შაბათი, მარტი 28, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა, რომელიც ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიულ კომპლექსში განთავსდება, ასევე გამოყენებულ იქნება პროექტის – „მდგრადი და მწვანე ბიზნესპრაქტიკების განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში სატრენინგო პროგრამის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ პროექტს “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” “World Vision საქართველოსა” და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ენერგეტიკის ექსპერტი – ფაკულტეტის პროფესორი გია არაბიძე, “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი, ფაკულტეტის პროფესორები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა პროექტის – „მდგრადი და მწვანე ბიზნესპრაქტიკების განვითარება საქართველოში“ – განხორციელების პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც ბიზნესკომპანიის თანამშრომლების, პროფესიული სტუდენტების, პრაქტიკოსი ტრენერებისა და მომავალი სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.

ვიცე-რექტორის განცხადებით, 37800 ლარის ღირებულების თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა, რომელიც “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” სატრენინგო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შეისყიდა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადასცა, უახლოესი მომავლიდან გამოყენებულ იქნება სატრენინგო პროგრამისთვის, ასევე ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისთვის.

“თბური წინაღობის საზომი მოწყობილობის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გადმოცემა მნიშვნელოვანია როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო პროცესის გაძლიერების მიმართულებით. მისი საშუალებით ჩვენს სტუდენტებსა და მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა, რეალურ პირობებში შეისწავლონ შენობათა თბოსაიზოლაციო თვისებები და ენერგოაუდიტის თანამედროვე მეთოდები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების გადამზადება და მათი აღჭურვა როგორც მყარი თეორიული ცოდნით, ისე პრაქტიკული უნარებით. ამით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ენერგოეფექტურობის სტანდარტების ამაღლებას. მადლობას ვუხდით “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მწვანე ბიზნესპრაქტიკის განვითარებას“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

როგორც სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, სატრენინგო პროგრამა, რომელსაც ახლო მომავლიდან ჩაეყრება საფუძველი, ენერგოეფექტური პრაქტიკების დანერგვას შეუწყობს ხელს.

“თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება მასალებისა და სამშენებლო კონსტრუქციების თბური თვისებების განსასაზღვრად, ასევე შენობების ენერგოდანაკარგების ანალიზისა და თბოიზოლაციის შეფასებისთვის. მისი მუშაობის პრინციპი ეფუძნება თბური ნაკადის სენსორს: მოწყობილობა ერთ მხარეს აფიქსირებს კონსტრუქციაში გამავალ სითბოს ნაკადს, ხოლო მეორე მხარეს ზომავს ზედაპირების ტემპერატურებს, რის საფუძველზეც ხდება თბური წინაღობის ზუსტი გამოთვლა. მოწყობილობა აღჭურვილია თბური ნაკადის სენსორით, ტემპერატურის სენსორებით, მონაცემთა ლოგერითა და ანალიზის პროგრამით, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სრულყოფილ დამუშავებას. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო კვლევებში, ისე ენერგოეფექტურობის შეფასებასა და შენობების ენერგოაუდიტში, რაც მომავალში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითად მდგრადი პრაქტიკების დანერგვას“, – აღნიშნა ქეთევან ქუთათელაძემ.

“ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” ხელმძღვანელის თქმით, ცენტრი აქტიურად მუშაობს ენერგოაუდიტის პროფესიული სტანდარტების განვითარებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიმართულებით, რა პროცესშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში შევძლოთ აკადემიურ სივრცესთან მჭიდრო თანამშრომლობა და ისეთი პრაქტიკული რესურსების გამოყენება, რაც რეალურად გააძლიერებს ენერგოეფექტურობის მიმართულებით სწავლებისა და კვლევის ხარისხს. “ენერგოეფექტურობის ცენტრი” აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს ენერგოაუდიტის პროფესიული სტანდარტები და გაიზარდოს კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთობლივად შევქმნათ გადამზადების პროგრამები“, – განაცხადა გიორგი აბულაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დღეს, ირანში მომხდა თავდასხმებს ფერეიდნელი ქართველები  ემსხვერპლნენ-ამის  შესახებ  ირანის ელჩი საქართველოში  ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს

,,რამდენიმე წუთის წინ ფერეიდუნშაჰრის, წარმოშობით ქართველი ირანელებით დასახლებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაიონის, გამგებელს ვესაუბრე. სამწუხაროდ, დღეს ძალზე სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ: ისპაჰანის საცხოვრებელ უბნებზე განხორციელებული უკანასკნელი თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი, გვარად ხუციაშვილი, ონიკაშვილი და ასპანაშვილი. ფერეიდუნშაჰრის გამგებელთან, ბატონ ჰამიდ რაჰიმიანთან საუბრისას, რომელიც თავადაც იქაურია, გამოვთქვი გულწრფელი სამძიმარი. მან მთხოვა, ქართველი ხალხისთვის გადამეცა თავისი გულწრფელი სამძიმარი. ამ სამძიმრის გზავნილში ხაზგასმულია, რომ აუცილებლად უნდა გაიმართოს ამ უკანასკნელი მოვლენებისას დაღუპული წარმოშობით ქართველი ირანელების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიების ჩატარება შესაძლებელია საქართველოში არსებულ რომელიმე ტაძარსა ან მეჩეთში, სადაც დასწრება შეეძლებათ დაინტერესებულ პირებსა და ყველას, ვისაც სურს თანაგრძნობისა და სოლიდარობის გამოხატვა. ჩემი მხრივ, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გამოვხატავ სრულ მზაობას, ვითანამშრომლო ასეთი ღონისძიების გასამართად, ქართველი ხალხის ჩართულობითა და ხელშეწყობით. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო პარასკევს, 3 აპრილს, 10-დან 16 საათამდე, მეგობრულ გარემოში უმასპინძლებს საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურს პატივი მიაგონ მოწამეობრივად დაღუპულთა ხსოვნას და გამოხატონ თანაგრძნობა და სოლიდარობა. ამასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში (ჭავჭავაძის 80) გაიხსნება სამძიმრის წიგნი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დატოვონ ჩანაწერი.აღნიშნული სამძიმრის წიგნი შემდეგ გაიგზავნება ფერეიდუნშაჰრის (წარმოშობით ქართველ ირანელთა მშობლიური კერა) მუზეუმში, სადაც ის დაცული იქნება, როგორც ორი ხალხის ისტორიული ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტი. თქვენი მოსვლა იქნება ირანელი და ქართველი ხალხების მჭიდრო ისტორიული კავშირებისა და სოლიდარობის''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

მარკო რუბიო – ირანში აშშ-ის ოპერაცია გაგრძელდება კვირების და არა თვეების განმავლობაში, ჩვენ მიზნების მიღწევა სახმელეთო ჯარების გარეშე შეგვიძლია

აშშ-ის ოპერაცია ირანში გაგრძელდება კვირების და არა თვეების განმავლობაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ ირანის ნეიტრალიზაციის მცდელობის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში ჯარების განლაგებას, რუბიომ უპასუხა, რომ სამხედრო ტაქტიკაზე არ ისაუბრებს.როგორც აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აშშ-ს შეუძლია ირანში მიზნების მიღწევა „სახმელეთო ჯარების გარეშე“.მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის პასუხი აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე „შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გავრცელდეს“.რუბიოს თქმით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში შესაძლოა, გადასახადის სისტემის დაწესება გადაწყვიტოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამას „მიუღებელს“ უწოდებს და ამბობს, რომ მთელი მსოფლიო „აღშფოთებული“ უნდა იყოს, თუმცა, დასძენს, რომ ქვეყნებმა, რომლებზეც მთავარ საზღვაო მარშრუტზე შესაძლო გადასახადის სისტემა ყველაზე მეტად აისახება, „რაღაც უნდა მოიმოქმედონ“.

აბას არაღჩი – ირანი ისრაელს დანაშაულებისთვის მძიმე ფასს გადაახდევინებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ინდუსტრიულ ზონებზე თავდასხმის გამო ისრაელი მძიმე საფასურს გადაიხდის.აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ისრაელმა დარტყმები განახორციელა ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანაზე, ელექტროსადგურსა და ბირთვულ ობიექტებზე, სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად.„ისრაელის მტკიცება, რომ აშშ-ს თავდასხმასთან კოორდინირებულად მოქმედებდა, ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დიპლომატიისთვის გახანგრძლივებულ ვადას. ირანი ისრაელს დანაშაულებისთვის მძიმე ფასს გადაახდევინებს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ამერიკული მედიის თანახმად, აშშ-მა და ისრაელმა ირანში სამრეწველო და ბირთვულ ობიექტებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს მას შემდეგ, რაც ისრაელი თეირანის წინააღმდეგ კამპანიის „ესკალაციითა და გაფართოებით“ დაიმუქრა. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დარტყმები დაბინძურების საფრთხეს არ ქმნის.

