ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“ მეორე ადგილი დაიკავეს

„საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების მნიშვნელოვანი წარმატება, გუნდური მეორე ადგილი და დავით ლომიაშვილის ინდივიდუალური მეორე ადგილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ფაკულტეტი ამზადებს კონკურენტუნარიან სპეციალისტებს, რომლებიც მზად არიან გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფაკულტეტი, აკადემიკოს დავით გურგენიძის პატრონაჟით, აგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას, რათა მათ მომავალშიც შეძლონ მსგავსი წარმატებების მიღწევა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ღირსეულად წარდგენა“, – ამის შესახებ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდმა „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადა საერთაშორისო მასშტაბის კონკურსია, რომელიც აერთიანებს 50-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს და მიზნად ისახავს ინფორმატიკის სფეროში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოვლენას. მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ალგორითმული აზროვნების, პროგრამირების, მონაცემთა დამუშავებისა და რთული პრობლემების ეფექტურად გადაჭრის მიმართულებით.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, სტუდენტურმა გუნდმა კონკურსში მაღალი პროფესიონალიზმი და მომზადების დონე აჩვენა. მათ წარმატებით გაართვეს თავი როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დავალებებს, რის შედეგადაც გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ძლიერი და გამოცდილ გუნდები, რაც კონკურენციას კიდევ უფრო ამძაფრებდა.

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გუნდის წევრის, დავით ლომიაშვილის წარმატება, რომელმაც ინდივიდუალურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვა. მისი შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სტუდენტები მაღალი აკადემიური მომზადებით გამოირჩევიან. გარდა ამისა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისთვის სტუდენტთა მორიგი წარმატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო აღიარების გზაზე. უნივერსიტეტი და შესაბამისად ფაკულტეტი აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში, რაც საბოლოოდ ზრდის როგორც სასწავლო პროცესის ხარისხს, ისე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე. რაც მთავარია, სტუდენტების მიღწეული შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების მიმართულება დინამიკურად ვითარდება და ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და უნარები საერთაშორისო დონეზე წარმატებით წარმოაჩინონ“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტის დავით ლომიაშვილის თქმით, ოლიმპიადაში მონაწილეობა მისთვის მორიგი დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო.

„ოლიმპიადა ჩემთვის ძალიან საინტერესო და განსხვავებული გამოცდილება იყო, მსგავსი ფორმატის შეჯიბრი აქამდე არ მქონია. ჩვენ ველოდებოდით, რომ სტანდარტული ოლიმპიადების მსგავსად, შეზღუდულ გარემოში მოგვიწევდა მუშაობა, სადაც მხოლოდ საკუთარი ცოდნითა და ლოგიკით უნდა გადაგვეწყვიტა ამოცანები. ეს უკვე გარკვეულწილად დამკვიდრებული პრაქტიკაა მსგავს კონკურსებსა და გამოცდებზე, ამიტომაც თავიდან სწორედ ასეთ რეჟიმზე ვიყავით მობილიზებული. თუმცა ოლიმპიადის დაწყებისთანავე აღმოჩნდა, რომ გარემო სრულიად განსხვავებული იყო, მონაწილეებს არანაირი ტექნიკური შეზღუდვა არ გვქონდა. თავისუფლად შეგვეძლო ინტერნეტის გამოყენება და ასევე ხელოვნური ინტელექტის ჩართვაც ამოცანების გადაჭრის პროცესში. ეს ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან ასეთი მიდგომა იშვიათად გვხვდება აკადემიურ შეჯიბრებებში. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა. დღეს ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად გამოიყენება როგორც განათლებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში. ის უკვე ყოველდღიური ინსტრუმენტია უნივერსიტეტებში, IT კომპანიებში და ზოგადად სამუშაო პროცესში. შესაბამისად, ალბათ ოლიმპიადის მიზანიც იყო არა მხოლოდ კლასიკური ცოდნის შემოწმება, არამედ იმის შეფასება, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია მონაწილეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. მე თავად პროგრამისტი ვარ და რამდენიმე წელია ვმუშაობ ამ სფეროში. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე დიდი ხანია ჩემი სამუშაო პროცესის ნაწილია და გარკვეულწილად ეს გამოცდილება დამეხმარა ამ ოლიმპიადაზეც. ვფიქრობ, სწორედ ამან მომცა გარკვეული უპირატესობა არა მხოლოდ პასუხების პოვნაში, არამედ პრობლემების სწრაფად გააზრებასა და სწორი მიდგომის შერჩევაში“, – აცხადებს სტუ-ის სტუდენტი.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო იაგშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშხაბადი, თურქმენეთი) მიერ ორგანიზებულ „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკ რუტე აცხადებს, ნატო ერთდროულად მრავალი საფრთხის წინაშე დგას

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, ალიანსი ერთდროულად მრავალი საფრთხის წინაშე დგას.„საფრთხეები, რომლის წინაშეც ვდგავართ, დიდია — არქტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, კოსმოსიდან ზღვის ფსკერამდე, რაკეტებიდან და დრონებიდან კიბერშეტევებამდე. გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია და ბირთვული გაფართოებაც. ირანი ტერორსა და ქაოსს ავრცელებს“, – განაცხადა რუტემ.ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ირანის საფრთხეზე და ამ კონტექსტში თურქეთი გამოყო.„ბოლო კვირების განმავლობაში ნატო-მ ოთხჯერ წარმატებით ჩაჭრა ირანიდან თურქეთისკენ მიმართული ბალისტიკური რაკეტები. ნატო მზადაა ასეთი საფრთხეებისთვის და ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც საჭიროა თურქეთისა და ყველა მოკავშირის დასაცავად“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მიხეილ ყაველაშვილი – უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეაჯამა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული რეგიონული ეკოლოგიური სამიტი, სადაც ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვით საკითხებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.„სამიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემს სიტყვაშიც გადავუხადე მადლობა ყაზახეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს, რომელმაც უზრუნველყო გაერო-სთან ერთად ასეთი მაღალი დონის სამიტის ორგანიზება. გარემოს დაცვითი მიმართულებით ნამდვილად არსებობს გამოწვევები, არა მარტო სახელმწიფოებისთვის, არამედ საზოგადოებებისა და მოქალაქეებისთვის.ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ ყველა. წარმოდგენილი იყვნენ შუა აზიის ქვეყნების პირველი პირები და კავკასიის ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის პირველი პირები. სამიტი ორი დღე გაგრძელდება. ბრძანდებოდნენ ჩვენი მინისტრებიც, ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ გააგრძელებენ ამ პროცესში მონაწილეობას. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს გარემოს. სამიტამდე დავათვალიერეთ პავილიონი, სადაც შუა აზიის ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილი ახალი პროექტებით, რომლებიც ასევე ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობდა ასეთი მაღალი დონის სამიტში და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით. ჩემს სიტყვაშიც განვაცხადე, რომ ამ პროცესშიც ჩართული ვართ. ამ ყველაფერს თან სდევს ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და სტაბილური მდგომარეობა, პარალელურ რეჟიმში ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ყველა ერთად აღნიშნავს, რადგან ეს პროცესი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ინკლუზიურია და ყველა ჩართულია ამ პროცესში. საომარი ვითარებებია გარშემო, დაძაბულობაა და ასეთი გამოწვევების ფონზე, თითქოს რატომ უნდა გვაწუხებდეს ეკოლოგია, მაგრამ ეს ყველაფერი კავშირშია ჩვენს სამყაროსთან, ადამიანებთან, სახელმწიფოებთან, რასაც ძალიან გაგებით ეკიდებიან. ჩვენ ლიდერებთან შემდეგ ცალკეც გვქონდა ამ თემებზე საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა აზიის ქვეყნებთან თითქმის ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გარდა ეკოლოგიისა, იცით, რომ შუა დერეფნის თემა ძალიან მიმზიდველია, მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტად იძენს თავის ფუნქციას. ყველამ იცის, რომ საქართველოს გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია და ამაში ყველა ერთხმად ვთანხმდებით. ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს.„ბოლოს მქონდა უკვე ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროში სავაჭრო, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შექმნას, უფრო სწორად, ხელმოწერას. ამაზე ჩვენ შევთანხმდით და უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პროცესები“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას დაუჭირეს მხარი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას დაუჭირეს მხარი.სანქციების ახალი პაკეტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სლოვაკეთისა და უნგრეთის პოზიციის გამო დაბლოკილი იყო. ახლა კი, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს.„ევროკავშირმა ასევე გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი უკრაინისთვის 2026-2027 წლებისთვის განკუთვნილი მასშტაბური კრედიტის საბოლოო დამტკიცების პროცესში. ეს საკითხიც რამდენიმე თვის განმავლობაში სადავო იყო უნგრეთის ვეტოს გამო. საუბარია ევროკავშირის მრავალწლიან ბიუჯეტში ცვლილების დამტკიცებაზე. პროცესი მიმდინარეობს წერილობითი პროცედურის ფორმატში და გაგრძელდება 23 აპრილამდე. წერილობითი პროცედურა ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს ან ოფიციალურად დაასაბუთოს უარი. პროცედურა გაგრძელდება 24 საათის განმავლობაში – 23 აპრილის 12:00 საათამდე. პროცედურა შესაძლოა, ვადამდე ადრე დასრულდეს, თუ დოკუმენტს ყველა ქვეყანა დროულად მოაწერს ხელს. პროცედურის დასრულება ნიშნავს გადაწყვეტილებების საბოლოო დამტკიცებას ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.როგორც ცნობილია, უნგრეთი და სლოვაკეთი დაელოდებიან, ვიდრე რუსული ნავთობი ფიზიკურად მიაღწევს მათ ტერიტორიას „დრუჟბას“ ნავთობსადენით. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ არ იქნება მიღებული 23 აპრილამდე.მანამდე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, მხარი დაუჭიროს სანქციების მე-20 პაკეტს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული ნავთობი სლოვაკეთში „დრუჟბას“ მილსადენით შევა.უნგრეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტს მხოლოდ მას შემდეგ მოხსნიდა ვეტოს, რაც „დრუჟბას“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება აღდგებოდა.მედიის ცნობით, უკრაინაში დღეს დაადასტურეს, რომ „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის მიწოდება აღდგენილია.ამასთან, „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტიდან ამოღებულია რუსული ნავთობის ზღვით გადაზიდვის აკრძალვა.ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი, რას მოიცავს პაკეტი. მედიის ინფორმაციით, ის სავარაუდოდ მოიცავს დამატებით შეზღუდვებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებასა და ვაჭრობაზე, სანქციების გაფართოებას ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, ნავთობის ფასის ზედა ზღვრის კონტროლის გამკაცრებას, ასევე სანქციებს რუსული ბანკების წინააღმდეგ და რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ოპერაციების დამატებითი შეზღუდვებს.ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას დაუჭირეს მხარი.

