ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026

თამარ ჩერგოლეიშვილი – რეჟიმს გადაუწყვეტია, „ფედერალისტებიც“ აგვკრძალოს, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება, მათ აქციით, სანქციითა და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას

რეჟიმს გადაუწყვეტია, „ფედერალისტებიც“ აგვკრძალოს. ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება. ვიდრე ერთ პარტიას კრძალავენ, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გვაქვს ამ პარტიასთან, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესი კვდება და არანაირ ფორმალურ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, არ გავხდებით რეჟიმის დეკორაცია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება.

„რასაკვირველია, კონკურენტად აღვიქვამთ ყველა პარტიას, ჩვენ გარდა, მაგრამ კონკურენტების დამარცხება გვინდა თანასწორ ველზე, სამართლიან ბრძოლაში და არა ბიძინა ივანიშვილის აკრძალვების შედეგად. შესაბამისად, ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, თუმცა ვხვდები, რეჟიმს რაში დასჭირდა ეს ყველაფერი. ცხრათვიანი ვადა გასდის, იმის თავი არ აქვს, მიადგეს და ის სამი პარტია აკრძალოს. ამიტომ ახალი ვადა სჭირდება. შესაბამისად, გამოითხოვეს ის ცხრათვიანი და ახალი სარჩელი შეიტანეს, რომ ახალი ვადის ათვლა დაიწყოს. რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა ეს და არაფერი სხვის. ამიტომ, მივმართავ მხარდამჭერებს, რომ ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება. ჩვენ რეჟიმს აქციით, სანქციით და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას. ბუნებრივია, ამის შედეგად რეჟიმი შეიცვლება, სათავეში მოვა დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის ნაწილიც აუცილებლად ვიქნებით „ფედერალისტები“. ქვეყანაში დავამყარებთ სამართლიანობას, მოქალაქეებს მოვუტანთ უსაფრთხოებას, აღვადგენთ სამოქალაქო თავისუფლებებს, ანუ გავაუქმებთ ყველა რუსულ კანონს. ამის მიღმა შევცვლით საარჩევნო კანონმდებლობას, რათა ადამიანებმა თავიანთი ნება, არჩევანის უფლება დაიბრუნონ და შემდეგ სამართლიანმა სასამართლომ უზრუნველყოს, რომ მათი არჩევანი ყოველთვის დაცული იქნება და ივანიშვილის მსგავსმა ავაზაკებმა ვერ მიიტაცონ. ასე რომ, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება. რეჟიმმა გამოავლინა თავისი სისუსტე, სხვა არაფერი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეაჯამა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული რეგიონული ეკოლოგიური სამიტი, სადაც ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვით საკითხებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.„სამიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემს სიტყვაშიც გადავუხადე მადლობა ყაზახეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს, რომელმაც უზრუნველყო გაერო-სთან ერთად ასეთი მაღალი დონის სამიტის ორგანიზება. გარემოს დაცვითი მიმართულებით ნამდვილად არსებობს გამოწვევები, არა მარტო სახელმწიფოებისთვის, არამედ საზოგადოებებისა და მოქალაქეებისთვის.ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ ყველა. წარმოდგენილი იყვნენ შუა აზიის ქვეყნების პირველი პირები და კავკასიის ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის პირველი პირები. სამიტი ორი დღე გაგრძელდება. ბრძანდებოდნენ ჩვენი მინისტრებიც, ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ გააგრძელებენ ამ პროცესში მონაწილეობას. