ევროკავშირი შეშფოთებულია ფინეთში უკრაინული დრონის ჩამოვარდნით, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არ წარმოადგენს საფრთხეს წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა თომას რეინიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ ფინეთში უკრაინული დრონის ინციდენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგია.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მოხდა და სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით. რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული ვართ დრონების შემოჭრით. ასეთ ინციდენტებზე რეაგირება, პირველ რიგში, წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა თომას რეინიერმა.
ამასთან, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, ამ ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა.
„დიპლომატიური თვალსაზრისით, ჩვენი გზავნილი ნათელია. მაშინაც კი, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავზე დრონები დაფრინავენ, მთავარი დამნაშავე რუსეთია. რუსეთის გარეშე ეს არ მოხდებოდა“, – აღნიშნა ანიტა ჰიპერმა.
ცნობისთვის, 29 მარტს რამდენიმე დრონმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ დრონები, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, რადგან იმავე პერიოდში უკრაინა თავს დაესხა რუსეთის სამიზნეებს ლენინგრადის ოლქში, რომელიც ფინეთს ესაზღვრება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის გამო უკრაინამ ფინეთს ბოდიში მოუხადა.

