შაბათი, მაისი 9, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი ქართული დრონის პროტოტიპი შეიქმნა

„პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის პროტოტიპის შექმნა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია „ჰელიგარდის“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, ქვეყნის ინოვაციური და საინჟინრო განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ეს ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ შეიძლება უმაღლესი საინჟინრო სკოლისა და კერძო სექტორის შესაძლებლობების ეფექტიანი სინთეზით ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინოვაციური პროდუქტი შეიქმნას. ჩვენთვის, როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევრები. მსგავსი პროექტები მათ აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გახდნენ იმ ახალი ტექნოლოგიური ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს. წარმატებებს ვუსურვებ პროექტის მონაწილეებს“, – ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უპილოტო საფრენი აპარატის საველე და ლაბორატორიული ტესტირებისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) პროტოტიპი უნივერსიტეტსა და კომპანია „ჰელიგარდს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა. ერთობლივი კვლევისა და განვითარების (R&D) პროექტის შედეგად, აპარატმა საველე და ლაბორატორიული ტესტირების სრული ციკლი წარმატებით გაიარა.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პროექტის სტრატეგიული მიზანი საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიის განვითარებაა. როგორც პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევრები, ასევე საავიაციო და მექანიკის ინჟინერიის პროგრამების სტუდენტები.

„პროექტის სტრატეგიული მიზანი საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიის განვითარება და ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებაა. პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება უნივერსიტეტში მიმდინარე ინოვაციური საინჟინრო მიმართულებების განვითარებას. სამუშაო პროცესში აქტიურად მონაწილეობენ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევრები, ასევე საავიაციო და მექანიკის ინჟინერიის პროგრამების სტუდენტები, რაც მათთვის არის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ რეალურ საინჟინრო ამოცანებზე დაფუძნებულ კვლევებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში. სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს აკადემიური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას და ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირებას“, – აცხადებს ბორის გითოლენდია.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალდისციპლინური კვლევები აეროდინამიკის, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელოვნური ინტელექტის, სენსორული სისტემებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფრენის უსაფრთხოებას, მართვისა და ნავიგაციის სიზუსტეს და საერთაშორისო ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას.

სტუ-ის რექტორის თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია პროექტის გაფართოება და მასში მულტიდისციპლინური გუნდების ჩართვა, რაც გულისხმობს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინტეგრირებას. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, ფაკულტეტების ჩართულობა და თანამშრომლობა აპარატის პროგრამული უზრუნველყოფისა და ენერგოეფექტურობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებას უზრუნველყოფს.

