნეს სექტორის აქტიური ჩართულობა.
  7. დღეს, ახალი ბიოტექნოლოგიური მეთოდებით მედიკამენტების შექმნა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და დიუშენის დაავადების მიმართულებითაც უახლოეს წლებში, სავარაუდოდ, ახალი თაობის პრეპარატები გამოჩნდება. ვფიქრობ, სრულიად რეალურია ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში, როგორც საქართველოში, ისე პარტნიორი განვითარებული ქვეყნების წამყვან კლინიკებთან თანამშრომლობით როგორც ამჟამად არსებული, ისე მომავლის პრეპარატების”, – წერს ამირან გამყრელიძე.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი – კიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განახორციელა ტერორისტული ხასიათის აქტი, კერძოდ, დარტყმა მიაყენა როსტოვის რეგიონულ საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიერ როსტოვის საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ეროვნულ ცენტრზე განხორციელებულ დარტყმას ტერორისტული აქტი უწოდა.„განვიხილავთ რამდენიმე საკითხს, და პირველი, მთავარი არის მოვლენები, რომლებიც დღეს მოხდა: კიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განახორციელა, უდავოდ, ტერორისტული ხასიათის აქტი, კერძოდ კი დარტყმა მიაყენა როსტოვის რეგიონულ საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრს. ამას შეიძლებოდა ზეგავლენა მოეხდინა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებაზე. საბედნიეროდ, ჩვენი ავიადისპეტჩერების მაღალპროფესიონალური მუშაობის შედეგად ტრაგიკული მოვლენები არ მომხდარა“,- განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე.რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის ვიცე-პრემიერ ვიტალი საველიევს სთხოვა ინფორმაციის მიწოდება ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ასევე „დამატებითი ზომების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს რუსეთის სატრანსპორტო კომპლექსის სტაბილურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას“.ცნობისთვის, 8 მაისის დრონები დაესხნენ თავს „როსტოვის აერონავიგაცია სამხრეთ რუსეთის“ ფილიალის შენობას როსტოვ-დონზე, რომელიც საჰაერო მოძრაობას მართავს. ამის გამო 13-მა აეროპორტმა დროებით შეაჩერა მუშაობა. კერძოდ, ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გელენჯიკის, გროზნოს, კრასნოდარის, მაყაჩკალის, მაგასის, მინერალნიე ვოდის, ნალჩიკის, სოჭის, სტავროპოლისა და ელისტას აეროპორტებმა.„როსავიაციამ“ თავდაპირველად გაავრცელა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ფრენები ამ აეროპორტებში შეჩერდებოდა 12 მაისამდე, თუმცა მოგვიანებით, ეს დოკუმენტი გააუქმა. რუსეთის სამხრეთის მიმართულებით ფრენები 15:00 საათის შემდეგ აღდგა. ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, დღის ბოლომდე დაგეგმილია სულ 217 რეისი.

სოფელ აწყურთან ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ახალციხეში,  სოფელ აწყურში, სტადიონთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, "სუბარუს" მარკის მანქანა ცხენს შეეჯახა.დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილები.გარდაცვლილები სოფელ აწყურიდან არიან.ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ჯგუფი და პოლიცია.

აბას არაღჩი – ყოველ ჯერზე, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა დღის წესრიგში დგას, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს

ყოველ ჯერზე, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა დღის წესრიგში დგას, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.მისი თქმით, ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას.„ეს უხეში ზეწოლის ტაქტიკაა? თუ რომელიმე დესტრუქციული მოთამაშის შედეგია, რომელმაც პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეიყვანა ჩიხში? რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შედეგი იგივეა: ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას. ასევე, ცდება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ჩენი რაკეტების მარაგი და გაშვების უნარი 28 თებერვალთან შედარებით არა 75, არამედ 120 პროცენტია“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.

ირაკლი მეზურნიშვილი – ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ბუდვაში, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა.მისი თქმით, ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები გაემართა.„შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. კერძოდ, თუ რამხელა გამოწვევების წინაშე დგანან ქვეყნები. მნიშვნელოვანია, კოლეგებთან მუდმივ კავშირზე ვიყოთ და გავცვალოთ პოზიციები.ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მაღალი დონის ვიზიტი ყოფილიყო, ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ. სხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდით. ეს დამატებითი შესაძლებლობა იყო, რომ გაგვეცვალა კონტაქტები და საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ

წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„უკრაინის არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომის ერთ-ერთი საკვანძო ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება - კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ.სწორედ ამიტომ დღეს, ამერიკული მხარის შუამავლობით მოლაპარაკებების პროცესის ჩარჩოში მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში „1000 1000ზე“. ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დამყარდეს 9, 10 და 11 მაისს. უკრაინა თანმიმდევრულად მუშაობს თავისი ხალხის რუსული ტყვეობიდან სახლში დასაბრუნებლად. ჩემს გუნდს ინსტრუქცია მივეცი, რომ სწრაფად მოამზადონ ყველაფერი საჭირო გაცვლისთვის.მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. მოველით, რომ აშშ უზრუნველყოფს რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას“, - წერს ზელენსკი.

ბოლო სიახლეები