უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ლათინი პატრიარქისთვის აღდგომის ტაძარში შესვლის აკრძალვა ქრისტიანებისთვის მიუღებელია.
„ეს ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის, მიუღებელია, თუნდაც საომარი მდგომარეობა და უსაფრთხოების ზოგადი ზომები გავითვალისწინოთ. ომს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რომელიმე რელიგიის მიმდევრები ჩვენი საერთო წმინდა ქალაქიდან, იერუსალიმიდან განდევნოს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.
ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილებზე და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. მათივე განცხადებით, მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.

