სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი არ აპირებს გამოიყენოს ზეწოლის ინსტრუმენტები ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში.
„ჩვენ არ ვაპირებთ ევროკავშირის შანტაჟს და არ ვიტყვით: ჩვენ მივიღეთ შესაბამისი კანონი და მიგვიღეთ მომავალ თვეში. ამ პროცესში ნერვიულობა არ უნდა იყოს“, – თქვა ფაშინიანმა სომხეთ-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მერვე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სომხეთისთვის ეს პროცესი წარმოადგენს შესაძლებლობას, გააგრძელოს რეფორმები და თანმიმდევრულად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში წევრობის საკითხი თავად ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ევროკავშირს შეუძლია, გადაწყვიტოს არ გაფართოვდეს ან გაფართოვდეს გარკვეული ლოგიკით. ჩვენ ვერ მოვახდენთ ზეწოლას სხვის პოლიტიკურ ნებაზე“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სომხეთი მზად არის, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო უარყოფითი სცენარის შემთხვევაში, ქვეყანა მაინც მიიღებს სარგებელს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის გზით.
„ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამ წერტილიდან, მაგრამ გვაქვს სტრატეგია, პოლიტიკური ნება და მომავალი განვითარების ხედვა“, – თქვა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ 2025 წლის 26 მარტს დაამტკიცა კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. 2025 წლის 4 აპრილს კანონს ხელი მოაწერა სომხეთის პრეზიდენტმა.
2025 წლის 2 დეკემბერს ბრიუსელში გაფორმდა სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგი, რომელიც, როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ასახავს არა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებს, არამედ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს სომხეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიას და სოციალურ-ეკონომიკურ მდგრადობას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა მიიწევს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობისკენ, პარალელურად ინარჩუნებს წევრობას ევრაზიული ეკონომიკური კავშირში. მისი თქმით, ვიდრე ეს შეთავსება შესაძლებელია, სომხეთი დარჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად, ხოლო როდესაც ეს შეუძლებელი გახდება, „მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვით იქნება ნაკარნახევი“.