„მსოფლიო სწრაფად გადადის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაზე, სადაც ინოვაცია, მეცნიერება და საინჟინრო აზროვნება სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორებია; უპილოტო საფრენი აპარატების მიმართულება კი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი სფეროა, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს როგორც სამოქალაქო, ისე ინდუსტრიული, უსაფრთხოების, აგრარული, ლოგისტიკური და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიის შექმნა არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევა, არამედ ქვეყნის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისა და ინდუსტრიული განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტის ამოცანაა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც იბადება ინოვაცია, ვითარდება კვლევა და იქმნება პროდუქტი, რომელსაც რეალური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა ჩვენი პროექტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს როგორც ინტელექტუალური, ისე სამეცნიერო-ტექნოლოგიური რესურსი ჩაერთოს მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში და შექმნას კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური პროდუქტები. დრონი, რომელიც გამოვცადეთ, სიმაღლეში 10 კილოგრამამდე ტვირთს წევს. თუმცა ჩვენი საბოლოო მიზანია შევქმნათ ისეთი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც 100-დან 150 კილოგრამამდე ტვირთს აწევს და რომლის გამოყენებასაც სამაშველო მიზნებით შევძლებთ“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატის ტექნიკური მახასიათებლებია (HG-0800): ფრენის ხანგრძლივობა – 90 წუთი; მაქსიმალური წონა – 30 კგ (ტვირთამწეობის მაღალი მაჩვენებელი); მაქსიმალური სიჩქარე – 150 კმ/სთ (კრეისერული: 80-90 კმ/სთ); მოქმედების რადიუსი – 40 კმ-მდე; კორპუსი – მსუბუქი და მტკიცე ნახშირბადის ბოჭკო (Carbon Fiber); უსაფრთხოება – ავტოროტაციის სისტემა ენერგიის გათიშვის შემთხვევაში უსაფრთხო დაშვებისთვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი – კიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განახორციელა ტერორისტული ხასიათის აქტი, კერძოდ, დარტყმა მიაყენა როსტოვის რეგიონულ საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიერ როსტოვის საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ეროვნულ ცენტრზე განხორციელებულ დარტყმას ტერორისტული აქტი უწოდა.„განვიხილავთ რამდენიმე საკითხს, და პირველი, მთავარი არის მოვლენები, რომლებიც დღეს მოხდა: კიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განახორციელა, უდავოდ, ტერორისტული ხასიათის აქტი, კერძოდ კი დარტყმა მიაყენა როსტოვის რეგიონულ საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრს. ამას შეიძლებოდა ზეგავლენა მოეხდინა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებაზე. საბედნიეროდ, ჩვენი ავიადისპეტჩერების მაღალპროფესიონალური მუშაობის შედეგად ტრაგიკული მოვლენები არ მომხდარა“,- განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე.რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის ვიცე-პრემიერ ვიტალი საველიევს სთხოვა ინფორმაციის მიწოდება ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ასევე „დამატებითი ზომების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს რუსეთის სატრანსპორტო კომპლექსის სტაბილურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას“.ცნობისთვის, 8 მაისის დრონები დაესხნენ თავს „როსტოვის აერონავიგაცია სამხრეთ რუსეთის“ ფილიალის შენობას როსტოვ-დონზე, რომელიც საჰაერო მოძრაობას მართავს. ამის გამო 13-მა აეროპორტმა დროებით შეაჩერა მუშაობა. კერძოდ, ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გელენჯიკის, გროზნოს, კრასნოდარის, მაყაჩკალის, მაგასის, მინერალნიე ვოდის, ნალჩიკის, სოჭის, სტავროპოლისა და ელისტას აეროპორტებმა.„როსავიაციამ“ თავდაპირველად გაავრცელა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ფრენები ამ აეროპორტებში შეჩერდებოდა 12 მაისამდე, თუმცა მოგვიანებით, ეს დოკუმენტი გააუქმა. რუსეთის სამხრეთის მიმართულებით ფრენები 15:00 საათის შემდეგ აღდგა. ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, დღის ბოლომდე დაგეგმილია სულ 217 რეისი.

სოფელ აწყურთან ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ახალციხეში,  სოფელ აწყურში, სტადიონთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, "სუბარუს" მარკის მანქანა ცხენს შეეჯახა.დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილები.გარდაცვლილები სოფელ აწყურიდან არიან.ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ჯგუფი და პოლიცია.

აბას არაღჩი – ყოველ ჯერზე, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა დღის წესრიგში დგას, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს

ყოველ ჯერზე, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა დღის წესრიგში დგას, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.მისი თქმით, ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას.„ეს უხეში ზეწოლის ტაქტიკაა? თუ რომელიმე დესტრუქციული მოთამაშის შედეგია, რომელმაც პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეიყვანა ჩიხში? რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შედეგი იგივეა: ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას. ასევე, ცდება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ჩენი რაკეტების მარაგი და გაშვების უნარი 28 თებერვალთან შედარებით არა 75, არამედ 120 პროცენტია“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.

ირაკლი მეზურნიშვილი – ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ბუდვაში, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა.მისი თქმით, ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები გაემართა.„შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. კერძოდ, თუ რამხელა გამოწვევების წინაშე დგანან ქვეყნები. მნიშვნელოვანია, კოლეგებთან მუდმივ კავშირზე ვიყოთ და გავცვალოთ პოზიციები.ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მაღალი დონის ვიზიტი ყოფილიყო, ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ. სხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდით. ეს დამატებითი შესაძლებლობა იყო, რომ გაგვეცვალა კონტაქტები და საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ

წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„უკრაინის არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომის ერთ-ერთი საკვანძო ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება - კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ.სწორედ ამიტომ დღეს, ამერიკული მხარის შუამავლობით მოლაპარაკებების პროცესის ჩარჩოში მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში „1000 1000ზე“. ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დამყარდეს 9, 10 და 11 მაისს. უკრაინა თანმიმდევრულად მუშაობს თავისი ხალხის რუსული ტყვეობიდან სახლში დასაბრუნებლად. ჩემს გუნდს ინსტრუქცია მივეცი, რომ სწრაფად მოამზადონ ყველაფერი საჭირო გაცვლისთვის.მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. მოველით, რომ აშშ უზრუნველყოფს რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას“, - წერს ზელენსკი.

ბოლო სიახლეები