ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად აღვნიშნავთ წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღეს. ეს არის თარიღი, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი, ასევე კაცობრიობის მდგრადი განვითარების მიმართულებით. წყალი არის სიცოცხლის საფუძველი, ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა და სტრატეგიული რესურსი, რომლის მართვაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილება, ურბანიზაციის ზრდა, წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენება და დაბინძურება ის პრობლემებია, რომლებიც გვაიძულებს, კიდევ უფრო ღრმად და პასუხისმგებლობით მივუდგეთ წყლის მართვის საკითხებს. თანამედროვე მსოფლიო სწრაფად იცვლება და ამ ცვლილებებთან ადაპტაცია შეუძლებელია ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობის გარეშე. სწორედ სტუდენტები წარმოადგენენ იმ ინტელექტუალურ და ინოვაციურ ძალას, რომელსაც შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოსთვის ახალი ხედვების, მიდგომებისა და ტექნოლოგიების შეთავაზება. მივესალმები წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ფორუმს, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს და წარმატებას ვუსურვებ ღონისძიების მონაწილეებს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისთან დაკავშირებულ სპეციალურ მიმართვაში აღნიშნა.

 

სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ მეხუთე ფორუმს ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, მეცნიერები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ბექა ბარბაქაძე; კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (gwp) ინტეგრირებული მართვის სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო სულხანიშვილი; შპს „ენგურჰესის“ ტექნიკური დირექტორი პაატა ცინცაძე, წყალმომარაგების, ენერგეტიკის და ჰიდროინჟინერიის სფეროების სპეციალისტები, ექსპერტები, სექტორებში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.

ღონისძიება, რომელიც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისა და ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გახსნა.

როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, ფორუმზე წყლის ინჟინერიის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის სამეცნიერო-ტექნოლოგიური გზები განიხილება, სადაც საკუთარ ხედვებს ერთმანეთს უზიარებენ მეცნიერები, პრაქტიკოსები და ახალგაზრდა თაობა. მისივე თქმით, საქართველოში 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება, ქვეყანაში 26 060 მდინარე, 860-მდე ტბა, 786 მყინვარი, 44 წყალსაცავი და 8 ჩანჩქერია.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენს მეცნიერებთან ერთად სტუდენტების როლი წყლის ინჟინერიის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის სამეცნიერო გზების ძიების პროცესში. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში ჩართვას. სასწავლო პროცესთან ერთად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო პროექტებში, იმუშაონ თანამედროვე ლაბორატორიებში და ითანამშრომლონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტებთან. ეს გამოცდილება მათ პროფესიულ ცოდნას უღრმავებს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები არ შემოიფარგლონ მხოლოდ თეორიული ცოდნით. წყლის რესურსების მართვა მოითხოვს კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ ხედვას, სადაც ინჟინერია, ეკოლოგია, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სწორედ ამ მრავალმხრივი ცოდნის შერწყმა ქმნის საფუძველს მდგრადი და ეფექტიანი გადაწყვეტილებებისთვის“, – განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.

ფორუმზე მკვლევრებმა და სპეციალისტებმა განიხილეს თემები, რომლებიც ეხმიანება ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს: ფერადი მეტალურგიის ჩამდინარე წყლების მძიმე მეტალებისგან გაწმენდის ინოვაციური ტექნოლოგიები – მდგრადი განვითარების პერსპექტივები; წყლისმიერი ეროზიული პროცესების პროგნოზირებისათვის ნიადაგ-გრუნტის ძირითადი მახასიათებლების დადგენა; წყალსაცავში ღვარცოფული ტალღების პროგნოზირებისა და კაშხლის გადავსების რისკების შეფასებისთვის მიახლოებითი ანალიტიკური დამოკიდებულებები; წყალმომარაგების ექსპლუატაციის თანამედროვე გამოწვევები – მიწისქვეშა წყლების დაცვა დაბინძურებისა და დაშრეტისაგან. შავი ზღვისა და მასში ჩამავალი მდინარეების თანამედროვე ხარისხის შეფასება; საქართველოს მინერალური წყლების რესურსული პოტენციალი და მათი რაციონალური გამოყენება; საქართველოს წყლის რესურსების ენერგეტიკული ათვისების პრიორიტეტები; წყლის რესურსების დაცვა და სასმელი წყლის გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიები; კოლხეთის დამშრობი სისტემების მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისთვის გასაწევი დანახარჯების ნომენკლატურა და მათი გაანგარიშების ნორმები.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს ფორუმის ორგანიზატორებმა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებული ახალგაზრდები, ასევე, წლევანდელი წყლისა და მყინვარების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა და სტუდენტთა მე-3 ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პედაგოგებისა და სტუდენტების მიერ ერთობლივი ძალებით გამოცემული საფაკულტეტო ჟურნალის მეორე ექსპერიმენტული გამოშვება გადაეცათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიებში ჩართული იყო მთელი რადიკალური ოპოზიცია და როდესაც სინანულს გამოთქვამენ, რომ არ იყვნენ სამების ტაძარში დაკრძალვის დღეს,...