დიმიტრი ხუნდაძე: როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია. ეს არის ნათელი მაგალითი უნგრეთის შემთხვევაში, როცა ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა იმისა, რომ ისევ თავიდან...

როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია, - განაცხადა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.მისივე თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი უნგრეთის შემთხვევაში, როცა ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა იმისა, რომ ისევ თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ისევ მოსთხოვოს უნგრეთს, რომ ლგბტ პროპაგანდა არა თუ შეზღუდოს, არამედ გააქტიუროს.„ეს იქნება ჩვენთვის ასევე სასიგნალო, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ფხიზლად და საკითხები, რომელიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ აქ კომპრომისი უბრალოდ ვერ იქნება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.უნგრეთში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბუდაპეშტმა ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესები დაარღვია, როცა ბავშვებს, გენდერული პროპაგანდის გამავრცელებელ კონტენტზე წვდომა აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაირღვა ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც საერთო ფასეულობებს ეხება.

გია ვოლსკი – სააკაშვილის გარეშე „ალიანსი“ არ არსებობს, სააკაშვილი არის მთავარი სახე

მოსალოდნელი იყო, რომ სააკაშვილი გარკვეულწილად გაემიჯნებოდა „ალიანსს“, რადგან საზოგადოების ნაწილს გაცნობიერებული აქვს ის დანაშაულები, რაც სააკაშვილის პერიოდში მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ისეთ ილუზიას ქმნიან, თითქოს „ალიანსი“ აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილს უპირისპირდებიან, არ აქებენ, მონურ მორჩილებას არ იჩენენ.„საზოგადოებას ეუბნებიან, გაერთიანდით ყველა, ვინც თავს ოპოზიციონერს უწოდებს, მაგრამ ფაქტია, ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. არავინ არასდროს გამიჯვნია არც სააკაშვილს, არც ერთმანეთთან ჰქონიათ სხვაობა პოლიტიკაში, ან თუნდაც საერთო საკაცობრიო თუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ საკითხებზე. შეიძლება, პიროვნულად ერთმა მეორეზე რამე თქვას ან ჭორი წამოროშოს, მაგრამ ფაქტია, ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს სააკაშვილის სახე. ყველაფერი გადაფარულია იმ სისხლითაც, იმ ქმედებებითაც, რომელმაც საქართველოში ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დატოვა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარეშე ეს „ალიანსი“ არ არსებობს.„ალიანსი“ არის სააკაშვილთან ერთად. სააკაშვილი არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, საკუთარი ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს აქ პლურალიზმია. თითქოს ზოგიერთი ემიჯნება იმ წარსულს, რასაც ჩვენ სამართლიანად სისხლიან წარსულს ვეძახით. ზოგიერთი თითქოს ახლებურად უდგება ამ თემას, მაგრამ ძირითადად ყველა ის შემადგენელი სტრუქტურა, ერთეული თუ ადამიანთა რესურსი იყო ჩართული იმ დანაშაულებში, რომელსაც სააკაშვილთან ერთად ჩადიოდნენ. განსხვავება დამისახელეთ და მაშინ შეიძლება, გავაგრძელოთ მსჯელობა. ეს არის განზრახ შემოტანილი თემა, თითქოს აქ სხვადასხვა აზრი არსებობს სააკაშვილის რეჟიმთან ან მის მიერ ჩადენილ და უკვე აღიარებულ დანაშაულებთან მიმართებაში. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, გვარები შეგვიძლია დავასახელოთ, რომლებიც ამბობენ, დიახ, ეს დანაშაულები ჩადენილია და, დიახაც, სწორად მოვიქეცით. თუნდაც ტერიტორიების დაკარგვასთან და რუსეთისთვის მირთმევასთან დაკავშირებით გარკვეული ადამიანები ყოველდღე სხვადასხვა მედიასაშუალებენით გამოდიან და ამბობენ: „დიახ, სწორად მოვიქეცით“. არიან მეორენი, რომლებიც ამბობენ, რომ შეცდომები იყო დაშვებული. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი უნდათ, ისეთ იმპერატორად აქციონ, რომელსაც ყველანი უნდა გავყვეთ და ეს ასე არ არის. თითქოს გაემიჯნა, მაგრამ ბოკერია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმ დანაშაულებრივი, გესტაპოს მართვის სისტემის, რომელიც შეიქმნა. სააკაშვილი განზრახ ამბობს, თითქოს ამ ალიანსში რაღაც სხვადასხვაობა არსებობს. ორი რამის ერთმანეთში გადაზელვა უნდა მოხდეს ისე, რომ  ახალგაზრდებმა არ უნდა იცოდნენ, რეალურად რაში მდგარეობს კონსპირაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები