დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის დაახლოებით რვა მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, ქვეყნებს შორის არიან ისრაელი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი. ჯამურად, იარაღის ღირებულება რვა მილიარდ დოლარს აჭარბებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით მიიღო. უწყების განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განსაზღვრა, რომ არსებობდა „საგანგებო მდგომარეობა“, რაც ქვეყნებისთვის იარაღის დაუყოვნებლივ გაყიდვას მოითხოვდა.
როგორც „სიენენი” წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადმინისტრაცია საგანგებო მიზეზით კონგრესის გვერდის ავლით მოქმედებს. მარტის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა ანალოგიური გადაწყვეტილებით ისრაელს იარაღი მიჰყიდა.