პატრიარქის დაკრძალვის დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება, საპატრიარქოს თხოვნაც იყო ეს და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სამოქალაქო პანაშვიდი ყოფილიყო ორგანიზებული, არავითარი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა, ბუნებრივია, საზოგადოების წარმომადგენლების სეგრეგაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.„რაც შეეხება დამსწრე პირთა სიას – იქ, დამსწრე ადამიანები იყვნენ ხელისუფლების ოფიციალური თანამდებობის პირები, იყვნენ უმეტესად სასულიერო პირები, სტუმრები, მათ შორის, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები. იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოების წარმომადგენლები და ამასთან ერთად, ვიყავით ხელისუფლების წარმომადგენლები. იყო როგორც ხელისუფლება, პოზიცია, ისე ოპოზიცია, მათ შორის, მთელი ფრაქციით იყო მიწვეული იგივე ბოლოს შემოერთებული გახარიას პარტია, ანუ არავითარი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა, ბუნებრივია, საზოგადოების წარმომადგენლების სეგრეგაცია. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ დაკრძალვის დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, ეს იყო საპატრიარქოს თხოვნაც, რომ სამოქალაქო პანაშვიდი ყოფილიყო ორგანიზებული დაკრძალვის დღესაც. ანუ, ნებისმიერ ადამიანს ჰქონოდა სამების ტაძარში შესვლის და უშუალოდ ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა. შეგახსენებთ, რომ უშუალოდ დაკრძალვის დღეს იყო ასევე ადამიანების უწყვეტი ნაკადი უზრუნველყოფილი. შესაბამისად, თუ ვინმეს სურდა სამების ტაძარში შემოსვლა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველას ჰქონდა ამის შესაძლებლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.მისივე განცხადებით, რაც შეეხება კონკრეტული პირების მიწვევას, რომლებსაც დღეს არ აქვთ არავითარი ოფიციალური სტატუსი, არც ფორმალური და არც მორალური თვალსაზრისით არ არსებობდა ამ ადამიანების მიწვევის მყარი კრიტერიუმები.„რაც შეეხება საგანგებოდ კონკრეტული პირების მოწვევას, საუბარია არსებითად ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებსაც დღეს არ აქვთ არავითარი ოფიციალური სტატუსი, ფორმალური თვალსაზრისითაც მაინცდამაინც მყარი კრიტერიუმები არ არსებობდა ამ ადამიანების მოსაწვევად, შესაბამისად, ვცდილობ, ობიექტური კრიტერიუმებით შევაფასო მათი მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხი, ეს ერთი. და მეორე – ვფიქრობ, მორალური თვალსაზრისით, ვინც ჩამოთვალეთ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ მაინცდამაინც მყარი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამების ტაძარში და გეტყვით, რატომ ვფიქრობ ამას – კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმ კამპანიებს, რომლებიც წარიმართებოდა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ ამ წლების განმავლობაში. ამაში იყო ჩართული პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით მთელი რადიკალური ოპოზიცია. შეიძლება, ვიღაც პირდაპირ არ მონაწილეობდა თავისი უშუალო განცხადებებით ამაში, მაგრამ როდესაც ავლენ ლოიალობას კონკრეტული კამპანიებისა და იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც ამ კამპანიას აწარმოებენ, ეს ხომ ნიშნავს თანამონაწილეობას. მაგალითად, შეგახსენოთ მინდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ წარმოებული კამპანია საპატრიარქოს წინააღმდეგ – კონკრეტული წარწერა გაკეთდა საპატრიარქოს კედელზე, გამეორებასაც არ ვაკადრებ ჩემს თავს ამ ტექსტის და მთელი კამპანია აწარმოეს ამის გარშემო, სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს ეს წარწერა საპატრიარქოზე. აჩვენებდნენ მხარდაჭერას ამ წარწერისა და ამ კამპანიის მიმართ. ასევე მინდა, შეგახსენოთ,  იგივე ტელეკომპანია როგორ აშუქებდა კონკრეტულ ყოფილ მეუფეს პეტრე ცაავას, არ ვიცი რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ამ განცხადებაზე, სრული ლოიალობის და მხარდაჭერის დემონსტრირება იყო და ამის შემდეგ, ამ კატასტროფული განცხადების შემდეგ პეტრე ცაავა გახდა ამ ტელევიზიის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი. და რა თქმა უნდა, ამის მიმართ ლოიალური იყო ყველა იმ პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება, რომელიც საკუთარი თავის დაკავშირებას ახდენს ამ ტელევიზიასთან. ისინი არიან ერთი ძალა და ყველანი იყვნენ ჩართულები ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. ამის შემდეგ, როდესაც ისინი სინანულს გამოთქვამენ, რომ არ იყვნენ სამების ტაძარში პატრიარქის დაკრძალვის დღეს, როცა შეეძლოთ როგორც სამოქალაქო პირებს შესულიყვნენ ტაძარში, ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა. სხვა შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს. არც ერთხელ არ გამიჯვნიან კონკრეტულ ტელეკომპანიას, არც ერთხელ არ გამიჯვნიან ამ კამპანიის ავტორებს და ეს კამპანია არ იყო ფრაგმენტული, ეს იყო სისტემური კამპანია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანქანა ქალს დაეჯახა – თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მიხეილ სააკაშვილი – სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია

სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პატრიარქის დაკრძალვა გადაიქცა “ცალმხრივ პარტიულ და ივანიშვილის ოჯახურ” ღონისძიებად.„ასე მოქმედებს ნამდვილი მაფია, შევხედოთ როგორი იყო ქრონოლოგია:2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა ჩხარტიშვილი მიუგზავნა პატრიარქს გადადგომის შეთავაზებით. პატრიარქის უარის შემდეგ, მას აუგორეს "ციანიდის სკანდალი", შემდეგ ის დათანხმდა მოსაყდრის დანიშვნას. ამის შემდეგ მეუფე პეტრეს თაოსნობით პატრიარქზე განხორციელდა დიდი პროპაგანდისტული შეტევა. პატრიარქი დაიცვა სინოდმა. სინოდის წინააღმდეგ ააგორეს კრებსების სკანდალი. სუს-მა გამოჟონა დოკუმენტები, რომელშიც ძალიან არასახარბიელოდ ჩანდა სამღვდელოების ბევრი წარმომადგენელი. მალევე მოხდა პატრიარქის სრული იზოლაცია. მაკონტროლებლების გარეშე, მასთან არცერთი ინფორმაცია არ შედიოდა და არ გამოდიოდა, ვერც ვერავინ შედიოდა. 2024 წელს სცადეს ეკლესიისთვის სახელმწიფო უწყების სტატუსის მოხვევა, სინოდის წინააღმდეგობის შემდეგ, რეჟიმმა დროებით უკან დაიხია. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ივანიშვილმა მოისურვა, რომ პატრიარქი მისი ნების საწინააღმდეგოდ არა სიონში, არამედ სამებაში დაეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება სიონში მხოლოდ ერთი ხმით ჩავარდა.და ბოლოს, პატრიარქის დაკრძალვა გადაიქცა, ცალმხრივ პარტიულ და ივანიშვილის ოჯახურ ღონისძიებად.სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია.ასე იცის ჯაყომა...”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძე – ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული

ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას.„ჩვენს საზოგადოებაში ცდილობდნენ გარდა სიძულვილისა, ყალბი იდეოლოგიის დანერგვას და ამის ნაწილი იყო პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მათ შორის კამპანიები, რომლებიც წარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ, პირადად პატრიარქის წინააღმდეგ, სასულიერო პირების წინააღმდეგ. ეს კამპანიები დამარცხდა ამ დღეების განმავლობაში და ამის გამოხატულებაც იყო ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეებში. ეს დღეები იყო კონკრეული ნიშანი ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას. ეს არის ნიშანი იმისა, რომ არა მარტო სიძულვილი ვერ დაამარცხებს სიყვარულს და პირიქით იქნება აუცილებლად, არამედ ვერავითარი ყალბი იდეოლოგია ვერ დაამარცხებს საქართველოში ქრისტიანობას.ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული. ამ კამპანიებს კიდევ ერთხელ გავიხსენებ. მიზანმიმართული იყო ეს კამპანიები, კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ზოგადად ავტორიტეტებს ებრძვიან, ეს არის დამახასიათებელი ამ იდეოლოგიისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი. თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში და დღემდე პატრიარქი, დედა ეკლესია სარგებლობდა გამორჩეული ავტორიტეტით და ამიტომ იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამ კამპანიების სწორედ ეკლესია, სასულიერო პირები, თუმცა საბოლოო ჯამში ყველამ დავინახეთ, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია ასეთი კამპანიების წარმატება ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნორვეგიის ელჩი – ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია

ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია, - ამის შესახებ საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერლიო ჰოვლანდი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ელჩი აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ მოდელს ამყარებს.“ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება ამყარებს საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ პატერნს და შლის გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივ ნდობას”, - წერს ჰოვლანდი.ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ბოლო სიახლეები