კვირა, აპრილი 19, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის ახალ მემორანდუმს მოეწერა ხელი

„თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების განვითარების კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმგვარი ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოება, რომელიც უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანესი ინოვაციური კვლევითი პრაქტიკების განვითარებას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში. სწორედ ამ ჭრილში უნდა შეფასდეს სამეცნიერო თვალსაზრისით ის უახლესი ისტორიული მოვლენა, რომლის მომსწრენიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გავხდით და რომელიც უკავშირდება CERN-თან სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ქართველი მეცნიერები და ინჟინრები ერთვებიან SHiP კოლაბორაციის საერთაშორისო კვლევით ინიციატივაში, რომელიც ორიენტირებულია ე.წ. დამალული სექტორის ნაწილაკების იდენტიფიკაციასა და მათი ფიზიკური თვისებების კვლევაზე. ეს მიმართულება თანამედროვე მაღალი ენერგიისა და ნაწილაკების ფიზიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ინტენსიურად განვითარებადი სფეროა – სამყაროს სტრუქტურის შესახებ ცოდნის რადიკალური გაფართოებით“, – ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის SHiP კოლაბორაციასთან მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამშრომლობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი ამჯერად უკვე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) SHiP კოლაბორაციასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, CERN-ის SMS კოლაბორაციის ასოცირებულმა წევრმა – აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, CERN-ის SHiP ექსპერიმენტის სპოუკპერსონმა – პროფესორმა ანდრეი გოლუტვინმა და KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ვახტანგ ცაგარელმა.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, CERN-ის მეცნიერი – პროფესორი დანიელ ბიკი, სტუ-ის კანცლერი – პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი – პროფესორი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN/CMS ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში – პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრები, SHiP ექსპერიმენტში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი – დოქტორი ირაკლი ლომიძე, სტუ-ის და KIU-ს სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ფუნდამენტურ კვლევებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოების კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ მდგომარეობასა და სტაბილურობაზე, შესაბამისად, მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს ექმნებათ შესაძლებლობა გააღრმავონ და განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა მაღალი ენერგიის ფიზიკაში, ნაწილაკების ფიზიკასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში, მათ შორის საინფორმაციო და Grid-გამოთვლითი ტექნოლოგიების მიმართულებით.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ახალი მემორანდუმის თანახმად, SHiP ექსპერიმენტის ფარგლებში დაგეგმილ კვლევით პროექტებში ქართველი ფიზიკოსების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მონაწილეობა ისეთივე წარმატებული და მრავალმხრივი იქნება, როგორიც იყო და არის CERN-ის CMS და ATLAS ექსპერიმენტებში.

 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მსოფლიოს 20 ქვეყნის 48 უნივერსიტეტს შორის, 2025 წლიდან SHiP ექსპერიმენტის სრულფასოვანი წევრია. ჩვენი მეცნიერთა ჯგუფი მაღალი კლასის ფიზიკოსებით, ინჟინრებითა და პროგრამისტებით არის დაკომპლექტებული, ჯგუფის ლიდერი კი ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერი, დოქტორი ირაკლი ლომიძეა. ახალი თანამშრომლობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს გლობალურ სამეცნიერო პროცესებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ფუნდამენტური კვლევების განვითარებაში. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსად მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა ხელს უწყობს როგორც ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა პროფესიულ ზრდას, ისე ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას. მოხარული ვართ, რომ CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმომწერი მხარე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია.

ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევითი პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძეს. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული სამეცნიერო საზოგადოების კვლევით და ტექნოლოგიურ პოტენციალს, მის პოზიციებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, შექმნის ახალ შესაძლებლობებს მომავალი თაობის მკვლევრებისთვის, რათა ისინი ეფექტიანად ინტეგრირდნენ საერთაშორისო კვლევით ეკოსისტემაში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ფუნდამენტური გამოწვევების დაძლევაში“, – აღნიშნა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების კუთხით ახალი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მემორანდუმის ძირითადი მიზანი საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან დაახლოებაა.

ზვიად გაბისონიას თქმით, მემორანდუმი ითვალისწინებს ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფას, ამასთანავე, ქართველი ინჟინრების CERN-ის ექსპერიმენტულ კვლევით პროექტებში ჩართულობის ზრდას.

SHiP ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მემორანდუმის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, ცნობილმა ფიზიკოსმა, CERN-ის გლობალური SHiP ექსპერიმენტის სპოუკპერსონმა, Imperial College London-ის (დიდი ბრიტანეთი) ფიზიკის მიმართულების პროფესორმა – ანდრეი გოლუტვინმა. მისი თქმით, ურთულესი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გათვალისწინებით CERN/ShiP ექსპერიმენტის განხორციელება 2031 წლიდან დაიწყება.

