თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს მოთხოვნაც არის მხილება იმისა, რომ საქართველოში გარე ძალებმა ღირებულება დაცლილი და იდეოლოგია არეული ხალხის ჯგუფი შექმნეს.
„საუბრობენ დამნაშავეებზე, რომლებსაც მისჯილი აქვთ სასჯელი, ცდილობენ მაღალი მატერიებით ისაუბრობენ ამ საკითხზე – პატიება, შენდობა – ოღონდ ავიწყდებათ მთავარი კომპონენტი პატიებისაც, შენდობისაც. მთავარი კომპონენტი შენდობის არის სინანული, თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა. პატიება სინანულის გარეშე არის დანაშაულის გამართლება და არა სიკეთე. არაერთხელ ითქვა, ამას ფორმალურ-სამართლებრივი მხარეც აქვს, პროკურატურა ყოველთვის აცხადებს, რომ ის ვინც მზად არის აღიაროს დანაშაული, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, პროკურატურა მზად არის ასეთ ადამიანებთან იყოს რბილი, მაგრამ არა, საქმე ის არის, რომ მათ სჭირდებათ საკრალული მსხვერპლები და მათში ვგულისხმობ მათ შორის გარე ძალებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