ანდრია ჯაღმაიძე – სასურველია, ახალი პატრიარქის არჩევაზე პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, დაველოდოთ სინოდს, ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს

პატრიარქმა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება როდესაც გადაწყვიტა, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ეს გააკეთა, რათა შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, დაფარული ანდერძი შეიძლება საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.ჯაღმაიძის თქმით, მოსაყდრედ დასახელების შემდეგ მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს, წარმართავდა საქმეებს საპატრიარქოში.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც საკმაოდ აქტიური, ქმედითუნარიანი იყო ბევრი მიმართულებით, ამ პერიოდში, ცხრა წლის წინ დაასახელა მოსაყდრე. ზუსტად მახსოვს დასახელების გარემოებები. ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში არსებობდა დიდი ვნებათაღელვა. იმ ბოლო პერიოდში საკითხი ეხებოდა, სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ. პატრიარქმა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება როდესაც გადაწყვიტა, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ეს გააკეთა, რათა შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, დაფარული ანდერძი შეიძლება, საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს. თქვა, რომ დაფარულ ანდერძში რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ის განუცხადა საზოგადოებას. 2017 წლის 23 ნოემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება, დღეს ჩვენ გვყოლოდა მოსაყდრე, რვა წელზე მეტი გავიდა, მეცხრე წელია და მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს, წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში. დღეს საქართველოში ყველა მღვდელმთავარი არის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე. მის პერიოდში ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა. ამიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის საყურადღებოა, რადგან ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დანარჩენი იმ პროცედურით გადასაწყვეტია, რომელიც მართვა-გამგეობის დებულებაში არის გაწერილი. გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდი ყველა მონაწილე წევრის ნების მიხედვით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.რაც შეეხება პატრიარქის არჩევის საკითხს, ჯაღმაიძის თქმით, წმინდა სინოდი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებების ზედმიწევნითი დაცვით აირჩევს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს.„წინ გვაქვს რა, აუცილებელი პროცედურა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, გარკვეული დისკურსი და ვნებათაღელვა შეინიშნება ზოგიერთ სატელევიზიო ეთერებში და ზოგიერთ პოლემიკაში. ღირსეულად ჩატარება ამ აუცილებელი პროცედურისა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, ასევე არის ღირსეული გაგრძელება გლოვის, პატრიარქისადმი პატივის მიგებისა, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოიჩინა. პროცედურა დამოკიდებული არ არის სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს-პატრიარქს გამოირჩევს წმინდა სინოდი გაფართოებულ კრებაზე. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, სინოდის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების წედმიწევნითი დაცვით წარმართავს პროცესს. სწორედ სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს. ამიტომ, სასურველია, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა, პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს, რომელიც ჩვენი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებების ზედმიწევნითი დაცვით წარიმართება. პატრიარქის არჩევის პროცედურა გაწერილია ზედმიწევნით საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში. ეს არის გარკვეული პროცედურა, რომლის მომზადებაც ევალება მოსაყდრეს. 39 მღვდელმთავარი, სინოდის წევრი ხმის მიცემით არჩევანს აკეთებს სამ დასახელებულ კანდიდატს შორის“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

„უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს…“ – ევროპის ჩემპიონს, ლაშა დგებუაძეს შვილი გარდაეცვალა

ევროპის ჩემპიონის, ლაშა დგებუაძის შვილი, ირაკლი დგებუაძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.„კიდევ ერთი ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი ამბავი…საქართველოს ძიუდოს ტიტულოვანი ოჯახის წევრს, ლადო დგებუაძის, უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს - შვილი გარდაეცვალა…სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე… შეუძლებელია იპოვო ის სიტყვები, რომლებიც ოდნავ მაინც შეამსუბუქებს ამ უმძიმეს დანაკარგს.მთელი გულით და სულით ვიზიარებ მის მწუხარებას. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვისთვისაც ეს ტკივილი პირადულია.უფალმა გაანათლოს“, - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები