ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

მეუფე შიო – გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ლოცვით უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი

გილოცავთ გიორგობას. წმინდა დიდმოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, უფალი სულიწმინდის მადლს იძლევა, თუ ადამიანი ითხოვს ამას, თუ მთელი გულით ცხოვრობს ამისთვის და დიდი მოწიწებით უფრთხილდება მას, როცა მიიღებს.

„ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. წელს ეს დღე დაემთხვა ასევე ზატიკის განზოგების დღესასწაულს. „განზოგება“ ნიშნავს „ნახევარს“, უფრო სწორად – „განახევრებას“. ეს არის აღდგომიდან სულთმოფენობამდე ორმოცდაათდღიანი სადღესასწაულო პერიოდის ზუსტად შუა მონაკვეთი. ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნებოდა ეკლესიაში, ამ დღისთვის საგალობლებს და ლოცვებს წერდნენ ჯერ კიდევ წმინდა ანდრია კრეტელი, იოანე დამასკელი და სხვა ცნობილი მოღვაწეები და ჰიმნოგრაფები. ამ დღესთან დაკავშირებით სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს საუბარი კარვობის დღესასწაულზე იერუსალიმის ტაძარში. ეს ვრცელი საუბარია და იქ ერთ ადგილას იგი ამბობს ასეთ სიტყვებს: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას; და ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“ (ინ. 7, 37-38). ასეთი საოცარი სიტყვებია. საოცარი არის ასევე ის, რომ დაახლოებით მსგავსი სიტყვები სულიწმინდის მადლით წარმოთქვა წინასწარმეტყველმა ისაიამ ქრისტეს განკაცებამდე 700 წლით ადრე. ის ამბობს: „ჰოი, მწყურვალნო, ყველანი მიდით წყალთან. ვერცხლის უქონელნო, მიდით და უსასყიდლოდ იყიდეთ“ (ეს. 55, 1). იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „სიხარულით ამოხაპეთ წყალი სიცოცხლის წყაროდან“ (ეს. 12, 3). ნახეთ, როგორ ჰგავს ეს სიტყვები უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს. ე.ი. წინასწარმეტყველიც მოგვიწოდებს, რომ დავეწაფოთ ამ სიცოცხლის წყალს, ოღონდაც კი უარი არ ვთქვათ მასზე. რა საოცარი სიტყვებია! თუკი 700 წლით ადრეც აუწყა ეს სიტყვები წინასწარმეტყველმა სულიწმინდის მადლით მსოფლიოს, ეს სიტყვები ჩვენც უნდა გვახსოვდეს და ჩავიბეჭდოთ ჩვენს გულში, რომ ვადიდოთ უფალი იმ სიტყვებით, რომლებიც წარმოთქმული იყო დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში: „ჰოი, ქრისტე ღმერთო, წყაროო ჩვენისა ცხორებისაო, დიდება შენდა“.

ვის გულისხმობს უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში, როცა ამბობს: „ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები?“ – ის გულისხმობს მორწმუნეებს, ვისაც მთელი გულით სწამს მისი და უყვარს იგი; ხოლო „ცოცხალი წყალი“ რას ნიშნავს? – ეს არის სულიწმინდის მადლი, რომელიც მოქმედებს ეკლესიაში. ამ მადლს უფალი იძლევა, თუ ადამიანი ითხოვს ამას, თუ მთელი გულით ცხოვრობს ამისთვის და დიდი მოწიწებით უფრთხილდება მას, როცა მიიღებს. ადამიანი როდესაც უხვად მიიღებს ამ მადლს, მაშინ მართლაც მოედინებიან მისი წიაღიდან სიცოცხლის წყლის მდინარეები. ეს მადლი არ იმალება, ფუჭი არ არის და არ იკარგება, ეს აუცილებლად ჩანს, ვლინდება ადამიანის ღვაწლში, მის საუბარში, მის მეტყველებაში, სიბრძნეში, სიყვარულში, ჭეშმარიტ სიტყვებში, მის გარეგნობაშიც, მის ყველა მოძრაობაში. რატომ? იმიტომ, რომ ის გახდა ამ მადლის მატარებელი. ეს დასტურდება ქრისტიანული ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში, ჩვენი ეკლესიის წმინდანების ღვაწლით, მათი სიტყვებით, მათი თხზულებებით, ყველგან ჩანს ეს მადლი. მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულნი იყვნენ წმინდა მოწამეები. მოწამეებს შორის კი განსაკუთრებულნი არიან დიდი მოწამეები. მათ შორის წმინდა დიდმოწამე გიორგი არის ჩვენი საყვარელი წმინდანი, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის მფარველი. შეგვეწიოს მისი ლოცვა და მადლი.

რატომ ეწოდება მას „დიდი მოწამე“? იმიტომ, რომ მან დაითმინა გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ მისი წამებით, მისი ამ მადლით, მისი სასწაულებით, შემდგომ რომ აღასრულა მან, უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მივიდა უფალთან. ამიტომ ეწოდება მას „დიდი მოწამე“. თქვენ იცით, რომ ის იყო მეომარი, მხედარი, რომელმაც დაამარცხა ყველაზე საშინელი ძალა – ეშმაკის ძალა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ადამიანური ძალებით ამას ვერ იზამდა. სწორედ უფალმა აღჭურვა იგი სულიწმინდის ისეთი მადლით, რომელზეც საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომელმაც შეაძლებინა წმინდა გიორგის ამ ბოროტების დამარცხება, იგი სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.

ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას, წმინდა დიდმოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი. წმინდა გიორგი შეგვეწიოს ყველას, წმინდა გიორგი შეეწიოს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სულს და დაგვლოცოს ყოველი ჩვენგანი. ამინ! ქრისტე აღდგა! გაიხარეთ!“ – განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ ქადაგებისას ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა: „მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანი თუ გამდიდრებული ურანის გადაცემაზე დაგვთანხმდება, ომი დასრულდება, თუ არ დაგვთანხმდება – დავბომბავთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა PBS News-თან სატელეფონო საუბარში ირანთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება.„ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს, კვლავ გარიგება დავდოთ. თუ ეს არ მოხდება, ძველ გზას დავუბრუნდებით“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს გამდიდრებული ურანის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას.„თუ დაგვთანხმდებიან – დასრულდება, თუ არ დაგვთანხმდებიან – დავბომბავთ“, – აღნიშნა მან.ამასთან, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ შეთანხმება დაიდოს ჩინეთში მის ჩასვლამდე, მომავალ კვირაში.„იდეალური იქნებოდა. სავალდებულო არ არის, მაგრამ იდეალური იქნებოდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„…ისეთი რაღაცები მითხრა, მაშინ წარმოუდგენელი იყო“ – პატრიარქის დაცვის უფროსი

პატრიარქის დაცვის უფროსი ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია. ილია მეორესთან გატარებულ წლებსა და მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, ვანო კობაიძე საჯაროდ პირველად საუბრობს.„მწირი ინფორმაციაა პატრიარქის დედასთან დაკავშირებით და მე მოკლედ მოგიყვებით... მამა გაბრიელმა გამაჩერა და ისეთი რაღაცები მითხრა, მაშინ, იმ პერიოდში წარმოუდგენელი იყო... ის იქნება ბოლო წმინდანი საქართველოში და მოუფრთხილდი ჩვენს პატრიარქსო. პატრიარქი მეგონა უკვდავი... მადლობა უფალს, რომ მომიწია მძიმე პერიოდში მისი უწმინდესობის გვერდზე დგომა...როგორც რენტგენი, ისე ხედავდა ყველაფერს...ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, უწმინდესი, ყველაზე გახარებული, მე მაშინ ვნახე...“, - ამბობს ვანო კობაიძე.ექსკლუზიურ ინტერვიუს მაყურებელი გადაცემაში „ნოესთან“ იხილავს.ნახეთ, ანონსის ვიდეო:

მეუფე იაკობი – ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ, ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ – ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან,...

ჩვენი არჩევნები არ ჰგავს ერში რომ არჩევნებია იმას - ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ - ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ - ცოტა ხანი, ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს და საკითხში არავინ ერევა.მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ „ჩვენი ეკლესია ძალიან საიმედო ხელშია“.„სანამ გამოვირჩევთ ახალ პატრიარქს, პრესა-ტელევიზიებში ვნებათაღელვაა ხოლმე. მათაც ვერ გაამტყუნებ ამაში, რაღაც თემის აწევა უნდათ. მერწმუნეთ, ყოველ დღე მაგ საქმეებში ვართ, ვემზადებით, შიგნით სიმშვიდეა, არავინ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს ჩარევას, რომც უნდოდეს. შიგნითაც, ჩვენს წევრს რომ უნდოდეს ჩარევა, ის ვერ გაგვიბედავს, არათუ გარედან ვინმემ გაგვიბედოს, ეგ კარგად იცოდეთ, ქვეყანაში იქნება თუ ქვეყნის გარეთ. ასეთი რამ არ ხდება, თორემ გამოვიდოდნენ და იტყოდნენ. სამი კანდიდატი დარჩა და რომელიმე მაინც იტყოდა. ყველაფერი ნორმალურად მიდის. მალე, ალბათ, კრების თარიღსაც გადავწყვეტთ, გამოვირჩევთ და ვნებათაღელვაც დაცხრება. მთავარია, ღმერთს რა უნდა ის ვიფიქროთ ხოლმე და არა ის, მე ის მომწონს, მე ეს მომწონს. ადამიანი ყველაფერში ღვთის ნებას უნდა ეძიებდეს. მერწმუნეთ, რაღაც უძლურები არ გეგონოთ. უწმინდესმა თავისი სიცოცხლეშივე გვასწავლა, როგორ უნდა იმართოს ეკლესია. ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვარჩევთ, აუცილებლად გავაგრძელებთ ისევ თქვენთან ერთად სულიერ წინსვლას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ.არ ინერვიულოთ. მკითხავებივით არიან - ესა, ისა, ამას ამდენი ხმა, იმას იმდენი ხმა. ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა ხდება, როგორ ხდება. ერთმანეთში მშვიდობაა. ზოგჯერ შეიძლება ვინმე უკმაყოფილო იყოს, მაგრამ უკმაყოფილოს რა დალევს?! არც ეკლესიაში დაილევა და არც გარეთ გვაკლია. ჩვენი არჩევნები არ ჰგავს ერში როგორც არის არჩევნები. სხვანაირად არის და ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ. ისე არ არის წახვიდე და უცხელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“. ჩვენსას ჩვენ გადავწყვეტთ, უცხოელები თავისას მიხედავენ. არც არავის საქმეში ვერევით და არც არავის ჩავრევთ. არ ინერვიულოთ მაგაზე. უმეტესობასთან, ვისთანაც ვსაუბრობ, მზად ვართ, რომ ერთობით და ერთსულოვნად, არ შეგარცხვინოთ, არც ღმერთს დავწყვიტოთ გული და არც თქვენ. ყველაფერი კარგად იქნება, ღვთის შეწევნით, მერწმუნეთ. ცოტა ხანი ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.ცნობისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა. ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

მეუფე ნიკოლოზი – გაფართოებულ კრებამდე სინოდის სხდომა გამორიცხულია, მღვდელმთავრების არავითარი ნაწილი არ იარსებებს, ვინც ამას მოითხოვს – რაც შეეხება მეუფე ზენონის განცხადებას ე.წ. ენდემოსას...

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, გაფართოებულ კრებამდე სინოდის სხდომა გამორიცხულია.შესაბამისი განცხადებით, მიტროპოლიტი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მეუფე ზენონმა აღნიშნა, რომ სინოდის სხდომის ხელახლა მოწვევის თაობაზე მღვდელმთავრებს მიმართავს.როგორც მეუფე ნიკოლოზმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, მსჯელობის სურვილის შემთხვევაში, განხილვა გაფართოებული კრების შემდეგაც შესაძლებელია.„გაფართოებულ კრებამდე სინოდის სხდომა გამორიცხულია. არავითარი ნაწილი არ იარსებებს, ვინც ამას მოითხოვს. თვითონ კრების ჩატარებას, სერიოზული მომზადება სჭირდება. სინოდის სხდომა, რომელიც ჩატარდა, პატრიარქის ორმოცამდე იყო ამაზე სერიოზული მუშაობა. ლამის ყოველდღე იკრიბებოდა მღვდელმთავრების ნაწილი საორგანიზაციო საკითხების გასავლელად. წარმოიდგინეთ, 2000 ადამიანი უნდა მოვიწვიოთ სამების ტაძარში. რამხელა ორგანიზება სჭირდება და ამის გადაწევა-გადადება... ამიტომ, სავარაუდოდ, კრება გაიმართება. ვფიქრობ, სწორიც იქნება. თუ მსჯელობა გვინდა ერთმანეთთან, კიდევ ვიმსჯელოთ მერე“,- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მეუფე ზენონის ე.წ. „ენდემოსას სინოდის“ არსებობის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს აბსურდული უწოდა.ამასთან, მეუფემ აღნიშნა, რომ კათოლიკოს პატრიარქი ილია II ეკლესიას ყოველთვის სრულად აკონტროლებდა და მის პირობებში მსგავსი სტრუქტურის შექმნა წარმოუდგენელი იყო.„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კათოლიკოს პატრიარქი უკანასკნელ წუთამდე, საღი გონებით, მტკიცედ მართვადა ეკლესიას და ვერავინ გაუბედავდა რაიმე სინოდის შექმნას ამ საეკლესიო სივრცეში. ეს არის სრული აბსურდი. პატრიარქი სანამ ჩვენ გვერდით იყო, ახლაც არის ჩვენ გვერდით, ვერაფერს გამოაპარებდი საერთოდ. ღრმად მწამს, რომ პატრიარქს ჰქონდა ისეთი გამოცხადებები და ისე იგებდა ყველაფერს, რომ ბევრჯერ გაკვირვებული დავრჩი“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-სა და ისრაელის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ირანიდან გამდიდრებული ურანის გატანა, ტრამპი თვლის, რომ ამას ნებისმიერი გზით მიაღწევს, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად...

ჩვენ მუდმივ კონტაქტს ვინარჩუნებთ ჩვენს მეგობრებთან შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თითქმის ყოველდღიურად ვესაუბრები, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, მოგვიანებით სატელეფონო საუბარს კვლავ გამართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მხარეებს შორის სრული კოორდინაციაა და მათი საერთო მიზანი ირანიდან გამდიდრებული ურანის სრულად გატანაა.„ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ირანიდან გამდიდრებული ურანის გატანა და გამდიდრების შესაძლებლობის განადგურება. პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ამას ნებისმიერი გზით მიაღწევს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის – ეს არის ჩემი დირექტივა, რომელიც მივეცი ისრაელის თავდაცვის ძალებსა და სადაზვერვო სამსახურებს. ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ირანი და მისი მარიონეტები უფრო სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბოლო სიახლეები