როგორც ანდრეი გოლუტვინმა აღნიშნა, SHiP ექსპერიმენტი მიზნად ისახავს თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანის – ე.წ. დამალული სექტორის ნაწილაკების აღმოჩენას, რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურის უკეთ გასაგებად. მისი თქმით, პროექტის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო თანამშრომლობაზე, და ამ პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდების ჩართულობა მნიშვნელოვანი დამატებითი რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალია. პროფესორმა გოლუტვინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართველი მეცნიერებისა და ინჟინრების პროფესიონალიზმი უკვე კარგად არის ცნობილი CERN-ში და მათი წვლილი SHiP ექსპერიმენტში არსებით როლს შეასრულებს.

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN/SHiP ექსპერიმენტის სპოუკპერსონი – პროფესორი ანდრეი გოლუტვინი და პროფესორი დანიელ ბიკი სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში გახსნილ მაღალტექნოლოგიურ სტროუ ლაბორატორიას ეწვივნენ და ShiP ექსპერიმენტისთვის 20 მმ დიამეტრის სტროუ ტრეკული მილების დამზადების პროცესი ადგილზე შეაფასეს. სტუ-ის ინჟინერ-მეცნიერთა მიერ დამზადებული სტროუ მილები SHiP ექსპერიმენტისთვის CERN-ში გაიგზავნება.

სტუ-ის ინფორმაციით, პირველად მსოფლიოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს უზუსტესი და დახვეწილი ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი (µm) ლენტისგან ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილები დამზადდა. სტროუ დეტექტორები, საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებისა და ხელმისაწვდომობის გამო, უკვე ფართოდ გამოიყენება ისეთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში, როგორიცაა: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN, შვეიცარია), გლობალური ექსპერიმენტები: NA-62, SHiP; იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაცია (KEK, იაპონია), J-PARC-ში მიმდინარე გლობალური COMET ექსპერიმენტი; ფერმის ლაბორატორია (FERMILAB, აშშ), გლობალური ექსპერიმენტები: DUNE, Mu2e.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დედისგან უარყოფილმა სპლიყვმა პირველი მეგობარი იპოვა

აშშ-ში, სმიტსონის ზოოპარკში, ინდური სპილოს ნაშიერმა ლინ მეიმ პირველი მეგობარი იპოვა. ამის შესახებ The Washingtonian-ი წერს.ლინ მეი გახდა პირველი სპლიყვი, რომელიც ზოოპარკში ბოლო 25 წლის განმავლობაში დაიბადა. ის 2 თებერვალს მოევლინა ქვეყანას. თუმცა მალევე დედამ, ნჰი ლინმა, მასზე უარი თქვა, მსგავსი შემთხვევები სპილოებში იშვიათი არ არის.მიტოვებულ სპლიყვზე ზრუნვა ზოოპარკის თანამშრომლებმა ითავეს. მათ უწევთ ლინ მეიზე დაკვირვება და ყოველ ორ საათში ერთხელ ბოთლით სპეციალური  რძით კვება. „ეს ერთ-ერთი ყველაზე დამქანცველი სამუშაოა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია“, — აღიარა ზოოპარკის სპილოების მთავარმა კურატორმა რობი კლარკმა.კლარკის თქმით, ლინ მეი უკვე ავლენს თავის ხასიათს. „ის მოუსვენარია. თამამი. თამაშის მოყვარული. ძალიან უყვარს ბანაობა“, - აღწერა მან. მიუხედავად იმისა, რომ სპლიყვმა დედასთან ურთიერთობის დალაგება ვერ მოახერხა, ის სხვა სპილოსთან, 52 წლის სვარნასთან დამეგობრდა. სვარნას არასოდეს ჰყოლია შვილები, თუმცა იცის, როგორ მოექცეს მათ.სპლიყვის ისტორიამ ბევრს იაპონელი პანჩის ამბავი გაახსენა.პატარა იაპონური მაკაკა, ინტერნეტვარსკვლავი მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ეხუტებოდა ის ძველ, ფუმფულა სათამაშო-მაიმუნს, მას შემდეგ რაც  დედამ მასზე უარი თქვა. პანჩის სხვა მაიმუნებთან შეგუებაც გაუჭირდა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აგრესიულად ექცევიან მას ზრდასრული მაკაკები. რის შემდეგაც შეშინებული პანჩი დასამალად მის ერთადერთ მეგობართან, სათამაშო ორანგუტანგთან გარბის.კადრებმა, სადაც ის სათამაშოს ისე ებღაუჭება, როგორც დედას, მილიონობით ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია.მოგვიანებით, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ  პანჩი ზოოპარკში მცხოვრებ სხვა მაიმუნებს დაუმეგობრდა და გართობის ახალი გზა იპოვა. ორანგუტანგიც ნაკლებად უჭირავს ხელში.

