არაბთა გაერთიანებული საამიროები გმობს ირანის განახლებულ მზაკვრულ თავდასხმებს, ეს თავდასხმები წარმოადგენს საშიშ ესკალაციას, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანი სამოქალაქო ობიექტებს დაესხა თავს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანს იერიშების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ისინი იტოვებენ „სრულ და ლეგიტიმურ უფლებას“, რომ უპასუხონ.
ცნობისთვის, დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფუჯაირას პორტში ირანული დრონით თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ფუჯაირა ქვეყნის უმსხვილესი პორტი და ნავთობსაცავია.