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს გარემოს. სამიტამდე დავათვალიერეთ პავილიონი, სადაც შუა აზიის ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილი ახალი პროექტებით, რომლებიც ასევე ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობდა ასეთი მაღალი დონის სამიტში და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით. ჩემს სიტყვაშიც განვაცხადე, რომ ამ პროცესშიც ჩართული ვართ. ამ ყველაფერს თან სდევს ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და სტაბილური მდგომარეობა, პარალელურ რეჟიმში ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ყველა ერთად აღნიშნავს, რადგან ეს პროცესი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ინკლუზიურია და ყველა ჩართულია ამ პროცესში. საომარი ვითარებებია გარშემო, დაძაბულობაა და ასეთი გამოწვევების ფონზე, თითქოს რატომ უნდა გვაწუხებდეს ეკოლოგია, მაგრამ ეს ყველაფერი კავშირშია ჩვენს სამყაროსთან, ადამიანებთან, სახელმწიფოებთან, რასაც ძალიან გაგებით ეკიდებიან. ჩვენ ლიდერებთან შემდეგ ცალკეც გვქონდა ამ თემებზე საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა აზიის ქვეყნებთან თითქმის ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გარდა ეკოლოგიისა, იცით, რომ შუა დერეფნის თემა ძალიან მიმზიდველია, მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტად იძენს თავის ფუნქციას. ყველამ იცის, რომ საქართველოს გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია და ამაში ყველა ერთხმად ვთანხმდებით. ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს.„ბოლოს მქონდა უკვე ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროში სავაჭრო, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შექმნას, უფრო სწორად, ხელმოწერას. ამაზე ჩვენ შევთანხმდით და უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პროცესები“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას დაუჭირეს მხარი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას დაუჭირეს მხარი.სანქციების ახალი პაკეტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სლოვაკეთისა და უნგრეთის პოზიციის გამო დაბლოკილი იყო. ახლა კი, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს.„ევროკავშირმა ასევე გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი უკრაინისთვის 2026-2027 წლებისთვის განკუთვნილი მასშტაბური კრედიტის საბოლოო დამტკიცების პროცესში. ეს საკითხიც რამდენიმე თვის განმავლობაში სადავო იყო უნგრეთის ვეტოს გამო. საუბარია ევროკავშირის მრავალწლიან ბიუჯეტში ცვლილების დამტკიცებაზე. პროცესი მიმდინარეობს წერილობითი პროცედურის ფორმატში და გაგრძელდება 23 აპრილამდე. წერილობითი პროცედურა ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს ან ოფიციალურად დაასაბუთოს უარი. პროცედურა გაგრძელდება 24 საათის განმავლობაში – 23 აპრილის 12:00 საათამდე. პროცედურა შესაძლოა, ვადამდე ადრე დასრულდეს, თუ დოკუმენტს ყველა ქვეყანა დროულად მოაწერს ხელს. პროცედურის დასრულება ნიშნავს გადაწყვეტილებების საბოლოო დამტკიცებას ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.როგორც ცნობილია, უნგრეთი და სლოვაკეთი დაელოდებიან, ვიდრე რუსული ნავთობი ფიზიკურად მიაღწევს მათ ტერიტორიას „დრუჟბას“ ნავთობსადენით. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ არ იქნება მიღებული 23 აპრილამდე.მანამდე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, მხარი დაუჭიროს სანქციების მე-20 პაკეტს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული ნავთობი სლოვაკეთში „დრუჟბას“ მილსადენით შევა.უნგრეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტს მხოლოდ მას შემდეგ მოხსნიდა ვეტოს, რაც „დრუჟბას“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება აღდგებოდა.მედიის ცნობით, უკრაინაში დღეს დაადასტურეს, რომ „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის მიწოდება აღდგენილია.ამასთან, „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტიდან ამოღებულია რუსული ნავთობის ზღვით გადაზიდვის აკრძალვა.ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი, რას მოიცავს პაკეტი. მედიის ინფორმაციით, ის სავარაუდოდ მოიცავს დამატებით შეზღუდვებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებასა და ვაჭრობაზე, სანქციების გაფართოებას ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, ნავთობის ფასის ზედა ზღვრის კონტროლის გამკაცრებას, ასევე სანქციებს რუსული ბანკების წინააღმდეგ და რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ოპერაციების დამატებითი შეზღუდვებს.ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას დაუჭირეს მხარი.