„უოლ სთრით ჯორნალი“ – პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, „ტრამპთაუერ თბილისის“ აშენებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია, პარტნიორებთან ერთად, თბილისში ახალ ცათამბჯენს ააშენებს.„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-ის აშენებას გეგმავს.„კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენის აშენება იგეგმება, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის ოჯახის კომპანიამ საზღვარგარეთული ბიზნესისადმი მიდგომა ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს“, – წერს გამოცემა.„უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაში წერია, რომ დასრულების შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში.როგორც ცნობილია, პროექტში ასევე მონაწილეობს ნიუ იორკში დაფუძნებული დეველოპერი და ტრამპის ყოფილი პარტნიორი – Sapir Organization-ი.სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტრამპს საქართველოში წლების წინაც სურდა ცათამბჯენის აშენება, თუმცა, სხვა ქვეყნებში დაგეგმილი არაერთი პროექტის მსგავსად, „ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობის გამო მასზე უარი თქვა“.როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი პროექტი ასევე აცოცხლებს ტრამპის ბრენდსა და საქართველოს შორის უცვლელ ისტორიას.„2012 წელს ტრამპის ორგანიზაციამ გამოაცხადა უძრავი ქონების პროექტის გეგმები შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში, თუმცა, კომპანიამ უკან დაიხია ამ პროექტიდან და სხვა მრავალი საგარეო გარიგებიდან, რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა, თავიდან აეცილებინა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობა”, – წერს გამოცემა.„უოლ სთრით ჯორნალი“ სტატიაში საქართველოს ახასიათებს ქვეყნად, რომელიც ცდილობს ურთიერთობების დაბალანსებას და ხელსაყრელი პირობების შექმნით კაპიტალის მოზიდვას.„თავად საქართველო გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე პოზიციას იკავებს, აბალანსებს რა ურთიერთობებს დასავლეთთან და ამავდროულად თავს ართმევს დაძაბულობას რუსეთთან. ბოლო წლებში ის ასევე ცდილობდა უცხოური კაპიტალის მოზიდვას ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადების და მზარდი ტურიზმის სექტორის პოპულარიზაციით“, – წერს გამოცემა.როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იქნებიან ქართული კომპანიები – Archi Group-ი და Biograpi Living-ი.

ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ

დღეს მართლმადიდებლები კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას აღნიშნავენ.ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:ტროპარიდაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაჲ აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ, ყოველთა აღდგომაჲ, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდითა შენითა წყალობითა.კონდაკიგამომეძიებელითა მარჯუენითა გუერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შე-რაჲ-ხვედ კართა დახშულთა, და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი, დიდებაჲ და ქებაჲ აღდგომასა შენსა, ყოვლადძლიერო.იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღსდგა“ — „ჭეშმარიტად!“ „ჭეშმარიტად აღსდგა!“ „ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!“აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს და დიდი მადლით იმოსება. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ – ჩვენი მებრძოლები დარჩებიან ბრძოლის ველზე ჩახმახზე თითებით, რათა უპასუხონ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმებულ ათდღიან ცეცხლის შეწყვეტას „პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს“.ამასთან, მათი თქმით, შეურაცხმყოფელია, რომ აშშ-მა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, თუმცა ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო.დაჯგუფება ასევე აცხადებს, რომ მისი მებრძოლები „დარჩებიან ბრძოლის ველზე ჩახმახზე თითებით“, რათა უპასუხონ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას.„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია შემდეგი „ხუთი პუნქტის“ შესრულება: აგრესიის სამუდამოდ შეჩერება მთელ ლიბანში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით; ისრაელის მტრის გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან საზღვრებამდე. პატიმრების გათავისუფლება; მცხოვრებლების დაბრუნება თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში ისრაელის საზღვრამდე; ქვეყნის აღდგენა არაბული და საერთაშორისო მხარდაჭერითა და ეროვნული პასუხისმგებლობით.„ჰეზბოლა“ ღიაა ლიბანის ხელისუფლებასთან სრული თანამშრომლობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, მანამდე, „სქაი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას” ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17 აპრილს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.

სტუ-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს, რომელიც დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, უფლებამოსილება შეუჩერდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულზე, რომელიც უნივერსიტეტის თანამშრომელია განცხადებას ავრცელებს.სტუ აღნიშნავს, რომ მას შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვა სახის სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა.-ს დაკავების ფაქტს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება არასრულწლოვანთა უფლებების შესაძლო დარღვევას და აღნიშნავს, რომ მსგავსი შემზარავი ქმედებები თავისი არსით ეწინააღმდეგება ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობის და ადამიანური ურთიერთობების ძირითად საფუძვლებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და მიუკერძოებელი სასამართლო განაჩენის გამოტანამდე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან საქმის ყოვლისმომცველი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად.უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ ზ.ა.-ს, რომელიც დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, სამართლებრივი პროცესების დაწყებისთანავე, შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.ამასთანავე, უნივერსიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა, დისკრიმინაცია ან არაეთიკური ქცევა თუ ქმედებები, რაც სრულად ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს, სამოქმედო პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეებში დამკვიდრებულ და ფუნდამენტურად აღიარებულ ნორმებს; თუმცა აქვე დასძენს, რომ შეუძლებელია ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრის (პროფესორი, მეცნიერი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, სტუდენტი) პირადი ცხოვრების შესახებ.უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და ამასთან ერთად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა უმაღლესი პრიორიტეტია და აქვე აცხადებს, რომ დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების სრული დაცვით”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები