უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პიტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინულ ზაკარპატიის რეგიონში შეხვედრას სთავაზობს, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა და უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, პიტერ მადიარმა უკრაინული ქალაქ ბერეგოვოს მერი მიიღო საკუთარ ოფისში და მათ უკრაინულ ზაკარპატიეს რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების მდგომარეობაზე ისაუბრეს.
„ჩემს კაბინეტში მივიღე ზოლტან ბაბიაკი, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია ტრანსკარპატიაში უნგრელების მდგომარეობისა და ომის საშინელებების შესახებ. შევთანხმდით, რომ ტრანსკარპატიაში მცხოვრები უნგრელების ინტერესებშია უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ივნისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ვაპირებ. შეხვედრის მიზანია ტრანსკარპატიაში უნგრელების ყოფნის და სამშობლოში მათი დარჩენის ხელშეწყობა“, – წერს მადიარი.
ცნობისთვის, უკრაინაში დაახლოებით 150 000 ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს.