დიმიტრი ხუნდაძე: როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია. ეს არის ნათელი მაგალითი უნგრეთის შემთხვევაში, როცა ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა იმისა, რომ ისევ თავიდან...

როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია, - განაცხადა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.მისივე თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი უნგრეთის შემთხვევაში, როცა ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა იმისა, რომ ისევ თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ისევ მოსთხოვოს უნგრეთს, რომ ლგბტ პროპაგანდა არა თუ შეზღუდოს, არამედ გააქტიუროს.„ეს იქნება ჩვენთვის ასევე სასიგნალო, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ფხიზლად და საკითხები, რომელიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ აქ კომპრომისი უბრალოდ ვერ იქნება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.უნგრეთში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბუდაპეშტმა ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესები დაარღვია, როცა ბავშვებს, გენდერული პროპაგანდის გამავრცელებელ კონტენტზე წვდომა აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაირღვა ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც საერთო ფასეულობებს ეხება.

გია ვოლსკი – სააკაშვილის გარეშე „ალიანსი“ არ არსებობს, სააკაშვილი არის მთავარი სახე

მოსალოდნელი იყო, რომ სააკაშვილი გარკვეულწილად გაემიჯნებოდა „ალიანსს“, რადგან საზოგადოების ნაწილს გაცნობიერებული აქვს ის დანაშაულები, რაც სააკაშვილის პერიოდში მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ისეთ ილუზიას ქმნიან, თითქოს „ალიანსი“ აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილს უპირისპირდებიან, არ აქებენ, მონურ მორჩილებას არ იჩენენ.„საზოგადოებას ეუბნებიან, გაერთიანდით ყველა, ვინც თავს ოპოზიციონერს უწოდებს, მაგრამ ფაქტია, ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. არავინ არასდროს გამიჯვნია არც სააკაშვილს, არც ერთმანეთთან ჰქონიათ სხვაობა პოლიტიკაში, ან თუნდაც საერთო საკაცობრიო თუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ საკითხებზე. შეიძლება, პიროვნულად ერთმა მეორეზე რამე თქვას ან ჭორი წამოროშოს, მაგრამ ფაქტია, ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს სააკაშვილის სახე. ყველაფერი გადაფარულია იმ სისხლითაც, იმ ქმედებებითაც, რომელმაც საქართველოში ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დატოვა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარეშე ეს „ალიანსი“ არ არსებობს.„ალიანსი“ არის სააკაშვილთან ერთად. სააკაშვილი არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, საკუთარი ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს აქ პლურალიზმია. თითქოს ზოგიერთი ემიჯნება იმ წარსულს, რასაც ჩვენ სამართლიანად სისხლიან წარსულს ვეძახით. ზოგიერთი თითქოს ახლებურად უდგება ამ თემას, მაგრამ ძირითადად ყველა ის შემადგენელი სტრუქტურა, ერთეული თუ ადამიანთა რესურსი იყო ჩართული იმ დანაშაულებში, რომელსაც სააკაშვილთან ერთად ჩადიოდნენ. განსხვავება დამისახელეთ და მაშინ შეიძლება, გავაგრძელოთ მსჯელობა. ეს არის განზრახ შემოტანილი თემა, თითქოს აქ სხვადასხვა აზრი არსებობს სააკაშვილის რეჟიმთან ან მის მიერ ჩადენილ და უკვე აღიარებულ დანაშაულებთან მიმართებაში. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, გვარები შეგვიძლია დავასახელოთ, რომლებიც ამბობენ, დიახ, ეს დანაშაულები ჩადენილია და, დიახაც, სწორად მოვიქეცით. თუნდაც ტერიტორიების დაკარგვასთან და რუსეთისთვის მირთმევასთან დაკავშირებით გარკვეული ადამიანები ყოველდღე სხვადასხვა მედიასაშუალებენით გამოდიან და ამბობენ: „დიახ, სწორად მოვიქეცით“. არიან მეორენი, რომლებიც ამბობენ, რომ შეცდომები იყო დაშვებული. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი უნდათ, ისეთ იმპერატორად აქციონ, რომელსაც ყველანი უნდა გავყვეთ და ეს ასე არ არის. თითქოს გაემიჯნა, მაგრამ ბოკერია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმ დანაშაულებრივი, გესტაპოს მართვის სისტემის, რომელიც შეიქმნა. სააკაშვილი განზრახ ამბობს, თითქოს ამ ალიანსში რაღაც სხვადასხვაობა არსებობს. ორი რამის ერთმანეთში გადაზელვა უნდა მოხდეს ისე, რომ  ახალგაზრდებმა არ უნდა იცოდნენ, რეალურად რაში მდგარეობს კონსპირაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვლადიმერ პუტინი – დიდი სამამულო ომის დროს მთელი ზურგი მუშაობდა ფრონტისთვის, ქალები წინდებს ქსოვდნენ, აგზავნიდნენ ფრონტზე, ამაშია ერთობა და ამაში მდგომარეობს ჩვენი გამარჯვებების წარმატება

ვლადიმერ პუტინმა რუსეთს ყველა მოქალაქეს მოუწოდა, იმუშაონ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების წარმატებისთვის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ შეადარა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი მეორე მსოფლიო ომს.„დიდი სამამულო ომის დროს მთელი ზურგი მუშაობდა ფრონტისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ჩვენი მცველებისთვის, მაგრამ ისინი არ აკეთებდნენ მხოლოდ ტანკებს, თვითმფრინავებს და ჭურვებს. ბავშვები, ბებიები, ქალები წინდებს ქსოვდნენ, აგზავნიდნენ ფრონტზე ამანათებს და საჩუქრებს. აი, ამაშია ერთობა და ამაში მდგომარეობს ჩვენი გამარჯვებების წარმატება. ასე იქნება ახლაც“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ცნობისთვის, „ლევადა ცენტრის“ ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს უკრაინასთან მოლაპარაკებებს. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 67%. ამასთან ერთად, შემცირდა უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერთა რაოდენობა. საომარ მოქმედებების გაგრძელებას გამოკითხულთა 24% ემხრობა.

ბოლო სიახლეები