30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. დღევანდელი საზეიმო განწყობა განსაკუთრებულია იმ 800 ახალწვეულისათვის, ვინც ქვეყნისა და ერის წინაშე დღეს დადო სამხედრო ფიცი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების 35 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალების დიდი ოჯახის მომავალზე და პროფესიული დღე განსაკუთრებით მიულოცა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს.
„თავდაცვის ძალების იუბილეს ვულოცავ ჩვენი მომავლის იმედს – ახალგაზრდა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს – ყველას, ვინც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალებს“, – აღნიშნა მან.
ირაკლი ჩიქოვანმა მადლიერება გამოხატა სამხედროების ოჯახების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ მათ.
„სწორედ, ოჯახია ის მტკიცე და საიმედო საყრდენი, რომელიც ამაგრებს ჩვენს ჯარისკაცებს ამ რთულ და ღირსეულ პროფესიაში. მტკიცე და მზრუნველი ოჯახი ჯარისკაცისთვის არის მისი რწმენის, სიმტკიცისა და გამძლეობის ყველაზე დიდი წყარო“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

